საზოგადოება

„10 წუთში კი ისეთი რამ დავინახე…“

28 აგვისტოს, მარიამობას „ნელიკო ტური“ განსაკუთრებული მოგზაურობისთვის ემზადება - გრანდიოზული სამზადისი დაწყებულია!

,,ნელიკო ტურს“ აქვს ასეთი ტრადიცია – ყოველ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, როცა ჩვენ ტურისტულ კომპანიას აქვს იუბილე, მივდივართ სვანეთში, მოვილოცავთ უშგულის ,,ლა მარიას“, იგივე წმინდა მარიამის ტაძარს, ღვთისმშობელს შევთხოვთ ქვეყნის, ჩვენი ხალხის და პირადად ჩვენი ოჯახების დღეგრძელობას, მზეგრძელობას, სიკეთეს, მშვიდობას, წარმატებებს და საღამოს, ოჯახური სასტუმროს ჩვენ მიერ სადღესასწაულოდ გაფორმებულ ეზოში, ულამაზესი, სვანური კოშკების ფონზე, ვიხდით დაბადების დღეს.

.

იუბილე ორიგინალური რომ გამოგვივიდეს, ზოგჯერ დრესკოდსაც ვაწესებთ. მაგალითად, ერთ-ერთ დაბადების დღეს, დრესკოდით,  ბოშური სამოსი იყო დაწესებული – ზოგმა დაგვიჯერა და მომთაბარე ქალების კაბით გამოცხადდა, თუმცა დასწრებაზე არც მათთვის გვითქვამს უარი, ვინც ამის მოხერხება ვერ შეძლო.

ამ დღეს ტორტს, სამწვადეს და გართობის გეგმას საკუთარ თავზე ვიღებ, დანარჩენზე კი ჯგუფის წევრები ზრუნავენ და, ჯამში, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იუბილე გამოგვდის.

გადაწყვეტილი მაქვს, ეს ტრადიცია არ შევცვალო და სანამ ,,ნელიკო ტური“ იარსებებს და იმედი მაქვს, სულ იარსებებს, ყოველი წლის 28 აგვისტო ამ რეჟიმში გავატარო… მოკლედ, როგორც ერთ-ერთ ცნობილ ფილმშია: ,,უ ნას ესტ ტაკაია ტრადიცია. კაჟდი ნოვიმ გოდომ  მიი იდიომ ვ ბანიუ“. ჩვენი საქმეც ასეა…

წელს მეოთხე დაბადების დღეს გადავიხდით მესტიაში, ლუბა ვიბლიანის ოჯახის საუკეთესო სასტუმროს ეზოში. გასულ წელს შეგვპირდნენ, რომ ეზოს უკეთ მოვლილსა და გალამაზებულს დაგვახვედრებენ. რა თქმა უნდა, ყოველი წელი წინაზე უკეთესი უნდა იყოს, ყოველი დაბადების დღე – წინა იუბილეზე შთამბეჭდავი. ისე მიყვარს ჩვენი დღეობა, წლის დასაწყისიდანვე ვიწყებ ფიქრს, როგორ უნდა გამოვეწყო, ჯგუფს როგორ უნდა ეცვას, რით გავაფორმოთ გარემო, რა ვიმღეროთ და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, გრანდიოზული, წინასწარი მზადება მაქვს ხოლმე.

წელს რეალურად რა და როგორ იქნება, აგვისტოს ბოლოს გეტყვით, 5-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, როცა სვანეთიდან დავბრუნდებით და როცა კიდევ ერთხელ დავლაშქრავთ ფეხით საქართველოში ყველაზე მაღალ მწვერვალს – ულამაზეს, მუდამ თეთრი ,,თმით“ შემოსილ შხარას. სვანურ ენაზე შხარა ცხრას ნიშნავს და მის ქედზე არსებულ მრავალ მწვერვალზე მიუთითებს. სწორედ შხარას ძირში, საუკუნოვან ყინულებში იბადება წყალუხვი მდინარე ენგური, რომელიც კაშხალში შედის და ელექტროენერგიით გვამარაგებს.

1963 წელს შხარას მთავარი მწვერვალიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფი და მთამსვლელი, გურამ თიკანაძე. ტურის ფარგლებში, რა თქმა უნდა, თიკანაძის მუზეუმსაც ვნახულობთ და მისი სახლის მაღალი კოშკიდანაც გადავხედავთ ხოლმე სვანეთის საოცარ გარემოს. უშგულის საოცრებებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ის ყველამ საკუთარი თვალით უნდა ნახოს.

