სიღნაღის ამბები

,,სუფრიდან წამოღებულ საჭმელს ტყვიასავით გვესროდნენ- კიტრი, პომიდორი, ხაშლამა, მე და ვაჩოს კისერში გვეყარა”

ქიზიყელი კაკრაჭ-იოსებოვიჩისა და ბორიას ოხუნჯობები

,,შენც ხომ იცი, კახელები სხარტი იუმორით არ გამოვირჩევით. იშვიათად ვხუმრობთ, მაგრამ ისე ჯიგრიანად, მსმენელი ჯერ გაირინდება, მერე იცინის და ბოლოს, მთელი ცხოვრება გონებიდან ვერ იშლის ჩვენს ნათქვამს. რამდენჯერაც გაახსენდება, სიცილი გარანტირებული აქვს.

      ყველა სოფელში გვყავს იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები. მე ვაქირის კოლორიტებზე და მათ ხუმრობებზე უნდა მოგიყვე, მაგრამ ჯერ ჩემს დაწურულ ღვინოს მოვიტან, აგერ, დედაკაცმა ლობიო მოხარშა შენს საპატივსაცემოდ, ჩავუსხდეთ, ყველა მხიარული კახელის სული მოვიგონოთ და მათი დანატოვარი ხუმრობებიც გავიხსენოთ“- მითხრა სიღნაღის სოფელ ვაქირში მცხოვრებმა სანდრო ძიამ.

    გაგუგუნებულ ღუმელს  წინასაახალწლო განწყობით შემოვუსხედით, ლობიოს წვნიანი მოვიდგით, წითელი, კვასკვასა კომბოსტოს მწნილით გავალამაზეთ სუფრა, ტრადიციისამებრ ჭიქა ღვინო წავუქციეთ ჩვენს იუმორისტ, ყოფილ თანასოფლელებს და მათ ხუმრობებზე კარგად ვიხარხარეთ.

     კახელი კაკრაჭ-იოსებოვიჩის ოხუნჯობები  

ნოდარ ნანობაშვილს მარტო ჩვენს რაიონში კი არა, საქართველოს სხვა კუთხეებშიც იცნობდნენ. განათლებული კაცი იყო, იუმორი უყვარდა და შესანიშნავად იცოდა სუფრის გაძროლა. სოფლიდან სოფელში დაატარებდნენ თამადად. ნამდვილი სახელით იშვიათად მიმართავდნენ. არ სწყინდა ზოგი იოსებოვიჩს რომ ეძახდა, ზოგიც კაკრაჭას.

5 წლის რომ ყოფილა, თურმე სოფელ არბოშიკში მიჰყავდათ მამიდასთან. სახლი ტყის პირას ჰქონიათ. ბავშვი ხშირად ეპარებოდათ ტყეში, ამიტომ მამიდას შეუშინებია, ტყეში ნუ მიდიხარ, იქ ბუები და კაკრაჭები არიანო. ნოდარი მერე თურმე სულ იმეორებდა, ტყეში კაკრაჭებიაო. კაკრაჭა კიდევ  გუდიანი კაცის სახელი ყოფილა და შეარქვეს კაკრაჭა.

ერთხელ, დეკემბერში, კაკრაჭასთან თანასოფლელი ვაჩო დავითაშვილი მისულა და უთხოვია, დღეს დავითაშვილებმა და ქემაშვილებმა ცხვარი უნდა დავკლათ, საღამოს არსად დაიკარგო, თამადა შენ უნდა იყოო. თოვდა, ციოდა, მაინც სხვა ვერაფერს გააკეთებდა კაკრაჭა და დათანხმებია ვაჩოს, რაზეა ლაპარაკი, თქვენთან ვიქნები ძმებოო. საღამოს დავითაშვილ-ქემაშვილებს მანქანაც გამოუგზავნიათ იოსებოვიჩისთვის და ისე წაუბრძანებიათ. მასაც 80 კაციანი სუფრის გაძღოლა მხნედ დაუწყია. მე-7 სადღეგრძელოზე  იმ უბნის სადიდებელი დაულევია, სადაც ამ გვარების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და მასპინძლების გასამხნევებლად,  ხოტბაც მიუყოლებია- თქვენ რომ უბანი გაქვთ, სოფელში მაგისთანა არ მოიძებნება. სოფელში კი არა, კარგად რომ დავფიქრდეთ, არც კახეთში და სრულიად საქართველოში ასეთი უბანი არ არსებობსო.

