საზოგადოება

,,ყველა შეშფოთებულს უნდა ესმოდეს, რომ პატრიარქი სახიფათო გადაწყვეტილებას არ მიიღებს”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის სპიკერი:

_ ჯერ იყო და სამარცხვინო ცილისწამება ანთხიეს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, ახლა კორინავირუსის საფრთხეს იყენებენ, რომ კვლავ ეკლესიას, პატრიარქს, სამღვდელოებას შეუტიონ. ჩვენს მამებს მკვლელებად და ტერორისტებად მოიხსენიებენ, ეკლესიას ადანაშაულებენ იმაში, რომ სააღდგომო წირვა უნდა ჩატარდეს და ზიარების წესი უნდა აღსრულდეს. დააკვირდით, რა მოთმინებით ხვდება ამ შეტევას ეკლესია.

ახლა მთავარი კითხვა: ეკლესიაზე უკეთესად დაიცავს ვინმე ადამიანებს? პატრიარქზე მეტად ტკივათ გული მრევლზე? ვინაა ეს ხალხი, ვითომ უფრო ფრთხილი და ვითომ უფრო მზრუნველი, ვიდრე პატრიარქი და ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მღვდელმსახური? მათი უმრავლესობა არც აღმსარებელია და არც მაზიარებელი. არც მრევლის წევრია და მეტიც, წლებია მტრობს ღმერთს, ეკლესიას და პატრიარქს.

ეკლესია და მრევლი კი, დღეს აჩვენებს ყველაზე მაღალ კულტურას, ყველაზე მეტი სიზუსტით იცავს რეკომენდაციებს, იცავს დისტანციას, მედიკოსების სხვა მოთხოვნებს, გახმოვანებულია თითქმის ყველა ტაძრის ეზო, ზიარებაზე მრევლი მიდის სათითაოდ. მილიონჯერ ითქვა, ვინც წირვას არ დაესწრება, მას არავინ არ გაკიცხავს, პირიქით, მომავალში აზიარებენ. მილიონჯერ ითქვა, ვინც ავადაა და ზიარება სურს, სახლში აზიარებენ. ითქვა, რომ ეკლესია გაითვალისწინებს როგორც ხელისუფლების, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რჩევას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეკლესიასა და მრევლსაც აქვს მისი უფლება, მისი მოვალეობა და მისი საქმიანობის წესი და რიგი!!! და წირვა როგორ ჩატარდეს, როდის და რატომ ჩატარდეს, ვეზიაროთ თუ არა, ეს ეკლესიის, სამღვდელოების და მრევლის გადაწყვეტილებაა და ვერავინ ჩაერევა ამ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში. ხაზს ვუსვამ, ეკლესია არ ურჩობს, პირიქით, მთელი სერიოზულობითა და სიფრთხილით იცავს მედიკოსების რჩევებს. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ბრმაა.

ყველა შეშფოთებულს უნდა ესმოდეს, რომ პატრიარქი ადამიანებისთვის სახიფათო და საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ როგორ გაიგებენ ამას, როცა ყური დახშული აქვთ. აქვე უნდა გავიაზროთ, რომ არიან გულწრფელად შეშფოთებულები, რომლებიც არ კადრულობენ ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფას, მაგრამ არიან ურწმუნო არამზადები, რომლებიც არც არასდროს დასწრებიან წირვას, მაგრამ ბოროტად სარგებლობენ ვითარებით და ებრძვიან ეკლესიას.

არავის მოუგია ბრძოლა ღმერთის და ეკლესიის წინააღმდეგ, არავის მოუგია!!!

Related Articles

Back to top button
Close