ჩვენი ტურის აუცილებელი მოთხოვნაა, როგორც იქაურები უწოდებენ, თამარ მეფის საზამთრო კოშკთან ასვლა, საიდანაც წერტილივით მოჩანს დიდებული მეფექალის, მთის წვერზე მდგომი საზაფხულო კოშკი. როგორც სვანები ამბობენ, თამარ მეფის ნეშტიც აქ, სვანეთის მთებში განისვენებს, მისი საფლავი მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივმა იცის და თითოეულ მათგანს სამსხვერპლოზეც რომ დაადებინო თავი, ამ საიდუმლოს ვერ გაათქმევინებო.

უშგულის გზაზე, მდინარისპირას მდგარი ე.წ. სიყვარულის კოშკი და თევზებადქცეული, უზომოდ შეყვარებული წყვილის საინტერესო, ცრემლისმომგვრელი ლეგენდა ყოველ ჯერზე მისტიკურ სამყაროში მამოგზაურებს. ცხადია, ზღაპრულ ქორულდის ტბებსაც ვერ გამოვტოვებ, რადგან ის ჩვენი ტურის ერთ-ერთი სვანური მარგალიტია. წარმოიდგინეთ, დგახართ ლურჯად მოკამკამე ტბასთან და რკალად  ბუმბერაზი მთები გახვევიათ… იქ მისასვლელად „დელიკებისა“ და ,,ჯიპების” ციცაბო გზებზე რბოლა ხომ ცალკე სანახაობა და ადრენალინთან ომია…

როგორც ჩანს, ამ ულამაზესმა მთებმა სიყვარულიც საკმაოდ ვნებიანი იციან და ამიტომაა, ყველა ლეგენდა ქალ-ვაჟის ტრფობას რომ უკავშირდება. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, გოროზი მთა – უშბაც   ვაჟი იყო, ულამაზესი თეთრნულდის მთა კი – გოგო. ისინი სხვადასხვა სოციალური ფენიდან იყვნენ. ბიჭი ღარიბი გლეხის შვილი გახლდათ, გოგო – მდიდარი მამის პატრონი, მაგრამ სიყვარულმა ხომ ასაკი, გარეგნობა და ამქვეყნიური მატერიების გათვალისწინება არ იცის. ის ხომ ზებუნებრივი და ყველა ყოფითზე აღმატებული გრძნობაა, რომელიც ხშირად დაფრინავს და არ დადის…

უშბა-თეთრნულდის შეყვარებული წყვილი მანამდე იყო ბედნიერი, სანამ მათ ცხოვრებაში ქალის მამის ქვენა გრძნობები ჩაიხლართებოდა და სურვილი გაუჩნდებოდა, მისი შვილი მდიდარი კაცისთვის გაეყოლებინა. ამ ლეგენდაშიც, საბედნიეროდ, ბოლოს მაინც ძლიერი სიყვარული იმარჯვებს. წყვილის სურვილით ისინი ისე გაქვავდნენ, რომ სამარადჟამოდ ერთმანეთის ყურებითა და ფერებით ტკბებიან.

არა, რაა, მისტიკური სვანეთი სულ სხვაა… უნდა გამოგვყვე და ძირფესვიანად ნახო. ისე მიკვირს, ისე, როცა ზოგი 5 დღეს სვანეთისთვის ზედმეტად მიიჩნევს. მეც ხშირად მთხოვენ 3-დღიან სვანეთის ტურს… არადა ერთი თვეც არ ეყოფა სვანეთის სურნელის სრულად შეგრძნობას, მისი სიდიადის გასიგრძეგანებასა და იქ არსებული ღირსშესანიშნაობების ნახვას. რა 3 დღე, ხალხო, ხუმრობთ?! ვინც 3-დღიან ტურებში იყავით, ან აპირებთ წასვლას, ჩათვალეთ, რომ სვანეთი არ გინახავთ …

სვანეთზე როცა ვსაუბრობ, თითქმის ყოველთვის მახსენდება ერთი ამბავი და ახლაც მომინდა, ეს ყოველივე თქვენც მოგიყვეთ. მოკლედ, ტურით პირველად მივდივარ სვანეთში კახეთიდან. წნორიდან მესტიამდე, სამეგრელოს გავლით, დაახლოებით 580 კილომეტრია. ლენტეხის და ,,ზაგაროს“ უღელტეხილის გავლით კი შედარებით ნაკლები – 490-500 კილომეტრი, მაგრამ გზა რთულია და ნაკლებად უსაფრთხო. ჩვენც ყოველ ჯერზე ბრძნული ანდაზის მიხედვით ვიქცევით და შორ გზას ვირჩევთ, მესტიაში მშვიდობით რომ ჩავიდეთ.

