ჯანდაცვა

,,გაგაცნობთ იმ ბაკხანალიას, რაც სუფევს სასწრაფო სამედიცინო ცენტრში” _ რას ჰყვება ექიმი ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი თამარ ლომთაძე ჯანდაცვის მინისტრს, ეკა ტიკარაძეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს მაკა გვარამიას წერილს სწერს და მათზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში არსებულ ბაკხანალიაზე უყვებათ:

,,ჯანდაცვის სისტემაში ივანიშვილის რეკომენდაციით დანიშნული მაკა-ეკას მმართველობის შედეგები, მართლაც რომ ევროპას “გააოცებს“.

ქ. თბილისის მერიის, სსიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს მაკა გვარამიას!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს!

ჯანდაცვასა და სოციალურ სისტემაში რა ვაკხანალიას აქვს ადგილი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ექიმის მიერ დანახული უფრო სარწმუნოა და დამაჯერებელი, მითუმეტეს როცა არის მტკიცებულებები.
როცა პოლიტიკური ნიშნით მდევნიდნენ და ბოლოს სადეკრეტო ვადაში სამსახურიდან გამათავისუფლეს, დავაფუძნე “მედიცინის და სოციალურ მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირი- ერთობა”, რომლის თავმჯდომარეც გახლდით. ვმუშაობდი როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალურ სფეროში. ამჯერად არ ვისაუბრებ იმდროინდელ შევარდნაძე-ჯორბენაძის მიერ გატარებულ ე. წ. რეფორმების “წარმატებებზე”, თუ როგორ დააზარალა ამ რეფორმებმა, როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე პაციენტები. ამასთან დაკავშირებით მაქვს მტკიცებულებები და შესაფერის დროს გამოვაქვეყნებ.
დღეს გაგაცნობთ იმ ვაკხანალიას, რაც სუფევს სასწრაფო სამედიცინო ცენტრში, რასაც პირადად შვეჯახე.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როგორც ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას არ ვიძახებ. თავად ვუტარებ საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც მკურნალობას. შესაბამისად მომარაგებული მაქვს პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები. ამჯერად, დამჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რადგანაც მეუღლეს ჰქონდა მაღალი წნევა და ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში. ჩემს მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მართალია, წნევამ დაიწია, გულმკერდის არეში ტკივილი შემცირდა, მაგრამ აუცილებელი იყო კარდიოგრამის გადაღება და შესაბამისად ჰოსპიტალიზაცია. 23 სთ-სა და 33 წთ-ზე დავრეკე 112-ში, ოპერატორს ავუხსენი ავადმყოფის მდგომარეობა. ცოტა ხნის მერე მირეკავს ოპერატორი და მეუბნება: სამწუხაროდ, სამედიცინო ბრიგადას ვერ ვაგზავნით, ყველა მანქანა გასულია გამოძახებაზე. ჩემი პასუხი: ავადმყოფს აქვს მაღალი წნევა, გულის შეტევა, დაგვიანებამ ხომ შეიძლება ლეტალობა გამოიწვიოს? ოპერატორის მხრიდან სიჩუმე…
40 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, გადაუღეს კარდიოგრამა და მითხრეს, რომ ცვლილებები არ იყო. ვინაიდან გულის არეში ტკივილი გრძელდებოდა, ავადმყოფი გადავიყვანეთ კლინიკაში. კლინიკაში გადაღებულ კარდიოგრამაზე კი გამოჩნდა იშემიის უბანი, რისი გამომწვევი მიზეზიც დაადასტურა გვიან ღამით ჩატარებულმა კორონაროგრაფიამ.
დიაგნოზი: სტენოკარდია (გულის კუნთის იშემია)
ოპერატიული ჩარევის და მკურნალობის შედეგად გულის კუნთში ცვლილებები ვეღარ ჩამოყალიბდა, ინფარქტი არ განვითარდა.
საბედნიეროდ გადავრჩით…
მაგრამ ყველას ხომ არ ჰყავს ექიმი მეუღლე ან ოჯახის წევრი ექიმი, რომ გააკონტროლოს ავადმყოფის მდგომარეობა? თუმცა, სამართლებრივ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, სადაც უმაღლეს დონეზეა სამედიცინო მომსახურება, მსგავსი რამ არ ხდება.
ამიტომაც ავტვირთე ეს სტატუსი და ვიდეო, რომ იქნებ ამ შემთხვევამ გამოაფხიზლოს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორი და გაარკვიოს: რატომ არ ჰყავთ საკმარისად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და შესაცვლელი აქვთ თუ არა კარდიოგრაფის აპარატები”.

Related Articles

Back to top button
Close