პოლიტიკა

ზვიად ქორიძე: ,,რუსული კლასტერი” ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებს ათასგვარ ჭორს

,,დღეს მხოლოდ კორონავირუსი არ უტევს ქართული საზოგადოების უსაფრთხოებას. არანაკლებ აგრესიულია დღეს დეზინფორმაციის ,,რუსული კლასტერი” , რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებს ათასგვარ ჭორს, თესავს ათასგვარ ირაციონალურ შიშს, აღვივებს ქსენოფობიას. ამ პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ იგუა კარგად თვითორგანიზებული და მობილიზებული ჩვენი საზოგადოება და მალევე შეიტანა მასში განხეთქილების ბაცილა. ჯერ ზიარების მოტივით გახლიჩა საზოგადოება “მორწმუნეებად” და “ურწმუნოებად”. შემდეგ მარნეულელი პაციენტის გამოვლენის კვალდაკვალ გაამწვავა შეუწყნარებელი რიტორიკა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. კიდევ ბევრი მსგავსი და უფრო რთული გამოწვევა ელოდება ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოებას ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე.

უსაფრთხოების სტაბილური გარანტია NATO და სწორედ ამიტომ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ჩრდილოატლანტიკური სწრაფვა, რადგან “რუსული კლასტერი” დღეს დიდი მონდომებით ახერხებს გააჯეროს ქართული მედია და სოციალური სივრცე იმის მტკიცებით, რომ კორონავირუსი დეზინტეგრაციულ პროცესებს გამოიწვევს და ჩვენ უნდა ვიბრუნოთ პირი ამ სივრცისგან.

ჩრდილოეთ მაკედონიას ასევე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება აქვს, მაგრამ ამ ქვეყანამ თავისი მომავალი უსაფრთხოების სისტემა სწორედ ამ დღეებში გააძლიერა – იგი NATO-ს წევრი გახდა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალურად გახდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) 30-ე წევრი.

ალიანსში ჩრდ. მაკედონიის მიღებას — ქვეყნის ნატოში გაწევრების პროტოკოლს — 2019 წლის თებერვალში მოეწერა ხელი ნატო-ს შტაბბინაში. დოკუმენტს ხელი ნატოს წევრი 29 სახელმწიფოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ამის შემდეგ წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს პროტოკოლის რატიფიცირება. ბოლო ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დოკუმენტი რატიფიცირებული, ესპანეთი იყო, რომელმაც ეს ნაბიჯი 17 მარტს გადადგა.

ამის შემდეგ ჩრდ. მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ ნატოში შესვლის შესახებ საბოლოო დოკუმენტს 20 მარტს მოაწერა ხელი.

27 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ნატოში, ჩრდილოეთ მაკედონია! გრძელი გზა გამოიარეთ, მაგრამ თქვენმა ღვაწლმა შედეგი გამოიღო. ფორმალური შესვლის პროცესი ახლა დასრულებულია და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი 30-ე წევრი ჩვენთანაა“.

ქვეყნის ნატოში გაწევრება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ის სახელწოდების შეცვლას დასთანხმდა: ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის საერთაშორისო სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია გახდა.

მაკედონიის სახელწოდება საბერძნეთთან 27-წლიანი დაპირისპირების საფუძველი იყო. ათენი მიიჩნევდა, რომ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის – მაკედონიის, სახელწოდება და ეს ბევრ გაურკვევლობას იწვევდა.

სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატო-ში. საბოლოოდ, ათენმა და სკოპიემ მაკედონიის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.


ამავე დროს, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი ევროკავშირთან იწყებენ მოლაპარაკებებს ბლოკში გაერთიანების მიზნით.

Related Articles

Back to top button
Close