ამის შემდეგ კიდევ აპირებდა ახალი სადღეგრძელოს თქმას, მაგრამ მის ქებას ისეთი ხმაური გამოუწვევია, კაკრაჭას ვეღარ მოუხერხებია სადღეგრძელოს წარმოთქმა. დავითაშვილ- ქემაშვილები თურმე ერთმანეთს კოცნიდნენ, ეხვეოდნენ, უმძრახები ვინც იყვნენ რიგდებოდნენ და იყო ერთი სიამტკბილობა. ერთმანეთს ჩადენი სიკეთეებს ახსენებდნენ- ,,გახსოვს, შენ რომ ჩემი ცოლი სამშობიაროდ წაიყვანე?“, ,,რა დამავიწყებს, შენ რომ წალამი ამომიტანე“, ,,ბებიაჩემის კუბო რომ ასწიე“ და ა.შ. კაკრაჭა თურმე აჩუმებდათ, ხალხო, გეყოფათ, ახალი სადღეგრძელო უფრო მოგეწონებათ და დამაცადეთო. მოკლედ, საქმე იქამდე მისულა, რომ სუფრის წევრების იგნორით გამწარებული იოსებოვიჩი სკამზე შემდგარა და კახურად შეუგინებია მასპინძლები: მე თქვენი დედა მო… , მართლა კარგი უბანი რომ გქონოდათ, კანტორის ბირჟიდან მე ამომიყვანდით თამადად? ერთი კაცი ვერ მოგინახავთ უბანში, რომ გითამადოთო? იმუბნელი ქებეცა წამომხტარა და მასაც არ დაუკვლია კახური ,,მადლი“ თამადისთვის: ვინ მოგიყვანა, მე იმისი დედაო. კაკრაჭას ვაჩოსკენ გაუხედავს, თურმე უნდა ეთქვა, ვინა და თქვენმა უბნელმა ვაჩო დავითაშვილმაო, მაგრამ სადღა იყო ვაჩო, თურმე ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა. კაკრაჭაც მის გზას დასდგომია და ერთი კილომეტრი თოვლსა და ყინვაში, გულის ამოგდებამდე ურბენია ორივეს, რადგან სუფრიდან წამომხტარი დავითაშვილ-ქემაშვილების უბნის მთვრალი კაცები უკან მოსდევდნენ. მერე კაკრაჭა იცინოდა ხოლმე, სუფრიდან წამოღებულ საჭმელს ტყვიასავით გვესროდნენ- კიტრი, პომიდორი, ხაშლამა, მე და ვაჩოს კისერში გვეყარა. საუბნო გზა რომ დამთავრდა და ასფალტს ფეხი მოვჭიდე, ჩემ სახლამდე უკან აღარ გამიხედია, მაგრამ სამშვიდობოს რომ გავედი, ახლა მე ვაგინებდი, ტორიკაან გვერდასთან მომდგრებსო.

