საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის განცხადება მამუკა ნოზაძის მიმართ მოსამართლის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე

ადვოკატთა ასოციაციის განცხადება:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2022 წლის 3 ნოემბერს გორის რაიონულ სასამართლოს სხდომის დარბაზში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომელიც საქმის განმხილველი მოსამართლის მხრიდან ადვოკატის მიერ სოციალური მედიით გავრცელებული პირადი მოსაზრებების განხილვა-შეფასებას შეეხება.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებით, მის მიმართ საჯაროდ, პროცესში მონაწილე და დამსწრე პირების თანდასწრებით მოსამართლის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ და მუქარანარევ გამონათქვამებს, რაც ადვოკატის მიერ სოციალურ მედიაში საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს უკავშირდებოდა და რაც არანაირად არ ეხებოდა სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას.
გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ადვოკატები სხვა მოქალაქეების მსგავსად სარგებლობენ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. მათ უფლება აქვთ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რაც უკავშირდება მართლმსაჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს, იყვნენ კრიტიკულნი თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვისას ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშემშლელი ფაქტორების მიმართ, ხოლო, ამ უფლებათა რეალიზაციისას იმოქმედონ იურიდიული პროფესიის აღიარებული ეთიკური სტანდარტებით.
მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო პროცესის დროს ადვოკატთან პოლემიკა, მის მიერ სოციალური ქსელით გამოთქმულ პირადი მოსაზრებების შეფასება-ანალიზის კუთხით, რაც საერთოდ არ უკავშირდება განსახილველ საქმესა და სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის საკითხებს, აზიანებს იურიდიული პროფესიისა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.
მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების პროფესიათა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომათა დარბაზში იმოქმედონ კოლეგიალობის პრინციპის დაცვითა და პროფესიათა შორის დიალოგის სულისკვეთებით, ხოლო, რაიმე სახის წინააღმდეგობრივი გარემოებებისა თუ კონფლიქტური სიტუაციის არსებობის შემთხვევაში საკითხი განიხილონ არა პირადად, არამედ იურიდიულ პროფესიათა შესაბამისი ეთიკური ფორმატების მეშვეობით.
ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით შეისწავლის ადვოკატის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს, გაეცნობა სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ამსახველ აუდიო ოქმს და ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა თუ მის მიმართ არაკოლეგიალური ქცევის არსებობის შემთხვევაში სათანადო სამართლებრივ პროცედურებს მიმართავს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close