პოლიტიკა

თემურ შაშიაშვილი: ვართ საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ორპალატიანი პარლამენტით

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი კვლავ რჩება მაჟორიტარული არჩევნების მომხრედ. მისი  აზრით, პროპორციული სისტემა ისეთ  მრავალეროვან  ქვეყანას, როგორც საქართველოა, სერიოზულ პრობლემებს მოუტანს.

„შესაძლოა ჩემი პოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა მონოეთნიკური ქვეყნებისთვისაა მიზანშეწონილი, ჩვენ კი ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს და მრავალეროვანი ქვეყანაა, პროპორციული სისტემა პრობლემებს შეგვიქმნის.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პროპორციული არჩევნების პირობებში. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დაცული იყოს ყოველი მოქალაქის ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს და არჩეულ იქნეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი (ჩემი გაანგარიშებით, პროპორციული სისტემა მოგვცემს იმას, რომ პოლიტიკოსთა 90 პროცენტი იქნება თბილისის მაცხოვრებელი, მეტიც, თბილისის ცენტრალური უბნების მაცხოვრებელი), უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არ გავაღვივოთ სეპარატიზმი საქართველოს რეგიონებში…  უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვის და რატომ აწყობს პროპორციული არჩევნები… ხომ არ არის ეს ქვეყნის მომავლისთვის მახე, რომ პარლამენტში შევლენ დღეს მოქმედი პარტიების ლიდერები და ვისაც შეუძლია აბსტრაგირება, ის შეძლებს დღესვე შეადგინოს სია, თუ ვინ იქნება პარლამენტში (ჩვენ, გარკვეულმა ჯგუფმა, ეს სია უკვე შევადგინეთ და შეგვეშინდა იმ პარლამენტის, სადაც ეს ხალხი იქნება).

მე პირადად და ჩვენი პარტია, ვართ საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ორპალატიანი პარლამენტით, სადაც გამოკვეთილად იქნება დაცული ცხინვალისა და სოხუმის ინტერესები. ნუ ვეკიდებით მსუბუქად აჭარას და მის მოსახლეობას.

უფრო კონკრეტულად: საპრეზიდენტო მმართველობა ორპალატიანი პარლამენტით, თითოეულში თანაბარი რაოდენობის  დეპუტატებით. სადაც ქვედა პალატა არჩეულ იქნება პროპორციული სისტემით, ხოლო ზედა პალატა – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. პრეზიდენტი იქნება აღმასრულებელი  ხელისუფლების ხელმძღვანელი, ანუ ქვეყანას არ ეყოლება მთავრობის თავმჯდომარე, შემოდის ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც პარლამენტის იმ პალატის თავმჯდომარეა, სადაც რეგიონული ინტერესებია და ჩვენი აზრით, ის აუცილებლად უნდა იყოს აფხაზი, ისევე როგორც საქართველოს უმაღლეს ეშელონებში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ოსი ეროვნების პიროვნება.

ამავე დროს მიმაჩნია: პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არჩეულ უნდა იქნას  ტანდემში, საერთო-სახალხო არჩევნებით და ყოველ საარჩევნო გუნდში ერთ-ერთი, პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზი.

ვიცი, ამ მოდელს დღეს არ აქვს პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა, მაგრამ არჩევნებში ვერთვებით და პარლამენტში ადგილების მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნოთ ჩვენს სისწორეში.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

არსებული რეალობიდან გამომდინარე შაშიაშვილი თავაზობს რეგიონალური-პროპორციული სისტემის შემოღებას.

„ერთ დეპუტატზე ხმების რაოდენობიდან გამომდინარე, განვსაზღვროთ აჭარით მოყოლებული, კახეთით დამთავრებული, რომელ რეგიონს რამდენი დეპუტატი უწევს და პარტიებმა სიები იქ წარვადგინოთ. ეს იქნება რეგიონების ინტერესების დაცვა და გაცილებით მშვიდი, გაწონასწორებული პარლამენტი, ვიდრე ის პარლამენტი, რომელიც წარმოგვიდგენია საერთო- რესპუბლიკული  პროპორციული სისტემით.“ აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

4.07.2019წ

 

Related Articles

Back to top button
Close