საზოგადოება

,,ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ”

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საქმეზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მისი თქმით, ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ აქვს.

,,მე გეუბნებით, რომ ვერ გეუბნებით. არ მაქვს ამისი უფლება. მე ვიცი, რომ ეს არის ჩემი პასუხიმგებლობა და მე ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ”- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

რადიო თავისუფლების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებული შეიწყალა.

კერძოდ, რადიო თავისუფლებამ ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რომლითაც გამოითხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიდან ირკვევა, 17 დეკემბრიდან 27 აგვისტომდე პერიოდში პრეზიდენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რაც “16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას” გულისხმობს.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანების სია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ზურაბიშვილმა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეც შეიწყალა, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

 

 

Related Articles

Back to top button
Close