საზოგადოება

საქართველოში 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოში სუიციდის სტატისტიკაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წელს სუიციდის 389 და მცდელობის 477 ფაქტი მოხდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

„ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებითაა გამოწვეული.

“სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც გარკვეული შემთხვევები ძალიან ტრაგიკულად სრულდება, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისკენ. გარკვეულ სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე. სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს ე.წ.სტაციონარული ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში შარშან პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის. „ხშირად პაციენტს, რომელსაც ამ ნიადაგზე ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა, დროულად ვერ ეხმარებიან, რადგან ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ ფსიქიატრიული მიმართულებით უმკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ”, – განაცხადა ლომჯარიამ.

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

წყარო: https://imedinews.ge

Related Articles

Back to top button
Close