საზოგადოება

შავებში ჩაცმული მსახიობები და თეთრი ლენტები წარწერით: ,,ბნელა” (ვიდეო)

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა (უკვე ყოფილმა) ელენე მაცხონაშვილმა და მსახიობებმა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტექტო, მდუმარე აქცია გამართეს. როგორც აღმოჩნდა, ისინი მარტო იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცვად. აქციაზე, მათ გვერდით ვერც რომელიმე უფლებადამცველი ვიხილეთ და ვერც ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელიც, წლების მანძილზე იყო დავით ოქიტაშვილი. მოგეხსენებათ, ოქიტაშვილი ამჟამად პროფკავშირის ხელმძღვანელის სკამისათვის იბრძის და როგორც ჩანს, უფლებაშელახული ხელოვანებისთვის არ სცალია. 

  აქციის მონაწილე 8 მსახიობი შავებში იყო გამოწყობილი, თავზე კი თეთრი ლენტი ეკეთათ, რომელზეც ეწერა: ,,ბნელა”. ისინი, ბოლო დროს თეატრში განხორციელებული საკადრო ცვლილებების ფორმას აპროტესტებდნენ.

 ,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს ჟურნალისტი ელენე ნაცხონაშვილს ესაუბრა:

  _ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეწინააღმდეგები ცვლილებას, მათ შორის არც ჩემს ცვლილებას. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ცვლილების ამ მეთოდს და ხერხს, ვგულისხმობ კულტურის სამინისტროს მიერ დადგმულ ძალიან ცუდ და უნიჭო სპექტაკლს.  2017 წლის ზაფხულში, აგვისტოში ჩატარდა საქართველოში მოქმედი  23 თეატრისთვის  სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი,  თუმცა მანამდე,  დაახლოებით 6 თვით ადრე, კულტურის სამინისტროში  დაიგეგმა, რომ აუცილებელი ცვლილება უნდა მომხდარიყო ორ თეატრში _  თუმანიშვილის თეატრსა და თოჯინების თეატრში.

   _ რატომ, რამ განაპირობა ეს?

_ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ვითხოვ  კულტურის მინისტრთან ღია ეთერში დაჯდომას. სახელდახელო ბრალდებები გაჟღერდა, პრეტენზიები აქვთ ჩვენს მენეჯმენტთან და სწორედ  ამ საკითხებზე მინდა კულტურის მინისტრთან პირდაპირ ეთერში საუბარი. ასევე,  ჩვენთან მიმდინარეობს მშენებლობა და მე მაქვს კითხვა: პრობლემა ისაა, რომ მე ცუდად ვერკვევი, თუ ის, რომ მე ზედმეტად კარგად ვერკვევი ამ ყველაფერში ?!

თოჯინების თეატრის გარდა, კიდევ 2 თეატრი იყო, რომელშიც  ცვლილებები აუცილებელობას წარმოადგენდა, ვინაიდან  წინა ხელმძღვანელებმა თავად დატოვეს  პოსტები და შესაბამისად, თეატრებს ფუნქციონირებისათვის სჭირდებოდა ახალი ხელმძღვანელები, მაგრამ თუმანიშვილის თეატრსა და თოჯინების თეატრში  ცვლილებები  დაიგეგმა დიდი ხნით ადრე და ორივეგან  აბსოლუტურად ერთნაირი გეგმით ხდებოდა ამ მიზნის განხორციელება _  ერთსა და იმავე პერიოდში კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის  შემოუშვეს ორივე თეატრში.  სამწუხაროა, რომ ჩვენთან არასდროს მოსულა ხელოვნების დეპარტამენტი და  არ ჩაუტარებია მსგავსი კვლევა.  კულტურის სამინისტროს აუდიტი იქცა დამაშინებელ სამსახურად.  რა თქმა უნდა, ვერ აღმოაჩინეს რაიმე სახის ფინანსური დარღვევა, მაგრამ  მიუხედავად ამისა, მე  მაინც გავაპროტესტე აუდიტის  ეს დასკვნა, როგორც  მინისტრის სახელზე, ისე საჯაროდ. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ დასკვნას ,,კერავდნენ“ იმიტომ , რომ  შემდგომში  სარეკომენდაციო საბჭოზე მოეხდინათ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს  ასეც მოხდა და მინისტრს დღესდღეობით აქვს ძალიან არაარგუმენტურებული პასუხი ჩვენთან. რაც მთავარია, მინდა აღვნიშნო,  რომ თუ მე ვარ  ცუდი მენეჯერი, მაქვს პრობლემები და ასე შემდეგ, ამის შესახებ მე უნდა მქონოდა ინფორმაცია მანამდე და მხოლოდ და მხოლოდ ბრძანების  გამოცემის შემდეგ არ უნდა მიმეღო ამის შესახებ ცნობა, ან თუნდაც საყვედური.

   _ ამ აქციაზე  თქვენს გარდა  მსახიობები არიან, ისინი რას აპროტესტებენ?

_ დიახ,  აქ არიან თეატრის მსახიობები და ისინიც არ არიან ეწინააღმდეგებიან კონკრეტულ კანდიდატს, რომელიც მოდის ჩემს ნაცვლად, ვსაუბრობ რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილზე. უბრალოდ ეს მსახიობებიც აპროტესტებენ მეთოდს, ხერხს , სისტემის ამ მახინჯ და მანკიერ ქმედებას. ისინი აპროტესტებენ  არა  იმ მოვლენას, რაც მოხდა არამედ იმას, თუ როგორ მოხდა, რადგან ზოგადად, ჩანაცვლება ძალიან ლოგიკური და ბუნებრივია.  მე რომ მკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან პროგრესულიც,  მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ის გახლავთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.

   _ მაინტერესებს, თქვენი პროტესტის მიზანი რა არის, რას მოითხოვთ?

_ მოთხოვნა არის უცვლელი,  ვითხოვ კულტურის მინისტრთან  პირდაპირ ეთერს, მე მაქვს კითხვები და მჭირდება პასუხები. თუ კულტურის მინისტრს არ აქვს მათზე პასუხები  და არ ჯდება პირდაპირ ეთერში , მაშინ უკვე კითხვა მაქვს პრემიერთან  _  რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

_ ასეთ შემთხვევაში, როდესაც არაკანონიერი გზით ათავისუფლებენ ადამიანებს,  ისინი მიმართავენ ხოლმე პროფკავშირს, თქვენც ხომ არ  მიმართეთ მათ?

_ კი, პროფკავშირმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, იქაც არჩევნებია ახლა და თავიანთი ციებ-ცხელება აქვთ, მაგრამ მათ გააკეთეს წერილი მინისტრის სახელზე, რომელშიც აფიქსირებენ მხარდაჭრას  ჩვენს მიმართ.

 _ მსგავს სიტუაციებში, როგორც ვიცი, პროფკავშირს შეაქვს ხოლმე სარჩელი სასამართლოში და თქვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა?

_ არა და ამის შესახებ, ალბათ, უმჯობესი იქნება, პროფკავშირებს ჰკითხოთ ან მათ წარმომადგენელს.

     _ თქვენ თავად თუ აპირებთ, რომ მიმართოთ სასამართლოს?

_ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა. ვაპირებ, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ეს ცოტა  გრძელვადიანი პროცესია და შედეგის მიღწევაც დაგვიანებული, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, არ გახდეს სისტემა მანკიერი და  არ გადაუაროს ცალკეულ მოქალაქეებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close