საზოგადოება

,,კაცი, რომელიც ქონებების “ახევის” პროცესში მონაწილეობდა, დღეს, დავით სარაჯიშვილის იდეალებით გვესაუბრება”

,,თავი ილია ჭავჭავაძე ჰგონია.
საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ამ კაცის რეინკარნაცია. ჩვენ აღარ გვინდა კასტები 2020 წლის პარლამენტში. ამ კაცის მნიშვნელოვანი დამსახურებაა მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება, ჭარბვალიანობა, იპითეკაში ჩარჩენილი ქონებები. ბევრი რამ. საინტერესოა, ვის გვეძახის ამ ორგანიზაციაში? რა სოციალურ ფენას? ამ კაცს ჰგონია, რომ მილიონებით საკუთარი სახელის რეაბილიტაციას შეძლებს? ორი გზაა- ან ამის შემდეგ კვირიკაშვილთან, მარგველაშვილთან ან ალასანიასთან ერთად ახალ პარტიას შექმნის, ან მათ ახალ შექმნილ პარტიას დააფინანსებს. მერე მოვა პარლამენტში ბიზნესების, გარიგებების, საკუთარი ფულის და ინტერესების ლობისტად!
ჩემი აზრით, ხაზარაძე არის დღეს მთავარი დამფინანსებელი ყველა იმ ჯგუფის, ვინც 20 ივნისის სამართლიანი პროტესტი, საბოლოოდ, “ომის პარტიის” ინტერესებად აქცია. ხაზარაძე არ არის მართალი კაცი, არც ქვეყანასთან და არც ხალხთან. მას არ უნდა მიეცეს ნდობა არც ერთ სარბიელზე. ეს არის ჩემი პოზიცია, როგორც ამ ქვეყნის რიგითი ამომრჩევლისა და მოქალაქის, რომელიც კარგად ჩახედულია იმაში, რაც ზედაპირზე არ დევს. ვემიჯნები ყველა ადამიანს, ვინც ამ კაცის ღირსებებზე და სიმართლეზე ხელს მოაწერს. კაცი, რომელიც 2012 წლამდე აქტიურად მონაწილეობდა ქონებების “ახევის” პროცესში ხელისუფლებასთან ერთად, დღეს დავით სარაჯიშვილის იდეალებით ესაუბრება საზოგადოებას.

საქართველოში 40 მართალი ადამიანი იყო, არის და იქნება! ეს საქართველოა!” _ წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, – ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ ფესბუქის გვერდზე წერს.

მისივე განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

„ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო – სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს. სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

 

 

Related Articles

Back to top button
Close