სესილია თაყაიშვილი – ქართული კინოს ლეგენდა
„რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქალბატონ სესილიას ეკონომიურად უჭირდა“ - რას ყვება ასმათ ტყაბლაძე უფროს მეგობარზე

„სანამ ცოცხალი ხარ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს დაგავიწყდება, საკუთარი ოჯახის წევრები, განა შეიძლება, დედის ხსოვნას ჩრდილი მიადგეს?! ყოველ წუთს ვამბობთ, “დედას გეფიცები”, “ვაიმე, დედა”… ძალიან კარგი დედა მყავდა, მაგრამ დღეს თქვენთან ვისაუბრებ ადამიანზე, რომელთანაც უდიდესი მეგობრობა მაკავშირებდა, მიუხედავად ჩვენ შორის არსებული დიდი ასაკობრივი სხვაობისა”, – ამბობს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე და სესილია თაყაიშვილს იხსენებს.
.
სესიალია, როგორც მეგობარი
– ჩემსა და სესიალია თაყაიშვილს შორის ასაკით დიდი სხვაობა იყო, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ბუნებრივია, სანამ მას გავიცნობდი, ვიცნობდი, როგორც გენიალურ მსახიობს, სტუდენტი ვიყავი და თეატრში სულ დავდიოდი… “მე ბებია, ილიკო და ილარიონი” რომ ვნახე, გავგიჟდი და გადავირიე, ისე მომეწონა. მაშინ თბილისში ბინა არ მქონდა, ვიქირავე და სესილიას კარის მეზობელი აღმოვჩნდი. პირველი შეხვედრისთანავე ჩემ მიმართ ძალიან კარგად განეწყო, მითხრა, რა კარგი გოგო ხარო, რომ გაიგო, მსახიობი ვიყავი, ესიამოვნა. იმ დღიდან მოყოლებული, არ გასულა არც ერთი დღე, მე და სესიალიას კონტაქტი არ გვქონოდა. ისეთი მეგობრები გავხდით, თავის ოჯახთან ერთად მიშვებდა დასასვენებლად. მაშინ სახალხო არტისტებს შეღავათები ჰქონდათ დაესვენათ გაგრაში, ლიკანში… თავად ჩემთან ისვენებდა დუშეთში, დედასთან, ბებიასთან ერთად. ჩვენ ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით.
ღამე რომ არ დამერეკა, ან მასთან არ მივსულიყავი, წარმოუდგენელი ამბავი იყო. კარებს ღიას ტოვებდა, სპექტაკლის შემდეგ დაბრუნებულს ზარი რომ არ დამერეკა და ოჯახის წევრები არ გამეღვიძებინა. ვისხედით ჩვენ ორნი და ვყვებოდით თეატრის ამბებს… მოსწონდა, ამბავს იუმორით რომ ვყვებოდი, იცინოდა. ზოგჯერ ვჭორაობდით კიდეც, საოცარი ადამიანი იყო, საოცარი მეგობარი. ერთხელ ვუთხარი, დეიდა სესიალია, რა უცნაურია, მე ჯერ იმდენი წლისაც არ ვარ, რამდენი წლითაც თქვენ ჩემზე უფროსი ხართ-მეთქი. 79 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან…
სათქმელის პირდაპირ თქმა იცოდა, თუ ჩაცმულობა მოეწონებოდა, აუცილებლად გეტყოდა, რა კარგად გამოიყურები, ლამაზი თვალები გაქვს… საოცარი მეგობარი მყავდა. ჩემს ყველა პრემიერას ესწრებოდა, წამოიყვანდა თავის შვილიშვილს და ძალიან ღელავდა, როგორ ვითამაშებდი. ჩემთვის დედობილივით იყო, ძმასავით მყავდა მისი დათო. ერთხელ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ნემსს ვუკეთებდი, სესილიამ უთხრა, შვილო, ასმათის არ გრცხვენიაო? რის მრცხვენია, ჩემი და არისო…
სადაც მას ეპატიჟებოდნენ, მეც იქ ვიყავი, ჩემი მეგობრები რომ დამპატიჟებდნენ, დეიდა სესიალიაც ჩემთან ერთად იყო. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა ერთხელაც არ მიგრძნია, თანატოლებივით ვიყავით.
