საინტერესო

ამომწურავი ინფორმაცია მცხეთურ ღვეზელზე

მცხეთური ღვეზელი ნამდვილ ბრენდად იქცა

ა ბატონო დაპირებული, ამომწურავი ინფორმაცია მცხეთურ ღვეზელზე …
ყველასათვის კარგად ნაცნობი ე.წ. მცხეთური ღვეზელის ისტორია, ჩვენამდე მოღწეული უტყუარი ინფორმაციით, XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ამბავი კი ასეთია: მცხეთაში მცხოვრები გეგეჭკორების ოჯახი, ხბოს ხორცისგან უგემრიელეს ღვეზელებს ამზადებდა. ჯერ, ვიწრო სამეზობლო-საახლობლო წრემ, მოგვიანებით კი, მთელმა მცხეთამ გაიგო გემრიელი ღვეზელების შესახებ. გეგეჭკორებმა ამ საქმით მცირედი ფულის შოვნაც გადაწყვიტეს და ყველასგან მოწონებული ღვეზელების გაყიდვა მცხეთის რკინიგზის სადგურში, ერთ პატარა ჯიხურში დაიწყეს. სავაჭროდ, მეტად სტრატეგიული ადგილი აღმოჩნდა, რადგან, სადგურში ყველაზე ბევრი ადამიანი იყრიდა თავს და მცხეთაში დროებით გაჩერებული მგზავრებიც სწორედ გეგეჭკორების ღვეზელებს ეტანებოდნენ, რამაც მალევე საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ამ მარტივ და სწრაფ საკვებს.
საინტერესოა, რომ გეგეჭკორების ოჯახში არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცებიც ჩართულნი იყვნენ ღვეზელების მომზადების პროცესში და საკვები, რომელიც მხოლოდ საოჯახოდ მზადდებოდა, უნებლიედ, ქართული კულინარიული სექტორის ერთ-ერთ პოპულარულ და მოთხოვნად საკვებად იქცა. ამ საქმეში კი უდიდესი წვლილი, ჩვენ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისა თუ უბრალო ტურისტისთვის მეტად პოპულარულ და ნაცნობ, „მცხეთის საჭაშნიკეს“ – იგივე „მცხეთის სალობიეს“ მიუძღვის.
1967 წელს, ამ გასტრონომიული ცენტრის გახსნა, პირდაპირ დაკავშირებული იყო ისტორიული მცხეთის ტურისტულ მარშრუტთან, რადგან, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერების შემდეგ (რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა), ტურისტები ვერსად ახერხებდნენ მცირედ წახემსებასა და მოსვენებას (მთელი დღით დაქანცულ ვიზიტორებს, თბილისში დაბრუნებამდე არ ჰქონდათ კვებისა და სულის მოთქმის საშუალება, რაც ყოვლად წამგებიანი და გაუმართლებელი იყო ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით).
სწორედ, ამ უმთავრესი მოტივით გადაწყდა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს – მცხეთის ისტორიულ-კულტურულ საიტზე, ერთიანი მარშრუტის კონტექსტში, საჭაშნიკე/სალობიეს გახსნა ვიზიტორთათვის. კონკრეტული ადგილის შესარჩევადაც, დამფუძნებლები, პატარა ისტორიულ ფაქტს დაეყრდნენ.
მცხეთის საჭაშნიკე/სალობიეს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე (ტურისტები აქ მცირე ხნით უნდა გაჩერებულიყვნენ და დიდი სმა-ჭამა არ უნდა გაემართათ), საგანგებოდ მოხდა მისი მენიუს შერჩევაც, რომელშიც მხოლოდ 2 კერძი იყო შედიოდა – ამ დროისთვის უკვე მეტად პოპულარული და პირდაპირ მცხეთასთან ასოცირებული ზემოხსენებული მცხეთური ღვეზელი და ხაჭაპური.
ამ გასტონომიულ სივრცეში, მცხეთური ღვეზელი უკვე ნამდვილ ბრენდად იქცა, რომელიც ორგანულად ჩაჯდა ერთიანი კულტურული მარშუტის კონტექსტში: ისტორიული ძეგლების დათვალიერების შემდეგ, ვიზიტორები, ადგილობრივი პოპულარული საკვების – მცხეთური ღვეზელის დაგემოვნებით ამთავრებდნენ ქალაქის მონახულებას.
სწორედ, გეგეჭკორების ღვეზელი აღმოჩნდა მთავარი საყრდენი და ორიენტირი მთელ ამ გასტრონომიულ კონცეფციაში, რისთვისაც მიიწვიეს კიდეც იმ დროისთვის უკვე 95-წელს მიტანებული გეგეჭკორების ოჯახის უხუცესი წარმომადგენელი. მან იქვე აღინიშნა, რომ ეს რეცეპტი დედამთილისგან ჰქონდა შესწავლილი და რომ ეს დიდი ტრადიცია მათ ოჯახში – თაობიდან თაობას უწყვეტად გადაეცემოდა როგორც ქალების, ისე მამაკაცების ხაზით.
საჭაშნიკე/სალობიეში ღვეზელებს, გარკვეული პერიოდი, თავად მოხუცი გეგეჭკორი ამზადებდა, ხოლო შემდგომ ეს ცოდნა მან დაწესებულების მმართველს – დიმიტრი ალავიძეს გადაულოცა.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close