„განწირული ხმით უყვირია, მიშველეთო“
გოგონა, რომელიც გაზის აფეთქებისას დაშავდა, დღეს გარდაიცვალა

21 წლის მარიამ ლობაქიძე, რომელიც თბილისში, ლოტკინზე აფეთქებისას მძიმედ დაშავდა, დღეს გარდაიცვალა. ტრაგედია 23 სექტემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მარიამი მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იმ დღეს კი მარტო იყო. როგორც ყვებიან, შუქი აანთო და…
გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
.
„როგორც ვიცი, იმ საბედისწერო დღეს მარიამი სახლში მარტო ყოფილა, შუქი აუნთია ოთახში და მაშინ აფეთქდა ბინაში გაზი. მერე მოხდა აფეთქება და განწირული ხმით უყვირია მარიამს, მიშველეთო… გუშინწინ კარგად იყოო. ფეხზეც გაატარეს თურმე და პალატაში გაუყვანიათ. მერე გუშინ ისევ დამძიმდა, ამბობენ, ჰემოგლობინი დაუვარდა და წნევა დაეცაო. ისევ დამძიმდა და ისევ რეანიმაციაში გადაუყვანიათ. სამწუხაროდ, ეს ლამაზი გოგონა დღეს დაიღუპა. არადა როგორი იმედი გვქონდა ყველას, რომ გადარჩებოდა. მთელი აგარა ახლა თავზარდაცემულია. ყველა ტირის. როგორც ვიცი ამ დღეების განმავლობაში სამი ოპერაცია გაუკეთეს და კიდევ სჭირდებოდა ოპერაცია.
ძალიან იმედიანად იყო ოჯახი, რადგან გოგომ ფეხზე გაიარა. გუშინწინ მარიამის დედას მეზობლისთვის უთქვამს, ღმერთს მადლობა, კარგად არის, გავატარეთ და პალატაში გამყავსო, მაგრამ მერე ეს დიდი უბედურება მოხდა. ძალიან იყო დამწვარი. მართლა კარგი გოგო იყო მარიამი, ძალიან ნიჭიერი და ცხოვრება წინ ჰქონდა, ბედნიერად უნდა ეცხოვრა და ახლა ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ ყველანი.
როგორც გავიგე, ამ ტრაგედიამდე მეზობლები იძახდნენ თურმე, გაზის სუნიაო და გამოიძახეს კიდეც სამსახურები, მაგრამ ისინი წასულან, არაფერიაო და მერე მოხდა ეს ტრაგედია. 21 წლის იყო ლამაზი მარიამი, რომელიც არ ჰყავს დღეს ოჯახს. ახლა ყველას მისი ფოტოები და ვიდეოები აქვს გაზიარებული და ძალიან მიკვდება გული. საუკეთესო მშობლების საუკეთესო შვილი იყო. დიდი ტრაგედიაა”, – უყვება ახლობელი ამბები.ჯი-ის.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით დაიწყო, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.
ამბები.ჯი, თეა ხურცილავა