
უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას ბავშვობიდან სტრესისა და შიშის ქვეშ უწევდა ცხოვრება. მეშვიდე კლასში იყო, მისი სახლიდან გატაცებაც რომ სცადეს. მოტაცების, მუქარის, ბულინგის ფაქტი არაერთი ყოფილა. თავისი ცხოვრების რთულ პერიოდებზე სამირა ამბები.ჯი-ის ესაუბრა:
.
– ადრეულ წლებში უფრო მეტად იყო თემებში ჩაკეტილობა. გოგო რომ დაიბადებოდა, ადრეულ ასაკში უნდა გათხოვებინათ. რამდენჯერ ვარ მოტაცებას გადარჩენილი, ამიტომ სკოლაში მამას მანქანით დავყავდი. ვცხოვრობდით მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში. იყო ისეთი ფაქტებიც, როცა სახლში უფროსები არ იყვნენ, გოგოს მოსატაცებლად შედიოდნენ. მეშვიდე კლასელი ვიყავი, რომ ჩემ შემთხვევაშიც მოხდა ერთი მძიმე შემთხვევა. იცოდნენ, რომ მეორე უბანში ქორწილი იყო, ჩემი მშობლები იქ იყვნენ წასულები, სახლში მარტო ვიყავი და ჩემს მოსატაცებლად მოვიდნენ. რომ დავინახე, ეზოში შემოვიდნენ, უცებ რაც მოვახერხე, სამზარეულოს ბაკის შენობა იყო, სადაც დამალვა შევძელი. ბაკი ერთი მეტრი სიმაღლის იყო…
არც ვიცოდი, გადავრჩებოდი თუ არა, მაგრამ ასე დამალვა შევძელი. მათი ნაბიჯები ახლოში მესმოდა, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მორჩა… არადა, მშობლებმა ქორწილში იმიტომ არ წამიყვანეს, რომ ვინმეს იქიდან არ მოვეტაცებინე. მოკლედ სახლში შემოსულებმა რომ ვერ მიპოვეს, მათი ლაპარაკი მესმოდა, – ეტყობა, ვიღაც ნათესავის სახლში დატოვეს. არადა, ხომ ასე თქვა იმან, რომ სახლშიაო?! ყველა ოთახი რომ დაიარეს, წავიდნენ…
კაცების ტვინში არ ჯდება, რომ მომავალი ცოლი ქალია, ადამიანია და მასაც აქვს უფლება, თავისი ცხოვრება ჰქონდეს. უცნაური ისიც არის, რომ ამაში პრობლემას თვითონ ქალებიც ვერ ხედავენ – ამბობენ, რა აკეთებს ცუდს, – ოჯახს ქმნის. ამ ყველაფერს იმდენად ბუნებრივად არიან მიჩვეული, რომ თითქოს ასეც უნდა იყოს.
ასეა გოგონა მეექვსე-მეშვიდე კლასში რომ გადადის, მისი ცხოვრების განადგურებას იწყებენ. არ ასვენებენ, ვიღაც ოჯახში სიტყვას აგზავნის, ვიღაც ელჩს, მთელი ეს პერიოდი სავსეა მძიმე ტრაგედიებით. ჩემს მშობლები ჩემს ადრეულ ასაკში გათხოვებაზე უარს ამბობდნენ, რადგან უნდოდათ, მესწავლა, თან ფასიან სკოლაში დავდიოდი, რომ მომავალში უნივერსიტეტში ჩამებარებინა.
– მაინც მგონია, რომ შინაგანად ძლიერი ადამიანი ხართ და რაღაც ფორმით მაინც შეძელით თავის დაცვა…
– ამ ბრძოლამ გამაძლიერა, ნორმალური ცხოვრება რომ მქონოდა, ასეთი წინააღმდეგობების დაძლევა არ დამჭირვებოდა, შესაძლოა, მეც სუსტი ვყოფილიყავი. რაც თავი მახსოვს, სულ ბრძოლებში მიწევდა ყოფნა. გოგო რომ ვიყავი, ბევრ რამეში შეზღუდული ვიყავი.
ქალი რომ ხმას იღებს, რამეს აპროტესტებს, ეს მათთვის მიუღებელია. თუმცა ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა, შედარებაც არაა. ჩემს დროს საერთოდ არანაირი გამოსავალი არ იყო, არც ის ვიცოდით, რომ ასეთ დროს პოლიციისთვის შეგეძლო მიგემართა. ამიტომ, ადრე საკუთარი თავის იმედად ვიყავით. კარგს გააკეთებდი, ცუდს გააკეთებ, დაზარალდები თუ გაიმარჯვებ – ყველაფერი შენს უნარებზე, ცოდნაზე იყო დამოკიდებული. ახლა სხვანაირად არის, ყველა ბავშვმა იცის, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევისას პოლიციას უნდა დაურეკოს.