ერთ მთლიან დღეს იქითობის გზა ,,ჭამს“ თავისი სანახაობებით და მეორე დღეს – აქეთობის გზა და აბა, ერთ დღეში სვანეთის ნახვა ვის გაუგონია? 12-საათიან მგზავრობას კი, გინდა-არგინდა, დაღლა ახლავს ხოლმე, ამიტომ, ჯგუფს მოგზაურობა რომ გავუადვილო, ტრანსპორტშივე ვააქტიურებ ტურის შემეცნებით ნაწილს – ,,მარშუტკის“ კარს ზურგით მიყრდნობილი ვყვები ისტორიებს, მითებს, ლეგენდებს, ზოგჯერ ერთად ვმღერით, ვცეკვავთ, ვპიკნიკობთ და ბოლოს და ბოლოს დანიშნულების ადგილზე ჩავდივართ.

ჰოდა, მაშინაც ასე მივდიოდით გრძელ გზაზე სვანეთისკენ. გურჯაანის გადასახვევთან ტურში ორი სიმპათიური ქალბატონი შემოგვიერთდა. უკანა სკამზე ორი ადგილი იყო დარჩენილი და იქით მივუთითე. მათი დაჯდომიდან 10 წუთიც არ იქნებოდა გასული, ერთ-ერთმა გაღიზიანებული ტონით რომ დამიძახა, იცით, რაა, უკვე ძალიან უკმაყოფილო ვარო. მოულოდნელობისგან სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე, რადგან ვერ მივხვდი, 10 წუთში ისეთი რა უნდა დამეშავებინა, რომ მათი წყენა გამომეწვია, მაგრამ, საბედნიეროდ, ნეგატიურ ,,განცხადებას“ ახსნაც მალევე მოაყოლეს – ტრანსპორტში ვყანყალებთო.

ეს სიტყვები გულს იოტისოდენად, მაგრამ მაინც მოესალბუნა. ვიფიქრე, მთლად ჩემი მიზეზით არ განაწყენებულან-მეთქი და საჭესთან მჯდომ მძღოლს, დათოს, იგივე ,,კაკალას“ გადავხედე. ის უკვე სარკიდან აკვირდებოდა ,,ამბოხებულებს“. მცირე პაუზის შემდეგ კი თითქმის თავისთვის ჩაიდუდუნა: ,,რა ვიცი, 15 წელია, ტურისტები დამყავს და ჩემს მანქანაში აქამდე არავის უყანყალია“. მერე საკუთარი ისტორიული ფრაზაც დააყოლა: ,,სიტკბოს რა სჯობია, ვეცდები, უკეთ ვატარო“.

არ ვიცი, დათო როგორ ცდილობდა მანქანის უკანა სავარძლების ყანყალის შეჩერებას სხვადასხვა მთავრობების მიერ ათასჯერ ,,დაკერებულ“ ცენტრალურ გზებზე, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება, პირადად, საინტერესო ისტორიის მოყოლით გადავწყვიტე. ვიფიქრე, გაერთობიან, ყურადღებას ჩემკენ გადმოიტანენ და ყანყალიც დაავიწყდებათ-მეთქი. რადგან გზად ზუგდიდში, დადიანების სასახლეში უნდა გაგვევლო, თავადისა და პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ქალიშვილის, ჩემთვის მამაცი ქალის ეტალონის, ,,ბამბებში“ – ლექსებსა და ფუფუნებაში გაზრდილი, შემდგომში სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის, ეკატერინე ჭაჭავაძის ისტორიის მოყოლა დავიწყე. ვყვები მისი ქალიშვილობის ამბებს, ტატოსთან დაკავშირებულ სიყვარულის ისტორიას, შემდეგ დავით დადიანის ტრფობას ჭავჭავაძის ასულისადმი და რეზიუმეს ვაკეთებ ეკატერინეს საბოლოო არჩევანზე, რომელიც ახალგაზრდა პოეტისთვის, ,,მერანის“, ,,ფიქრნი მტკვრის პირას“, ,,შემოღამება მთაწმინდაზე“ და სხვა უკვდავი შედევრების ავტორისთვის, სიკვდილზე მტკივნეული იყო.