პირად ამბებს სულ ვუყვებოდი, ისიც ყველაფერს მიყვებოდა… არაჩვეულებრივი მრჩეველი იყო.
ერთ ცნობილ ადამიანს მის მიმართ უდიდესი სიმპათია ჰქონდა, მაგრამ მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ. ასაკით თანატოლები იყვნენ. ეს პიროვნება რომ გარდაიცვალა, რძალმა მითხრა, თავისი ასაკის ადამიანების გარდაცვალებას ძალიან განიცდის, როგორ ვუთხრათო? მე ვეტყვი-მეთქი, დავპირდი. მივედი დეიდა სესიალიასთან და ვკითხე, ეს ადამიანი გიყვარდათ-მეთქი? არა, კაცო, რა მიყვარდა, წესიერი, კარგი კაცი იყო და ყოველთვის პატივს ვცემდიო. რომ მოკვდეს ის კაცი, ძალიან განიცდი-მეთქი? რაღა დროს განცდააო, ჩაილაპარაკა. ჰოდა, მოკვდა-მეთქი. შენ რა საზიზღარი ხარ, საიდან დაიწყე და სად მიხვედიო… ნათესავი გარდამეცვალა, ზუსტად იმდენი წლის იყო, რამდენისაც სესილია და მისი ასაკი რომ მკითხა, მოვატყუე, 89 წლის იყო-მეთქი, არ მინდოდა, ენერვიულა. დედაჩემისთვის დაურეკავს, სამძიმარი უთქვამს და თან უკითხავს, რამდენი წლის იყოო? დედას ცხოვრებაში ტყუილი არ ჰქონდა ნათქვამი. მერე მე დამირეკა, აფერისტკა ხარ, რატომ მომატყუეო?
ძალიან უბრალო ადამიანი იყო, განდიდების მანია და ქედმაღლობა არასდროს ჰქონია. არ ფიქრობდა, რომ განსაკუთრებული იყო. მსმენია, სესიალიაზე უთქვამთ, რთული პიროვნებააო, მაგრამ ამ აზრს არასდროს ვეთანხმებოდი.
თეატრში ღონისძიებაზე ან ტელევიზიაში გამოსვლა თუ მქონდა, მეტყოდა ხოლმე, ჩემთან მოდი, ტექსტი ჯერ მე წამიკითხეო. ისეთ შენიშვნას მომცემდა, ისეთ სწორ გზას მაჩვენებდა, არ არსებობდა, თეატრში სხვებისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო. ერთხელ რეპეტიციაზე მედეა კუჭუხიძემ მითხრა, დღეს არაჩვეულებრივი იყავიო! მე ხომ ვიცოდი, რომ ამაში დეიდა სესიალიას ხელი ერია, ეს ქალბატონ მედეასაც ვუთხარი… ერთხელ ცნობილმა მსახიობმა მითხრა, სესილიამ კულისებში ისეთი რჩევა მომცა, სცენაზე რომ გავედი, სულ სხვაგვარად ვითამაშეო.
„ხარბი არტისტი არ ყოფილა”
– ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, სულ როლებზე ფიქრობდა, რა როგორ უნდა ეთამაშა. თუ როლში საკუთარ თავს ვერ ხედავდა, უარს ამბობდა, ხარბი მსახიობი არასდროს ყოფილა. შეიძლებოდა ეპიზოდურ როლში შესულიყო, მაგრამ მისთვის მთავარ როლზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო. “დათა თუთაშხიას” გადაღებები რომ იგეგმებოდა, მას სხვა როლი შესთავაზეს, მაგრამ ასინეთა აირჩია. გადაღებისთვის ემზადებოდა, დამირეკა, ჩემთან შემოდიო, მივედი და პერსონაჟის ჩაცმულობით დამხვდა, “ჩესტი” ამიღო. აბა, რა აზრის ხარ, მოგწონსო? მსახიობს სულ აინტერესებს მაყურებლის აზრი, მის ჩანაფიქრს როგორ აღიქვამს? “ცისფერ მთებში” რომ თამაშობდა, გადასაღებ მოედანზე საავადმყოფოდან მიჰყავდათ. ამბობენ, ბებიის როლისთვის კბილები დაიძროო, რაც დიდი სისულელეა.
