4 წლის ლილე მოულოდნელად გარდაიცვალა
„მამასთვის უთქვამს, წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა ბავშვი, რომ.. ამბობენ, გული გაუსკდაო“

დიდი ტრაგედია მოხდა სამტრედიაში, სადაც 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ უმძიმეს ფაქტს ადგილობრივები ადასტურებენ და ვერ ამბობენ, რა გახდა ამხელა ტრაგედიის მიზეზი.
.
გოგონა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაბა კულაშში ცხოვრობდა და როგორც ამბები,ჯი-ისთან საუბარში ადგილობრივი ამბობს, ამ დილით ხელში ჩააკვდა მშობლებს. ყველაფერი ისე უცებ დატრიალდა, რომ პატარას სასწრაფოს ბრიგადამ ვერ მოუსწრო.
-ამ დილით მოხდა ეს საშინელი ფაქტი. მიზეზი არ ვიცი. ბავშვს რამდენიმე თვის წინ რაღაც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი, რა ოპერაცია გაუკეთდა. დღეს დილით ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში. არ ვიცი, რა ვთქვა, საშინელება დატრიალდა, ერთადერთი შვილი ჰყავდათ, მალე 5 წლის გახდებოდა. მართლა საშინელება მოხდა. როგორი საყვარელი ბავშვი იყო ლილე, ჩემი შვილიშვილების ტოლია და რამდენჯერ ქუჩაში ვნახავდი, ვეფერებოდი. ახლოს ცხოვრობენ ჩემს სახლთან, მაგრამ ისე განვიცადე ეს ამბავი, ჯერ მათ სახლში სამძიმარზე ვერ შევედი.
ჩემი მეზობლები არიან, ჩვენთან გაზრდილია მამამისი, მისი ბაბუა ძალიან კარგი ადამიანია. მიჭირს იქ მისვლა, როგორ ვუთხრა სამძიმარი. საშინელება ტრიალებს…
ჯანმრთელი ბავშვი იყო, საგანგაშო დაავადება მას არ ჰქონია და არ ვიცი, ეს რატომ უნდა დატრიალებულიყო. დილით მამამისი თურმე სამსახურში მიდიოდა, ბავშვს გაუღვიძია ამ დროს და მამასთვის უთქვამს, წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა ბავშვი, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა. ამბობენ, გული გაუსკდაო. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. როგორ უნდა ანუგეშო ადამიანმა ეს ოჯახი, რომელიც ამ მწარე რეალობის წინაშეა დღეს. რამდენჯერ მყავს ნაფერები, როგორი საყვარელი პატარა იყო”, – ამბობს ამბები.ჯი-ისთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ დაბა კულაშში, ვლადიმერ სოხანეიშვილი.
„კვირის პალიტრა”