ამ სასიყვარულო ისტორიაში ყველაზე საინტერესო და პარადოქსული მაინც ის მგონია, რომ ნაღალატევი ტატოს პოეზიას მზის სინათლე ბოლოს მაინც ,,მოღალატე“ ქალმა მოჰფინა. ხშირად გამიგონია ფრაზა, ,,ეკატერინე რომ არა, ქართულ მწერლობას არ ეყოლებოდა ახალგაზრდულ წლებში გარდაცვლილი დიდი პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, იგივე ტატო და ვერც მის იმედით გაჯერებულ სიტყვებს გავიმეორებდით – ,,გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი და ნიავს მიეც, ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი…“.

ჰოდა, ვყვები ამ ამბებს და შიგადაშიგ თვალს ,,მოლაყლაყე“ ამბოხებულისკენ ვაპარებ. მაინტერესებს, დადებითად მოქმედებს ჩემი საუბარი, თუ ისევ ნაწყენები არიან. ყოველ ჯერზე ერთ-ერთის მეტად გაბრაზებულ სახეს ვეჩეხები, რომელიც მე მომჩერებია და არა დათოს. რა ვიცი, აქამდე თითქოს მისი ყანყალი მანქანის ბრალი იყო, მაგრამ რატომღაც ის მაინც ჩემზე გაბრაზდა. მე კი საოცრად არ მიყვარს, როცა ჯგუფის ერთი წევრიც კი მცირედით მაინც რაიმეზე უკმაყოფილოა, რადგან ძალას და ენეგიას არ ვიშურებ, ,,ნელიკო ტურის“ მოგზაურები კმაყოფილები დავტოვო. ალბათ აქვე აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ტურის მთელი კეთილდღეობა მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული და გზაზე ან სასტუმროში შესაძლოა ისეთი ,,სიურპრიზი“ დამხვდეს, საუკუნე ვიფიქრო და მაინც ვერ მოვიფიქრო.

მაგალითად, ერთხელ ორი „მარშუტკით“ მივდიოდით ძამას ხეობაში და მეორე დაჯავშნული ტრანსპორტი, რომელიც ლაგოდეხიდან უნდა გამოსულიყო წნორში, დილის 5 საათზე თბილისის მგზავრებით გავსებული მომადგა. მძღოლმა თავი იმით იმართლა, რომ თურმე ეგონა, ტურის მონაწილეების დიდი ნაწილი თბილისიდან მყავდა და მანაც  დამატებითი შემოსავალის წყარო უცებ გამოძებნა.

ერთხელაც, საახალწლო ტურში სასტუმროს დიასახლისმა წყლის გამაცხელებელი გაფუჭებული დამახვედრა და როცა საყვედური ვუთხარი, კარისკენ მიმითითა – თუ არ მოგწონს, წაიყვანე შენი ტურისტები და სხვაგან გადადიო. ახალი წლის ღამეს სად უნდა მეძებნა სხვა სასტუმრო, ამიტომ ჩემი ჯგუფის წევრების საყვედურიც მე გადავიტანე და გაყინულ წყალში ჭურჭელიც პირადად ვრეცხე.

,,ყანყალით“ შეწუხებული ქალბატონის გაბრაზებულმა მზერამ ისე იმოქმედა, რომ თანდათან სიტყვები ,,დავკარგე“, აზრს თავი ვეღარ მოვუყარე და თხრობა შევწყვიტე. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ტურის საფასური დამებრუნებინა მათთვის და თავისი გზით გამეშვა, მაგრამ ამის გაკეთებაც ვერ გავბედე. ვიცოდი, მე უფრო მეტად ვინერვიულებდი, ვიდრე ისინი.

ასე, ნერვების გლეჯვით ჩავაღწიეთ სვანეთში. საოჯახო სასტუმროთიც უკმაყოფილონი დარჩნენ ,,აბუნტებული“ ქალბატონები. რა არ ვეცადე, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში ხასიათი ვერაფრით გამოვუკეთე – ცალკე ჭამდნენ, ცალკე სვამდნენ და ჯგუფს სათოფეზე არ ეკარებოდნენ. ამასობაში 28 აგვისტო, მარიამობაც დადგა. ამ ორი განაწყენებული ქალბატონის გარდა, მთელი ჯგუფი იღებდა ეზოს მორთვა-მოკაზმვაში მონაწილეობას. მალე მწვადიც ავაშიშხინეთ, ისინი კი ოთახში იყვნენ შეკეტილი და ვინ იცის, რას არ ფიქრობდნენ ჩვენზე. მეც არ ვიყავი კარგ დღეში, მსგავსი ინციდენტი ჯერ არ გადამხდენოდა (ახლა იცოცხლეთ, გამოვიბრძმედე) და გამოსავალს ვერ ვპოულობდი.  აღარც მემღერებოდა, აღარც მეცეკვებოდა… არადა ათასი სახალისო გეგმა მქონდა შედგენილი ამ დღისთვის.

