სიღნაღის ამბები

„სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ საფუძველი ეყრება

,,თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად, ივნისის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება"

სამოყვარულო და სახალხო დასებისათვის კულტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტთან ერთად „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ აფუძნებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ უყრიან საფუძველს – ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც მოცემული ინიციატივით სამინისტროს რამდენიმე ხნის წინ მიმართა.
თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის თვის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო ან/და სახალხო დასების, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი, მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან მათი ინტეგრაცია; საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისება და ხელშეწყობა; ქ. სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებითი მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოში მოქმედ სამოყვარულო ან/და სახალხო (მათ შორის, კულტურის სახლებთან არსებული) დასებს; იმ სახელმწიფო და კერძო სამართლებრივი სტატუსის მქონე პროფესიულ თეატრებს, რომელთაც აქვთ/ექნებათ სამოყვარულო/სახალხო დასებთან/თეატრებთან ისეთი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ყველა სუბიექტი თანაბრად არის წარმოდგენილი, ან წამყვანი სამოყვარულო/სახალხო თეატრი/დასია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „სიღნაღის თეატრალური ფესტივალისთვის“ აწესებს პრემიებს შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო სპექტაკლი – გრან-პრი;
2. საუკეთესო რეჟისურა;
3. საუკეთესო სცენოგრაფია;
4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება;
5. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (მამაკაცი);
6. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (ქალი);
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს დამფუძნებლები უახლოეს პერიოდში შეარჩევენ.
ინფორმაციისთვის: ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთკაციანი ჟიური (ორი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სამი თეატრის კრიტიკოსი), რომელსაც, სიღნაღის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ამტკიცებს სამინისტრო. გამარჯვებულების შესახებ გადაწყვეტილებას ჟიური იღებს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.
ბრძანება და კონკურსის წესი: https://cutt.ly/emDDPI8
ფორმულარები: https://cutt.ly/bmDDHce

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close