„დედა გონს მოვიდა, მაგრამ არაფერი ახსოვს“
ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ხაშურში, 5 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დილის 8 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, ლევან ბარბაქაძეს საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე, ნანა ხიხაძე – უგონოდ. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჯერ ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ის გონზე მოვიდა, მაგრამ დეტალების გახსენება უჭირს. ამბები.ჯი ნანა ხიხაძის დას ესაუბრა:
.
„ჩემი და ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, არის ანტიდეპრესანტებზე, აქვს დაზიანებები ტვინზე და იღებს წამლებს. ვერ იაზრებს, რა ხდება, ბოლო დღეებს ვერ იხსენებს კარგად. ტვინის მკვებავებს იღებს და იქნებ გამოვიდეს მდგომარეობიდან.
ბავშვის მამიდა ამბები.ჯი-სთან ყვება:
„ვრცელდება ბევრი არასწორი ინფორმაცია, ჩვენ ოჯახმა არ ვიცით, რა მოხდა და ხალხი ავრცელებს საშინელ ჭორებს… ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით, 45 დღეში იქნებაო ბავშვის ექსპერტიზის პასუხები, ველოდებით. ერთი რაც ვიცი, ბავშვს აჯაფსანდალი არ უჭამია, არც დაკონსერვებული საკვები. ბავშვზე ვიტიროთ თუ ასეთ ჭორებზე, აღარ ვიცით.
თან ჰყვებოდნენ ოჯახის წევრები ლუკაჩოს. რა ტრაგედია დაგვატყდა თავს და ღმერთმა მიხედოს ყველას, ვინც ეს ჭორი გაავრცელა. დედაჩემი ტირის, საქვეყნოდ მომჭრეს თავიო. კვირას გვაქვს ორმოცი. ალბათ ამის მერე მალევე გაირკვევა სიმართლე.
რომელი დედამთილი გაიმეტებს ბიჭის ოჯახს. დედაჩემს ჩემს რძალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ცემში გვიშვებდა დედა, სკოლის არდადეგებს ველოდებოდით და დედაც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო, ჩემი ბავშვი და ლუკა ერთად ატარებდნენ ზაფხულის არდადეგებს.
ლუკას დაკრძალვის მეორე დღეს ოჯახის წევრები დასაკითხად წაიყვანეს და ბებია დაიჭირესო, გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, არადა სახლშია ქალი, ტირის. არ ვიცი, როგორ გადაიტანს. მთელი ცხოვრება წვალებით გაგვზარდა. რაც შეეხება ჩემს რძალს, გონს მოვიდა, მაგრამ ვერაფერს იხსენებს” – ყვება ლალი ბარბაქაძე.
მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ დრომდე განიხილება ინტოქსიკაცია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ბოტულიზმი, თუმცა მოგვიანებით ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პირველადი პასუხით ბოტულიზმი გამოირიცხა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაცია და გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ ხდება.
ამბები.ჯი