საზოგადოება

გიორგი გახარია: ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გადავადდა

      საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მას მთავრობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ტურისტების იმ ქვეყნებიდან მიღების გამო, სადაც მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. პრემიერ-მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ისრაელი და განაცხადა, რომ “ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება”.

შიდა ქართლში ფერმერებთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა ისრაელიდან ტურისტების პირველ ეტაპზე შემოყვანის გადაწყვეტილების შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარების აფეთქების საფუძველზე იქნა მიღებული:

„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კორიდორი პირველად ვისთანაც დავალაგეთ, დავალაგეთ ისრაელთან. მე პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყო. შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ისრაელი აღარ იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტების მიღებას განაახლებს,- ამის შესახებ 9 ივნისს გახდა ცნობილი.

9 ივნისს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზე საერთაშორისო ტურიზმის განახლების საკითხები განიხილეს. ამ შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გადავადდა“.

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აპირებს.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

Related Articles

Back to top button
Close