სუფრას მივუსხედით, კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, შევთხოვეთ, მაგრამ არა, არ უნდათ ჩვენთან და გათავდა! დღემდე არ ვიცი, რამ მიკარნახა, რომ მათი ,,მორჯულება“ ,,სიტკბოს რა სჯობია“ დათოსთვის დამევალებინა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი, რომ იმ დღეს, ამ გადაწყვეტილებით, ასიანში გავარტყი. დათო ზოგჯერ ძალიან დამჯერია, მხოლოდ ზოგჯერ და არა ყოველთვის. მიხვდა, რომ ვნერვიულობდი, ამიტომ უთქმელად ადგა სუფრიდან და მამაცად გასწია სასტუმროს მეორე სართულისკენ, სადაც განაწყენებული ქალბატონების ოთახი იყო. 10 წუთში კი, ღმერთო დიდებულო, ისეთი რამ დავინახე, მეგონა, ტკბილ სიზმარში ვიყავი. კიბეებზე ჯერ დათო მოდიოდა, შემდეგ კი მხიარული სახეებით ორივე მოჰყვებოდა. მოვიდნენ და ისე შემოუერთდნენ სუფრას, თითქოს მანამდე ჩვენ შორის მხოლოდ შავი, გამწარებული კატა არ დარბოდა.

,,ამბოხებული“ ქალბატონების შემორიგების სასიხარულო ტალღა მთელ ჯგუფს გადაედო. აღმოჩნდა, რომ შეფარვით ყველა განიცდიდა ამ ამბავს. გავმხიარულდით, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ. მე და მზიამ წინასწარ მომზადებული ,,დუეტი“ – „ციგანკური“ დავუარეთ. როგორც ჩანს, ისე კარგად გამომივიდა, ზოგიერთებს თურმე მოცეკვავეც ვეგონე… მოკლედ, ჩაგვეხუტნენ, ჩავეხუტეთ და ისე დავბრუნდით კახეთში, ერთმანეთს მხოლოდ ,,თაფლსა და შაქარს“ ვთავაზობდით. პირველი დადებითი კომენტარიც მათ დაწერეს. მერე კი ისე დავმეგობრდით, ერთ-ერთი მათგანი სოფლის სახლში სტუმრადაც მეწვია. საბოლოოდ, ორივე იდეალური ქალბატონი აღმოჩნდა, უბრალოდ, მაშინ ერთმანეთს ვერ გავუგეთ.

ხომ ამბობენ, ნაცნობობის პირველი შთაბეჭდილებები ყოველთვის მცდარიაო, ადამიანთან ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამო, მის ავკარგიანობაზე რომ ისაუბროო. ჰოდა, ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. იმას რა სჯობია, ამა თუ იმ ამბავს, კეთილი ზღაპრის მსგავსად, ბოლოც კეთილი რომ აქვს. იმედია, ერთ დროს ,,აჯანყებულები“ ახლა უკვე ჩემი კარგი მეგობრები, ამ ამბის გახსენებას და საჯაროდ გამოფენას არ მიწყენენ და დღეს უკვე ხალისით მოსაგონარ ამბავს თავადაც მიუწერენ სასურველ კომენტარს.

ამ ამბის შემდეგ 4 წელი გავიდა, მაგრამ რამდენჯერაც ვიხსენებ, იმდენჯერ მიჩნდება სურვილი, დათოს ის ჯადოსნური სიტყვები დავტყუო, რომლის ძალამაც, მარიამობას, ,,ნელიკო ტურის“ იუბილეზე, განდეგილი ქალბატონები ოთახიდან ჩვენთან ჩასახუტებლად გამოიყვანა. ჩვენს მძღოლს მას შემდეგ ხშირად ვეკითხები, მაგრამ არ მეუბნება. აბა, თქვენ მითხარით, რა შეიძლება ეთქვა ,,კაკალას“?

სიყვარულით, ,,ნელიკო ტურის” ნელიკო, ციკლიდან: ,,მოგზაური გიდის ჩანაწერები”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close