საზოგადოება

,,მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან” _ დუშეთის გზაზე ამერიკის მოქალაქეები დაიღუპნენ

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეები დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე მათი 4 წლის ვაჟი. რაიან სმიტის მანქანა გზის პირას ნახეს, მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან. მაშველებმა ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ. პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.

სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტი – მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები დაღამების გამო შეწყდა და ხვალ, დილიდან განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.

წყარო: reginfo.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close