საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაკანონება _ მომავალი თაობების დაღუპვის დასაწყისია

 ბოლო პერიოდში, ე.წ. ლიბერალური ფრთის წარმომადგენელთა მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზებაზე. მათი განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზება ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ბიუჯეტის გაზრდას. როგორ აფასებს მათ მოსაზრებას და რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს  ინიციატივა, რომელზეც პარლამენტიც მსჯელობს? ამ კითხვებით უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს მივმართეთ.

– ბატონო გიორგი, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზებას მოითხოვს. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაკანონება მომავალი თაობების გაღუპვის დასაწყისი იქნება. პიროვნება, რომელიც იღებს ამ საწამლავს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება. ის არის დეზადაპტირებული. უფრო ძირეულ, მეცნიერულ განმარტებებს სპეციალისტი მედიკოსები გააკეთებენ, მაგრამ მათი მოსმენა უნდა მოინდომონ.

– საუბარია კანაფის ლეგალიზებაზე, რა უარყოფითი შედეგები აქვს ამ ნარკოტიკს?

– ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ თუ ადამიანმა მოსწია მარიხუანა, მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მთელ სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში იმიტომ არის ცხოვრების დაბალი დონე, რომ უმრავლესობა პროცენტულად კანაფს ეწევა. ეს ნარკოტიკი, იოლად იწვევს განცხრომის გრძნობას, კარგად ყოფნის განცდას, რაც აბრკოლებს, მისწრაფებას აკეთო საქმე და იყო წარმატებული. მარიხუანას ლეგალიზებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მიაჩნიათ, ეს არ არის ისეთი ნარკოტიკი, რომელიც სერიოზულ ზიანს იწვევს. მედიკოსებს ექნებათ სტატისტიკა. მედიცინაში მარიხუანას  “ნარკომანიის კარიბჭეს” ეძახიან.

 – ნარკოტიკის მომხარებელი კრიმინალია და თქვენი აზრით, ეს სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს?

– ნებისმიერი ნარკოტიკის ყიდვა არის დანაშაული. ნარკომანი არის წამალდამოკიდებული ადამიანი, ის არის ავადმყოფი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ვკრათ. პირიქით, უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, რათა მათი სოციალიზაცია მოხდეს. ამისათვის აუცილებელია, შეიქმნას რეაბილიტაციის ცენტრები და სახელმწიფომ ბიუჯეტში ჩადოს შესაბამისი, მნიშვნელოვანი ხარჯები ასეთი სარებილიტაციო ცენტრების სრულყოფილად ასამუშავებლად, თუ საჭიროა მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები.

 – რას ეტყვით მათ, ვისაც ნარკოტიკების ლეგალიზება სურს?

_ რბილად რომ ვთქვათ, ამ ადამიანებს როგორც სჩანს არ აინტერესებს მომავალი თაობების ბედი. ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაკანონების შემთხვევაში მივიღებთ თაობას, რომელსაც არ აინტერესებს საქმე, რომელიც არის ავადმყოფი და რომლის უმეტესობაც გადავა ნარკოტიკზე, რაც საბოლოო ჯამში განადგურებულ და გაუბედურებულ თაობას მოგვცემს და ეს გვინდა?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close