– საბოლოდ სწავლის გაგრძელება შეძელით და თბილისში, უნივერსიტეტშიც ჩააბარეთ…
– უნივერსიტეტში 2008 წელს ჩავაბარე. მერე ახლი უცნაურობა დაიწყო – სოფლიდან თბილისში სასწავლებლად რომ დავდიოდი, ჩვენი თემის ხალხი როგორც სტუდენტს ისე კი არ აღმიქვამდა, ქალაქში ყოველდღე რომ დავდიოდი, რა საქმეზე დავდიოდი, ამას კითხულობდნენ. ახალგაზრდა გოგო მარტო მარნეულიდან თბილისში რომ დადიოდა, ძალიან აგდებით მიყურებდნენ. ახლა ასე აღარ არის.
– ე.ი. ბულინგის ობიექტი ხშირად ყოფილხართ…
– იმდენად ხშირად, რომ ამაში ვცხოვრობდი – ჩემთვის ვინმეს აგდებული სიტყვა, მუქარა, დაცინვა, დარეკვა და გულისტკენა არაფერი იყო, რადგან ასეთი იყო ყოველდღიურობა. მერე როცა წამოვიზარდე და პოლიციას მივმართე, ჩემდა გასაკვირად, იქაც უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ჩემთან დაახლოებას ცდილობდნენ, დარეკვას, დამეგობრებას… მოკლედ, საშველად იქაც ვეღარ მივდიოდი.
– ახლა რა სიტუაციაა თქვენ მიმართ?
– ძლიერი და განათლებული ქალი კაცებს არ უნდათ, რადგან ვერ გააკონტროლებენ, ვერ მართავენ. სხვა ქალების მიმართ თუ ასე იქცევიან, ჩემ მიმართ ასე მოქცევა იციან, რომ ვერ გამოუვათ.
– მშობლებს უყვებოდით იმ ყველა ამბავს, რაც ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
– ჩემს მშობლებს ისიც ვერ ვუთხარი, სახლში რომ იყვნენ ჩემს გასატაცებლად შემოსული, რადგან ძალიან ნერვიულობდნენ ხოლმე… ჩვენთან ნათესაური ქორწინებები ხომ არის და ჩემს ორ ბიძას რძლად ვუნდოდი. ჯერ ბავშვი ვიყავი, რომ ჩემი ბიცოლა ამბობდა, შენ ჩემი ბიჭის ცოლი იქნებიო. ასეთი საუბრები არ მომწონდა და სულ ვჩხუბობდი, ვლანძღავდი ბავშვურად და დაპირისპირებაში ვიყავი. ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა არხში ჩამაგდო, მერე ვითომ თვითონ გადამარჩინა და რადგან გადამარჩინა, ფიქრობდა, რომ ჩემი იქნებაო. მოკლედ, სულ ჩხუბი და დაძაბულობა იყო. დღემდე ჩემი ორი ბიძა და ბიძაშვილები არ მელაპარაკებიან. ამდენი წელია გასული და მაინც…
უთქვამთ, რომ ვარ ემოციური, კი ვარ, მაგრამ ეს ასე თავისთავად არ მომხდარა, ამას თავის პირობა ჰქონდა. მშვიდი ცხოვრება არ მქონია. კი, დამჭირდა ფსიქოლოგთან სიარული, რაღაც კურსების გავლა, მათ შორის, ონლაინ. თან სამართალზე ვსწავლობდი და სწავლის პროცესი, წლების განმავლობაში, ჩემთვის ერთგვარი თერაპიაც იყო – მკურნალობა. ასე ვეხმარებოდი ჩემს თავს.
– ერთ-ერთ ინტერვიუში მამას ძალიან თბილად იხსენიებთ და ჰყვებით, რომ მამა ჩემი კარგი მეგობარია და ჩემზე მეტად მზრუნველი ადამიანი… მოგვიყევით მამაზე…
– ბავშვობიდან მამასთან ახლოს ვიყავი, დედასთან – ნაკლებად. მამა ჩემზე დიდად ზრუნავდა. ღამე რომ გამეღვიძებოდა, მამას ვეძახდი. მასთან მეტად ვსაუბრობდი. ახლაც ასეა. ხანდახან დილაობით მირეკავს და მაღვიძებს.
ამბები.ჯი