სხვა

როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები

„ხშირად დროს ვკარგავთ, ვამბობთ: „აბა, ტილო, ცხელი აბაზანა, შხაპი, მეზობელს ამან უშველა...“

როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები? – ამის შესახებ ცნობილი ექთანი თამარ დაუსი მარი მალაზონიას გადაცემაში საუბრობს:

.

– ინსულტის დროს ხშირად დროს ვკარგავთ. ვამბობთ: „აბა, ტილო, ცხელი აბაზანა, შხაპი, მეზობელს ამან უშველა…”, ამასობაში დრო გადის. სინამდვილეში კი ტვინი უჟანგბადობის მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადია, რის გამოც დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ​რას უნდა დავაკვირდეთ და რა უნდა გავაკეთოთ?

არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი, რომლებიც უნდა შევაფასოთ: ​

  1. ღიმილი/კბილები: სთხოვეთ ადამიანს, გაიღიმოს ან კბილები გვიჩვენოს. დააკვირდით, ხომ არ არის სახის ასიმეტრია, ანუ ხომ არ ჩამორჩება სახის ერთი მხარე მეორეს. ​
  2. ხელების აწევა: სთხოვეთ, თვალები დახუჭოს, ხელები ხელისგულებით ზემოთ ამოაბრუნოს და მაღლა აწიოს. თუ ერთი ხელი ჩამორჩება ან ქვემოთ ეშვება, ეს საგანგაშო ნიშანია. ​
  3. მეტყველება: სთხოვეთ მარტივი წინადადების გამეორება, მაგალითად: „გარეთ კარგი ამინდია”. თუ სიტყვებს ურევს, ვერ იმეორებს ან გამეორება უჭირს, ეს მესამე საგანგაშო სიმპტომს წარმოადგენს.

​ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის გამოვლენისას, პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, – ამბობს თამარ დაუსი.

მან ამავე გადაცემაში ასევე ისაუბრა, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად წნევის გაზომვის დროს:

– რაც შეეხება წნევის გაზომვას და იმ შეცდომებს, რომლებსაც ამ დროს ვუშვებთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არასწორად შერჩეული მანჟეტია. ოჯახში შესაძლოა, სხვადასხვა აღნაგობის ადამიანი ცხოვრობდეს, წნევას კი ყველას ერთი აპარატით ვუზომავდეთ. აფთიაქებშიც, როგორც წესი, ძირითადად სტანდარტული ზომის მანჟეტები იყიდება. ​წნევის აპარატის მანჟეტის ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: პატარა მანჟეტი ცრუდ მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს, ხოლო დიდი – ცრუ დაბალს. იმისათვის, რომ მანჟეტი სწორად შევარჩიოთ, რთული სანტიმეტრების დამახსოვრება საჭირო არ არის. ​

მანჟეტი მკლავს კარგად უნდა ეკვროდეს. შეკვრისას ფხრიწიანი ნაწილი არც ზედმეტად გადაფარებული უნდა დარჩეს და არც მხოლოდ ნაწილობრივ ეჭირებოდეს. ​სიგრძის მიხედვით, მანჟეტი იდაყვიდან იღლიამდე მხრის დაახლოებით ორ მესამედს უნდა ფარავდეს. იგი არც იდაყვზე უნდა გადადიოდეს და არც იღლიის ფოსოში შედიოდეს. ​ამ წესების დაუცველად გაზომვისას აპარატი ძირითადად მცდარ მაჩვენებელს გვიჩვენებს.

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close