პოლიტიკა

,,ვერ ვიტყვით, რომ ქალები პოლიტიკაში დიდი სიხალისით მოდიან _ საკმაოდ ბევრი ,,იმიტომ” არსებობს…”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ხელისუფლების მიერ ქალთა ქვოტირების საკითხის წამოწევაში ღრმად ჩამარხული ქოცური განზრახვები მოჩანს. აი, დემოკარტიულის ფასადი რომ გინდა დასავლეთის თვალში, არჩევნების წინ, ის. ფეხებს რომ გიბაკუნებენ, აიკარი ბარგი, დროაო, მაგრამ შენ დარჩენა გინდა ნაქურდალის შესანარჩუნებლად, ამიტომ უნიჭოდ ტრიალებ ჯარასავით. გენდერული ქვოტირების საკითხი ახლა არც ყოფილა დღის წესრიგში. გახსოვთ, ალბათ, ერთი წლის წინ პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა. ახლა ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს თემა გააქტიურა დემოკარტიულობანას სათამაშოდ, დასავლეთის დემოკარტიულ წრეებში ქულების ჩასაწერად, იმის გასანეიტრალებლად, რასაც ისინი და მათი მარჩენალი ოლიგარქი ივანიშვილი ეს წლები აფუჭებდა, იმის შეუსრულებელი პირობების საპირწონედ, რაც დადეს და ტრადიციულად არ შეასრულეს. ეს არის ამ თემის მთელი ანატომია და ძლიერ გაგულისდნენ ,,ქოცნების“ ცხელი თავები, თამაშში რომ ვერ შეგვიყოლიეს.

ახლა, ცოტა სტატისტიკა და ფაქტები, ჩემგან, როგორც ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივნისგან და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან. ჩვენი, ლეიბორისტული პარტიის სიები ( საპარლამენტოც და ადგილობრივიც) არასოდეს განიცდიდა ქალების ნაკლებობას. სიის შემადგენლობის 30-40 პროცენტს ქალები შეადგენენ (გადამოწმება იოლია), თან სადღაც სიის ბოლოს კი არა, როგორც ბევრ სხვა პარტიას აქვს, არამედ ყოველ მესამე-მეოთხე ადგილზე. არც სამაჟორიტარო ოლქებში შეზღუდულა ვინმე და პარტიის მმართველ ორგანოებშიც ვიწონებთ თავს მაგ სტატისტიკით. მეტი თვალსაჩინოებისთვის:

პარტიის მმართველ ოთხკაციან სამდივნოში, ერთი ქალია, ანუ _ 25 % გენერალური საბჭოს 138 წევრიდან 47 ქალია _ 34 %, ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის შემადგენლობის 15 %- ია. ქალბატონი რაიონული ხელმძღვანელები: 43 მამაკაცი და 7 ქალბატონია _ 16 %, სარევიზიო კომისიის 3 წევრიდან სამივე ქალია : _ 100%. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გვყავს 17 დეპუტატი, მათგან 2 ქალბატონი_ _ 12 %. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქალები პოლიტიკაში დიდი სიხალისით მოდიან და ამის შესახებ, მე, როგორც ოპოზიციური პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყველა ამ თემატიკის სემინარსა თუ კონფერენციაზე ვსაუბრობ. რატომ? _ იმიტომ, რომ წლების მანძილზე არსებულმა საარჩევნო მანიპულაციებმა და გაყალბების სისტემამ, ყველას (ქალებსაც და კაცებსაც) დაუკარგა ბრძოლის მოტივაცია; იმედი, რომ პოლიტიკური ბრძოლა სამართლიან შედეგს მოიტანს; იმიტომ, რომლების მანძილზე დაუძლეველმა მძიმე სოციალ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ მებრძოლი, აქტიური ქალების დიდი ნაწილი სამშობლოს მოწყვიტა და ოჯახების შესანახად უცხო ქვეყნებში გადახიზნა; იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ ,,კანონიერი ქურდები“ და სუსი ატარებს არჩევნებს და პოლიტიკურად აქტიურ ქალებს თუ ვერ ყიდულობენ, ვერ აშინებენ, მერე მათი ოჯახის წევრებზე მუშაობენ, ემუქრებიან, აშანტაჟებენ სამუშოდან გათავისუფლებით, სოციალური დახმარების მოხსნით და ათასი უბედურებით; იმიტომ, რომ ათას ჭორს უგონებენ ,,ვაითავები“ ოპონენტ ქალებს, პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერა-გასაჯაროების ჩათვლით; იმიტომ, რომ სოციალური ქსელებით უბინძურესი და ულევი შეურაცხყოფების ნიაღვარი სწორედ ქალებზე მიდის და ამის ატანა ყველას არ შეუძლია; იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრი ხელისუფლებას მუდამ მტრად მიაჩნია; იმიტომ, რომ…. ბევრი ,,იმიტომ“ არსებობს…

ამიტომ, ქალებს ხელოვნური ქვოტირება კი არ სჭირდებათ სიებში, არამედ პირობების შექმნა, რომ მათ მოიცალონ და სურვილი გაუჩნდეთ პოლიტიკაში წასვლის.

 

Related Articles

Back to top button
Close