„ძალიან ეჭვიანი ვარ, შემიძლია უსაბაბოდაც ვიეჭვიანო“
„ჩემი მეუღლე ისეთი რომ იყოს, როგორიც მე ვარ, საერთოდ როგორ გავძლებდი, არ ვიცი“ - რას ყვება გიორგი ძოწენიძე ოჯახზე

ჯგუფ „ურსას“ სოლისტმა, მომღერალმა გიორგი ძოწენიძემ გადაცემაში „ნოესთან“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა – მშობლებზე, ძმაზე და მეუღლეზე, მია მაჩაბელზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს – ანიტა და ანდრია.
.
-დავიბადე თბილისში, პირველ სამშობიაროში, ჩვეულებრივ, სტანდარტულ თბილისურ ოჯახში. მამაჩემი წარმოშობით ტყიბულიდან არის. უნივერსიტეტში გაიცნო დედაჩემი, რომელიც თბილისიდან არის, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაოჯახდნენ. ჯერ შეეძინათ ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 6 წლით უფროსია. ჩემი ძმა წარმატებულია ექიმია, გერმანიაში საქმიანობს და ძალიან საამაყო ადამიანია ჩვენი ოჯახისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. მამაჩემი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. სკოლა იქ დაამთავრა და სახლიც გვაქვს სოფელ ძიროვანში…
მე და მიას ძალიან თანამედროვე ისტორია გვაქვს, სოციალურ ქსელში გავიცანით ერთმანეთი. ჩვენს საერთო მეგობართან შევხვდი თავიდან, უბრალოდ დავინახე, არც გამიცნია, ვიზუალურად ძალიან მომეწონა.
ბავშვობის მერე, ის იყო პირველი გოგო, რომელთანაც იმდენად დავიბენი, პირველ პაემანზე რა უნდა უთხრა, რომ არ იცი.
ჩვენი ისტორია ძალიან სწრაფად განვითარდა. ერთმანეთი რომ გავიცანით, დაახლოებით ერთ თვეში შევხვდით და დაიწყო პანდემია. პანდემია რომ დაიწყო, ჩვენ ვერსად დავდიოდით. რესტორნებიც დაკეტილი იყო, გარეთ სეირნობაც შეზღუდული იყო. სულ ერთად ვიყავით, ხან მასთან ეზოში, ხან ჩემთან. 6-7 თვის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. დღეში 8-9 საათს ერთად ვატარებდით.
ძალიან ეჭვიანი ვარ, ოღონდ არასდროს საბაბს არ მაძლევს, მე შემიძლია უსაბაბოდაც ვიეჭვიანო. ვინმემ თუ რაღაც სხვანაირად შეხედა მიას, შემიძლია ძალიან დავიძაბო, მაგრამ ჩემი მეუღლე იმდენად ჭკვიანურად იქცევა და იმდენად კარგად მიცნობს, რომ არასდროს მაეჭვიანებს.
ჩემი მეორე ნახევარი ისეთი რომ იყოს, როგორიც მე ვარ, საერთოდ როგორ გავძლებდი, არ ვიცი. მია არის გმირი. მე ისეთი პროფესია მაქვს, ვიღაცამ კომპლიმენტი რომ მითხრას, ყოველთვის ვეუბნები – შენ გენაცვალე. მე ჩემი მსმენელი უფრო მიყვარს, ვიდრე მათ ვუყვარვარ. ამას რომ ხედავს მია, მე იგივე სითბოს რომ ვუბრუნებ, ძალიან რთულია, – ყვება გიორგი ძოწენიძე გადაცემაში „ნოესთან“.




