ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ფასიანი გახდა _ ,,ეს ნიშნავს, რომ იზღუდება ხელმისაწვდომობა”

„მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. ზარების მონიტორინგის მიზნით თქვენი საუბარი იწერება. გაცნობებთ, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია“ –  ამ შეტყობინებას მოქალაქეები  ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე 15 05-  დარეკვისას ისმენენ. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უწყებასთან დაკავშირებას ადამიანები ანგარიშზე თანხის არ არსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი არაფერში არ წერია. „ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზის ფუნქციაა, რომ ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. აქ რეკავს ადამიანი, ვისაც სოციალური ან ჯანდაცვის მხრივ გაჭირვება აქვს. ამისთვის იყო შექმნილი. ცხელი ხაზი თუ ფასიანი გახდა, ეს იქნება უდიდესი ბარიერი ადამიანებისთვის, რადგან იზღუდება ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუ ეს ფასიანი გახდა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება“-აცხადებს ჩიხლაძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  მას ამის შესახებ არასდროს სმენია და  ეს გადაწყვეტილება  უპრიანი ნამდვილად არ არის. „ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყევტილება რატომ მიიღო, აუცილებლად უნდა განმარტოს.ალბათ  საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა, სამინისტროს ბიუჯეტს თანხები შეეკვეცა თუ რა მოხდა არ ვიცი, ეს უნდა განმარტონ “-აცხადებს ზოიძე. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარეკვა მობილური ოპერატორიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნომრიდან დაკავშირება ფასიანი ახლახანს გახდა, რასაც კომპანია „სილქნეტი“ განსაზღვრავს.

წყარო: commersant.ge

Related Articles

Back to top button
Close