ისე მოწონდა ხალხს კაკრაჭას თამადობა, ზოგს მასთან შეთანხმება წინასწარ ჰქონდა დადებული,  როცა მოვკვდები, ჩემს ქელეხში თამადად შენ უნდა წამოხვიდეო. საქობოელ კაცთან ძმაკაცობდა კაკრაჭა. ამ კაცს მეტსახელად პიტნას ეზახდნენ. ერთხელ პიტნას დედა დაღუპვია და ამ ქალ წინასწარ ჰქონია კაკრაჭასთვის პირობა ჩამორთმეული, შენს ქელეხში ვითამადებო. იოსებოვიჩს საქობოში მეტსახელად პარტიზანასაც ეძახდნენ.  მოკლედ, ჭირის სუფრაა და თამადობს პარტიზანა, იგივე კაკრაჭა და მოვიდა მიცვალებულის მშობლების გახსენების დრო. პიტნასთვის უკითხავს, ბაბოშენსა და პაპაშენს რა ერქვათო? პიტნა უკვე გადაკრულში ყოფილა და უპასუხია, მე რა ვიცი იოსებოვიჩ, იმათი დედაც ვატირეო. რა უნდა ექნა, ხომ უნდა ედღეგრძელებინა წინაპრები. ამდგარა და უთქვამს, ხალხო, შაქრო პაპას და ნუცა ბაბოს გაუმარჯოსო. 300 კაცს ერთხმად დაულევია ამ ხალხის სადღეგრძელო. მოგვიანებით პიტნას უკითხავს პარტიზანასთვის, ჯოო, მე არ მახსოვდა და შენ საიდან გაიგე პაპაჩემსა და ბებიაჩემს რა ერქვათო? ამასაც უპასუხნია სხარტად, შენ არ იცი შე შობელძაღლო და მე საიდან უნდა გამეგო, ჩემი ბაბო და პაპა ვადღეგრძელეო.

 კაცს მოატყუა, არწივის მართვეაო და ყვავის ბარტყი გააზრდევინა

ბორია ვარდიაშვილი ავტობუსის მძღოლი იყო. დიდი ულვაში ჰქონდა და ისეთი გულიანი სიცილი იცოდა, 34-ვე კბილი უჩანდა. ტყუილს მთელი სერიოზულობით იტყოდა. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ  ხუმრობდა. ჭკვიან კაცად იცნობდნენ და უჯერებდნენ, ისიც ამით სარგებლობდა. მისი ხუმრობით გაპლუტებული ადამიანები მეც მინახავს. ბორია რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის იუმორს სოფელში ხშირად იხსენებენ.

წნორი-თბილისის რეისში ავტობუსით მიმავალ ბორიას, სოფელ მელაანთან ორმა პატარა ბიჭმა დაუქნია ხელი. ბავშვებს ყოველთვის უჩერებდა და  სულ უფასოდ დაჰყავდა. ერთ-ერთს თურმე ხელში ბარტყი ეჭირა. პატარა ბიჭს მძღოლისთვის მოუყოლია, გზად  ბუდიდან ჩამოვარდნილი ყვავის ბარტყი დავინახე, შემეცოდა და წამოვიყვანეო. თურმე ბავშვები ჩიოდნენ, როგორ მოვიქცეთ, სად წავიყვანოთ, მშობლები ყვავს სახლში არ შეგვაყვანინებენო. ბორიას უთქვამს, მე დაგეხმარებით, ეგ ბარტყი მომეცით და კარგ პატრონს ჩავაბარებო. მიუციათ ბავშებს  ყვავის ბარტყი ბორიასთვის.

თბილისის ავტოსადგურის ერთ-ერთ თანამშრომელს ძალიან ჰყვარების ცხოველები და ფრინველები. თბილისში, კორპუსის ბინაში ფაუნის არაერთი წარმომადგენელი ჰყოლია და თურმე კარგად პატრონობდა კიდეც. არწივის მართვეზე ოცნებობდა, მაგრამ ვერ შოულობდა. ეს იცოდა ბორიამ და როგორც ჩანს, მისი მოტყუება მაშინ მოიფიქრა, ბავშვებს ყვავის ბარტყს რომ ართმევდა.

მოკლედ, მიუყვანა  ავტოსადგურის თანამშრომელს ბარტყი და უთხრა, ლაგოდეხელი მონადირეები წამოვიყვანე თბილისში. ეს ბარტყი უპოვიათ ტყეში და დისშვილთან მოჰყავდათ, მაგრამ შენი ოცნება გამახსენდა და მონადირეებს ვეხვეწე, კაცს ერთი ნატვრა აქვს და დამითმეთ ეს მართვე, სამაგიეროდ მგზავრობის თანხას აღარ გამოგართმევთ მეთქი და აგერ, მოგიყვანეო. თურმე გაიხარა ამ  ჩიტების მოყვარულმა კაცმა, კოცნა ბორია, დაულოცა ვინც ჰყავდა, კაცობა შეუქო და წაიყვანა ,,არწივის მართვე“ სახლში. სამაგიეროდ, ,,ხელმა ხელი დაბანას“ ნიშნით,  ეს კაცი ბორიას  რამდენიმე თვე მძღოლების მოსაკრებელს აღარ ართმევდა. თბილისში ჩასული ბორია ყოველთვის კითხულობდა არწივის მართვეს ამბავს. ცხადია, იცოდა, რომ მალე გაუსკდებოდა ტყუილი. ეს დღეც დადგა…

