პოლიტიკა

,,ეს ცენზურის მცდელობაა ბატონებო და იქ, სადაც ცენზურაა, დემოკრატია ქუდს იხურავს და უკანა კარიდან გადის!”

ანა ნაცვლიშვილი, ,,ლელო”-ს ერთ-ერთი ლიდერი:

_ ჰაერში კვლავ “კა-გე-ბე”-ს სუნი დატრიალდა!

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება მედია-რეპორტაჟის საფუძველზე, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაკითხვაზე დაბარება, და მეორეს მხრივ- დედაქალაქის მერის და მმართველი პარტიის გენ.მდივნის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს ერთადერთი სახელი აქვს: ცენზურა!

ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე დღის წინ, სხვა საქმეზე აქტივისტებიც დაიბარეს სუს-ში შუღლის გაღვივების საფუძვლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში! ასეთი რამ პირველად მოხდა!

არაფერი საერთო სუს-ის ამ გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან არ აქვს. ჯერ ერთი, სამართლებრივად აბსურდული დასაბუთებაა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – სუსი არასდროს რეაგირებს იმაზე, რაც მართლა საფრთხეს წარმოადგენს ერთი აგენტი არ გამოუვლენიათ ბოლო 8 წლის მანძილზე და არც ერთი რეალური სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი მოვლენის მიმართ არ გაუკეთებია რეაგირება!

სუსს არ დაუწყია გამოძიება, არც კალაძეს მიუღია რაიმე ზომა, არც ერთ ჯერზე, როდესაც მსოფლიო გიგანტმა, ფეისბუქმა რიგრიგობით წაშალა ასობით ანგარიში და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი და ღიად განაცხადა, რომ ეს სიცრუის მანქანა საქართველოში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაფინანსებული და მართული.

სამაგიეროდ, ანტისაოკუპაციო აქციებზე, სასამართლოს მიტაცების საწინააღმდეგო აქციებზე გამოეფინებიან ხოლმე სუს-ის მსხვილი თუ საშუალო რანგის ჩინოვნიკები: ქვეყნის კი არა, ოცნების უსაფრთხოებას რომ არ შეექმნას რამე საფრთხე.

სუსი არც იმაზე შეშფოთებულა, როცა ღიად დაფიქსირდა, რომ ან ყალბი ანგარიშების და დეზინფორმაციის მანქანის სამიზნე იყვნენ არამხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, არამედ ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს პარტნიორობა (ვრცელდებოდა ღიად ანტი-ნატო, ანტი-ევროინტეგრაციის მესიჯები), დეზინფორმაციის ერთ-ერთ ამოცანას ასევე წარმოადგენდა საზოგადოებაში აგრესიის და დაპირისპირების გაღვივება და ა.შ. ამაზე სუს-ი დუმს.
სუს-ს არ მოუხდენია რეაგირება, რუსული რბილი ძალის საგანგაშო ტემპით მოძლიერებაზე საქართველოში!
გამოძიება არც იმაზე დაწყებულა, როცა რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა (ამომრჩევლების) ბაზა საჯაროდ დაიდო ჰაკერულ ფორუმზე, ბაზა მოიცავს გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემებსაც.

„შეშფოთდნენ“ როცა საქართველოში უმსხვილეს ბანკზე, თი-ბი-სი-ზე კიბერშეტევა განხორციელდა (ე.ი. არამხოლოდ საფინანსო სექტორზე, საქართველოს ათიათასობით მოქალაქის კიბერუსაფრთხოებაზე იქნა მიტანილი იერიში) მაგრამ „გამოძიება მიმდინარეობს“ აგერ უკვე თითქმის ორი წელია შედეგის გარეშე.
ხელისუფლება რამდენიმე წელია მოგუდულად საუბრობს დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ახლა კი ღიად აკეთებს განაცხადს! ეს ცენზურის მცდელობაა ბატონებო და იქ, სადაც ცენზურაა, დემოკრატია ქუდს იხურავს და უკანა კარიდან გადის! საქართველოში ეს ვერ მოხდება, მაგრამ თქვენ რომ კრიტიკულ და ხელისუფლებისგან თავისუფალ აზრის წინააღმდეგ შეტევაზე გადადიხართ, ამით ოლიგარქიული ავტორიტარიზმისკენ კიდევ ახალი და დიდი ნაბიჯი გადადგით!

ხელები შორს კრიტიკული მედიის და საინფორმაციო ველისგან!

პ.ს. ამას ის ადამიანი გეუბნებათ, ვისაც არაერთხელ საჯაროდ გაუკრიტიკებია „მთავარი“ და საჩივარიც შემიტანია ჯერ კიდევ „რუსთავი ორში“ წამყვან გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ მის არაეთიკურ გამონათქვამთან დაკავშირებით (სხვათაშორის, მოვიგეთ ეს დავა!). როდესაც და თუ მედიის მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაცია არღვევს სტანდარტს, ეს თვითრეგულირებით და მედია-ეთიკით უნდა „დაისაჯოს“ და არა სისხლის სამართლის კოდექსით.
სჯობს, გამოძიება იმაზე დაუწყოთ, რაზეც რეპორტაჟში იყო საუბარი და ან თქვით, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, ან მოახდინეთ სამართლებრივი რეაგირება!

Related Articles

Back to top button
Close