მაზოხისტი კი არ იყო, კბილები დაეძრო, მას 45 წლის განმავლობაში დიაბეტი ჰქონდა, ამ დაავადებას კი სჩვევია კბილებზე პრობლემები… დეიდა სესილიამ პროთეზი მოიხსნა და ისე ითამაშა. ჯანმრთელი კბილების დაძრობის ამბავი სისულელეა. განა სესილია თაყაიშვილს, როგორც მსახიობს, სხვა პლუსი არაფერი ჰქონდა, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო?!პროთეზთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ. მსახიობები ჯანმრთელობის შემოწმებას “ლეჩკომბინატში” გადიოდნენ. დეიდა სესიალიასაც დაურეკეს, შემოწმებაზე უნდა გამოცხადდეთო. წავიდა. ყველა დარგის სპეციალისტმა გასინჯა და ის იყო, წამოსვლას აპირებდა, რომ გოგონა დაედევნა, ქალბატონო სესილია, თუ შეიძლება მობრუნდით, სტომატოლოგთან არ შესულხართო. შეიძლება ხელსახოცი მომაწოდოთო, სთხოვა გოგონას. სტომატოლოგთან პროთეზს თუ გაგატანთ, თორემ მასთან ვიზიტი აღარ მჭირდებაო.
დედამთილი, ბებია, მეზობელი…
– იცით როგორი დედამთილი, როგორი ბებია იყო? ყველას თან ჰყვებოდა. შვილიშვილების მომავალსაც კი განიცდიდა, ფიქრობდა, როგორ ოჯახებს შექმნიდნენ, როგორი შვილები ეყოლებოდათ.
შინ რძალს საოჯახო საქმეს არ აკეთებინებდა, სულ ცდილობდა, ყველაფერი თავის თავზე აეღო, ეუბნებოდა, შენ ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, ნუ გააკეთებ, ხელები გაგიფუჭდებაო… როცა ცოლ-ქმარი იკამათებდა, ყოველთვის რძლის მხარეს იჭერდა. რძალიც უდიდეს პატივს სცემდა, გარდაცვალების შემდეგაც ღირსეული პატივი მიაგო.
არაჩვეულებრივი მეზობელი იყო, ყველას პატრონობდა, ეხმარებოდა, ვის რა სჭირდებოდა. ერთხელ გავცივდი, დავიწუწუნე, მგონი, ფილტვების ანთება მაქვს-მეთქი. მეორე დღეს მთხოვა, ექიმთან მივდივარ და გამომყევიო. აღმოჩნდა, რომ ექიმთან მე წამიყვანა, ერთი აბა ეს გოგო გასინჯეო.
სულ კითხულობდა – “სიგარეტი გაქვენ?”, ნაფაზით კი არ ეწეოდა, აფუილებდა, თავისებური მანერა ჰქონდა.
ბოლო შეხვედრა
– რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქალბატონ სესილიას ეკონომიურად უჭირდა, გიგა ლორთქიფანიძემ 120 მანეთი ხელფასი დაუნიშნა თეატრიდან. ძალიან დიდ უარზე იყო, თეატრში არ ვმუშაობ და ხელფასი რატომ უნდა ავიღოო? შენ უკვე იმდენი იმუშავე, იმდენი გეკუთვნოდა, ცხოვრებაში რომ არ აგიღიაო… ეს ხელფასი ყოველთვის მე მიმქონდა. უხერხულობდა, ერიდებოდა, სულ უარზე იყო… ბოლოს რომ მივუტანე, მითხრა, რაღაც ვერ ვარ კარგად, როგორც ჩანს, საკვებმა მაწყინაო. თურმე კუჭზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა. იმ ღამეს იმდენი ვაცინე, ბოლოს მითხრა, ვიხრჩობი, აღარ შემიძლიაო და ყურმილი დაკიდა. ჩავთვალე, რომ დაიძინებდა. დილით დავრეკე, მითხრეს საავადმყოფოში გადავიყვანეთო. უკვე მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მისი გარდაცვალება ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო.
თამუნა კვინიკაძე, კვირის პალიტრა