ავტოსადგურში მისულ მძღოლს კოლეგებმა უთხრეს, ტრისტანი გეძებს, არ დაენახვები, ამბობს, მე ეგ სერიოზული კაცი მეგონა, ,,კლოუნი“ ყოფილა, ეს როგორ გამიკეთაო. მერე კი მოუყვნენ, როგორ აღმოაჩინა ტრისტანმა, რომ მისი გამოზრდილი ბარტყი არწივი კი არა, ყრანტალა ყვავი იყო.

– ცივ ნიავს არ ვაკარებდი, ბაზარში სპეციალურად მივდიოდი ახალი ხორცის საყიდლად, ქორფა ბალახით ვურთავდი ოთახს, რომ არწივობის უნარი შეენარჩუნებინა. ორი თვე ხმა არ ამოუღია, მაგრამ მერე ისეთი დაიჩხავლა, ყვააა, ყვააო, რომ ცოლმა ძლივს მომასულიერა. ყვავს მავლევინა მაგ გამჩენძაღლმა, მადლობებიც მახდევინა და ორი თვე ,,ობშიაკიდან“ გათავისუფლებაც დედის რძესავით შეირგოო.

ბორიამ ერთხელ მეზობელ სოფლელებს ტყის ეკლიანი მაყვლის რქა აუჭრათ და ვაზივით აწამლინათ – უეკლო მაყვალი მაქვს გაშენებული და როგორც გეტყვით ისე თუ მიხედავთ, სეზონზე, ერთი ძირიდან 10 კილო მოსავალს მიიღებთო. ვიღაცეებს მოატყუა, მომღერალი ბაყაყები მოვაშენე, ვზრდი, მერე ცირკს ვასყიდებ და მშვენიერ ფულს ვშოულობო. სასაცილო იყო სტაბლიზატორის ამბავი, თანასოფლელ მომღერლებს რომ ,,დააჭამათ“.

კომუნისტების დროს, თბილისის ავტოსადგურის წინ იყო დიდი ელექტრომაღაზია. წნორიდან რეისში მყოფი ბორია, თავისუფალ დროს შეისეირნებდა ხოლმე ამ მაღაზიაში. ერთხელ იქ ახალი სტაბლიზატორი შეუძენია და იქიდან ავტოსადგურში მიმავალი, გზად თანასოფლელს გადაყრია. _ ბორი, რა იყიდეო, უკითხავს შემხვედრს. ისე მოსწრებულად როგორ მოიფიქრებდა ხოლმე  ტყუილს, ვერავინ ხვდებოდა. უპასუხია: სასწაული რამ დევს ამ ყუთში, სამი საათია რიგში ვდგევარ და ძლივს შემხვდა. ელექტროენერგიის შემნახველი აპარატია- შუქი რომ ჩაქრება, ეს ინახავს და სხვა რომ სიბნელეში იქნება, მე 5 საათი განათებულში ვიჯდებიო. ახლა უკვე არსებობს ასეთი ნათურები, მაგრამ იმ დროს, მსგავსი რამის წარმოდგენაც არ შეგვეძლო. მოკლედ, ეს ამბავი ისე ლამაზად და სრული სერიოზულობით მოუყვა მეზობელს ბორიამ, იმ კაცს ეჭვიც არ შეუტანია მის სიმართლეში. სანამ ბორია რეისში იყო, მეზობელმა სოფელში ჩასვლაც მოასწრო და ამბის გავრცელებაც ბორიას შენაძენზე.

