პოლიტიკა

,,თქვენი ლოცვებით და ღვთის შეწევნით, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოგვარდება…“_ ამერიკის ელჩი ილია მეორეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი ეწვია.

? უწმინდესი და უნეტარესი ილია II: „მე ვფიქრობ, პრობლემა ბევრია, მაგრამ იმედიც დიდია… ჩვენ ვცდილობთ, გავაანალოზოთ საეკლესიო მსახურების რეალობა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში, მაგრამ დიდი გავლენაა იქ რუსეთის ეკლესიისა…
ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მინდა, დავლოცო ჩვენი ქვეყნები, გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობას, ღმერთი იყოს თქვენი შემწე“.
? აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი: „ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან რელიგიური ქვეყანა. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ რელიგიის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ ახალი ადამინისტრაცია და წინა ადმინისტრაციაც მხარს უჭერენ საერთაშორისო რელიგიურ თავისუფლებას…
ამერიკელები, ზოგადად, ოპტიმისტი ხალხი ვართ, მეც ძალიან დიდ იმედს მაძლევს დღევანდელი დღე, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ლოცვებით და ღვთის შეწევნით, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოგვარდება…“
? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი): „ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის დროს ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრები გვქონდა. იქ გამოითქვა ორმხრივი სურვილი, რომ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასა და ამერიკის საელჩოს შორის საქართველოში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, თქვენი ელჩობის პერიოდში იქნება წინგადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ამ მხრივ, უპირველესია, ჩვენი სამღვდელოების შესვლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე, რაშიც თქვენი დიდი შეწევნისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს“.
? საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე): „ყველაზე ახლოს აფხაზეთთან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაა. ყველაზე მეტად ჩვენ ვიცით ის ტკივილი, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში თითოეულ ჩენგანს გვეხება – მშვიდობიანი დაბრუნება ჩვენს მიწა-წყალზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ გვაქვს ღვთის იმედი, რომ ღვთის წყალობით, თქვენი დახმარებით, საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით ეს აუცილებლად მოხდება. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ბრძანდებოდა და ბრძანდება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი და ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ის შეგვიძღვება მშვიდობიანად აფხაზეთში, ქართველი ხალხი დაუბრუნდება თავის მიწა-წყალს“.
? გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა): „მინდა, გამოვხატო მადლიერება, რამეთუ ორი კვირის წინ სოფელ ქვეშში, რომელშიც მავთულხლართები გადის, სოფელში, რომელსაც უშუალოდ ეხება ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ამერიკის სახელმწიფოს დახმარებით აღდგა და გარემონტთა საშუალო სკოლა. ეს არა მარტო მატერიალური დამხარებაა, პირველ რიგში, ეს არის მორალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად უყურებენ მავთულხლართების გავლების პროცესს. ამავე დროს ეს არის მავთულხლართების მიღმა მყოფი ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ მზად ვართ ამ სკოლაში მივიღოთ ის ბავშვები, რომლებიც ამ გაყოფილი სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრობენ“.

.

Related Articles

Back to top button
Close