
მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ „რუსთავი „2“-ის ეთერში თავის მოვლის მარტივ საშუალებებზე ისაუბრა და ქალბატონებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა:
.
– არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. სახლის პირობებში ვცდილობ, რომ ყველაფერი მოვახერხო, რაც ეხება სახის კანს, თმას და, მოკლედ, შევეცდები, რომ მაყურებელს, ქალბატონებს, გავაცნო ჩემი რეცეპტები.
პანდემიიდან გამომდინარე, გადმოვინაცვლე სოფელში. ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ არის სიწყნარე, სიმშვიდე. ჩემი დილა იწყება ლინონიანი წყლით. პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა მაკიაჟის კეთება და ეს არც თუ ისე კარგია სახის კანისთვის. პანდემიის პერიოდში გამიჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ მიმეხედა ამ ჩემი კანისთვის.
ჩემმა შვილმა გამომიწერა პროდუქტები, ძალიან ხელი შემიწყო, იმიტომ, რომ უნდა, დედა არ დაბერდეს არასდროს. ძალიან საინტერესოა, იცით, ბუნებრივი აქსესუარებია, ნატურალური ქვის და ამას თითქმის ყოველდღე ვიყენებ, ვიკეთებ მასაჟს. არ ვიცი, შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ ვგრძნობ, რომ განსხვავებულად გამოვიყურები და ამას ყველა აღნიშნავს. ამას სჭირდება სულ რაღაც 10-15 წუთი მაქსიმუმ. თუ ეს 15 წუთიც არ გაქვთ, 5 წუთიც საკმარისი იქნება, რომ გაიკეთოთ სახის მასაჟი. შეიძლება ამას დაერქვას ლიმფოდრენაჟ, რომელიც ხსნის შეშუპებას, სახის ფერს აწესრიგებს და ბევრად უკეთესად გამოიყურებით.
რაც შეეხება ნიღბებს, ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ უმარტივესი – ეს არის სეზონური ხილი და ბოსტნეულიც კი. მაგალითად, მარწყვი, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ ვიტამინს. ეს უბრალოდ შეგიძლიათ მოკბიჩოთ და დანარჩენი, რაც გრჩებათ, წაისვათ სახეზე და ცოტა ხანს გაიჩეროთ. იგრძნობთ, რომ თბილი წყლით რომ ჩამოიბანთ, მართლა რაღაცნაირი, სხვაგვარია კანი. მარწყვის შემთხვევაში თუ დავუშვათ, ალერგიული ხართ, მაინც ჯობია, რომ ფრთხილად იყოთ, რამე რეაქცია არ მოგცეთ სახეზე.
თმა ჩემი სიამაყეა, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ, რომ არ ვიღებავ. რა თქმა უნდა, მაქვს ცოტა ჭაღარა, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას და არც ვაპირებ, რომ შევიღებო. როცა იქნება, 100 წლის მერე გავჭაღარავდები, ვიქნები ჭაღარა, ძალიან მომწონს ქალბატონები, რომლებიც ასე ბუნებრივად გამოიყურებიან თავიანთ ასაკში. ვცდილობ, რომ მოვუარო. არაჩვეულებრივია ეს ნიღაბი თმის ზრდისთვისა და სისქისთვის, ხოლო ინგრედიენტები არის ასეთი:
- ერთი ჩაის კოვზი ზეთისხილის ზეთი
- ერთი ჩაის კოვზი კონიაკი
- კვერცხის გული.
შეგიძლიათ თუ გაქვთ, თაფლიც დაამატოთ, არაჩვეულებრივი იქნება. ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევთ, დაიდებთ და გაიჩერებთ 40 წუთიდან ერთ საათამდე. შემდეგ ჩამოიბანთ და მართლა რაღაც საოცარს ხდის თმას. ეს ნიღაბი უწყობს ხელს თმის ზრდას, აჩერებს ცვენას, ბზინვარებასაც მატებს და ბოლოებიც არ არის ისეთი გაუხეშებული.
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვცდილობ მივაქციო თმას, მოვუფრთხილდე და დავაფასო ის, რომ ასე კარგად გამოიყურება ჩემს ასაკში, ვანებივრებ ჭინჭრის ნახარშითაც. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია ეს ჩემთვის, იმიტომ, რომ აქ ვარ, სოფელში და შემიძლია გავიდე, მოვწყვიტო, აუცილებლად ხელთათმანით, იმიტომ, რომ საშინლად დამსუსხა რამდენჯერმე და ვაყენებ ჩაიდანში. ძალიან კარგი იქნება ამ ნიღბის მერე თავს რომ დაიბანთ, გადაივლოთ ჭინჭრის ნახარში, რომელიც მართლა საოცრებაა თმისთვის.