ამბავი სოფელს მოედო და ცხადია, იქაური მუსიკანტებიც დაინტერესდნენ. მაშინ კარგი ცხოვრება გვქონდა. ახლა რომ მხოლოდ უბედურებებზე ვიკრიბებით, ასე კი არ იყო, ყოველ შაბათ-კვირას ხან ერთ მეზობელთან იყო ლხინი და ხან მეორესთან. 600 კაციან ქორწილებსა და ძეობებს იხდიდა ხალხი. ახლა ყველაფერი დანატრებული გვაქვს, მუსიკანტებს შიმშილით სული სძვრებათ. სოფელი დაიცალა, მაგრამ ვინც დარჩა, ვის აქვს იმდენი ფული, რომ სუფრაც გაამზადოს და მუსიკასაც გადაუხადოს?  ჩემი გოგო რომ გავათხოვე, ეზოში დიდი კარავი დავდგი, მოვრთე და მუსიკა თბილისიდან ჩამოვიყვანე. მთელი სოფელი აქ იყო, თუ ვინმე ნათესავი გვყავდა, ყველა დავპატიჟე… ეეეჰ, გვენატრება ძველი დრო, კარგი იყო ყველასთვის. გაქრა, წავიდა პირველი თოვლივით, ახლა მარტო ცუდი ამბები გვესმის- მოკლეს, დაჭრეს, ბენზინი გადაასხეს, დაწვეს… ტელევიზორი შემეზიზღა- ცუდი ამბების ყუთს ვეძახი და შვილიშვილებს ყურებას ვუკრძალავ. კარგს ვეღარავერს გაიგებენ…

მოკლედ, ბორიას შენაძენის ამბავი ჩვენი სოფლის  მუსიკანტებს რომ გაუგიათ, უფიქიათ, ასეთი რამე თუ მართლა გამოიგონეს, ავშენებულვართ და ეგ არის. ქეიფის დროს, ხან დენი ქრება და ვეღარ ვმღერით სათანადოდ, ჩავრთავთ ამ  მოწყობილობას და სულ ვიმღერებთ, შაბაშები არ გამოგველევა, რადგან ჩავარდნა აღარ გვექნებაო. ადგნენ და სიახლის სანახავად ბორიას სახლს მიადგა. ბორიამაც მთელი სერიოზულობით მიიყვანა მნახველები ყუთთან და რუდუნებით გაუხსნათ. ეს ხომ სტაბილიზატორიაო, უცვნია ერთ-ერთს. რას ამბობთ კაცო, მომატყუესო- შეუცხადებია ბორიასაც, მაგრამ ულვაშებში ღიმილი შეპარვია და ასე გაუცია საკუთარი თავი. მერე გახსენებია ყველას მისი ხუმრობების ამბავი და ერთად უცინიათ.

მოიცა, კიდევ ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა. ბორიას გოგო  გამხდარა ავად და საჭმელს პირს არ აკარებდა. შეწუხებულა კაცი, ერთადერთი შვილი ჰყავდა და შიმშილით რაიმე რომ მოსვლოდა, რა უნდა ეთქვა. მოაქვს თურმე სახლში ყოველდღე ახალ-ახალი პრავიზია ბაზრიდან, მაგრამ გოგო არ ჭამს. ცოლისთვის უკითხავს, როცა პირგაკერილი არ იყო, ყველაზე მეტად რა უყვარდაო და იმასაც უპასუხნია, ახალი თევზიო. საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულს მანქანიდან 5 კილოიანი ალაზნის ლოქო გადმოუღიო და ცოლისთვის მიუცია, აჰაა და გაუკეთეო. ლოქოზეც უარი განუცხადებია ბორიას ქალიშვილს, არ მინდა, ვერ შევჭამო. გამწარებულ კაცს შვილი თავისთან მიუხმია და უკითხავს, რატომ არ ჭამე თევზი, ხომ გიყვარსო? – არ მინდა, ცუდად ვარ, ვგიჟდებიო, – უპასუხია გოგოს. – მერე, შე მამაძაღლო, ვერ მოუთმენია ბორიას, შენ მსუქანი გიჟი არ გინახავს, ჭამა რატომ აკრძალეო?

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close