ანაგაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მამაკაცმა ჯერ მეგობარს ესროლა, შემდეგ ყოფილი ცოლი დაჭრა - „ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმარს შერიგება სურდა“

29 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მამაკაცმა მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა. სამართალდამცავებმა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის ზურა ზურაშვილი დააკავეს.
.
მოკლული მამაკაცი თემურ (დემურ) ღვედაშვილია, დაჭრილი ქალი კი ნათია კანდელაკიშვილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ ამბები.ჯი-ისთან, ისინი მეგობრები იყვნენ და ნათელმირონობაც აკავშირებდათ. ღვედაშვილი ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო.
ის და დაჭრილი ქალი ბოლო პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ, მას მერე, რაც მამაკაცი პატიმრობიდან გათავისუფლდა. დაკავებული მამაკაცის ახლობლის თქმით, კანდელაკიშვილი და ზურაშვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.
„ბრალდებული და მოკლული მეგობრობდნენ, მათი ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გართულდა, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლთან მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა”.
დანაშაული მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით, შეიარაღებული ზურაშვილი ღვედაშვილთან მივიდა, ისინი ერთმანეთს ეზოში შეხვდნენ, ადგილზე იყო ნათია კანდელაკიშვილიც. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ 43 წლის მამაკაცმა გულ-მკერდის არეში ჯერ მეგობარს ესროლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი დაჭრა.
AMBEBI.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, რომ მოკლული კაცი სხვა საქმეზე პატიმრობაში თითქმის 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის მერეც მან და დაკავებულის ყოფილმა ცოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
„ციხიდან რამდენი დღის წინ გამოვიდა. მე როგორც ვიცი, გათავისუფლებამდე მუქარებს უთვლიდა ბრალდებულს. ოჯახის ახლობლები ვფიქრობთ, რომ ამან დაასწრო და მოკლა. მართალია, ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმარს შერიგება სურდა, თუმცა ქალი უარზე იყო. ღამე ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. როგორც გავიგე, მოკლულის ოჯახში იყვნენ და იქ ესროლა ორივეს. ქალი საავადმყოფოშია. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა”, – ამბობს ამბები.ჯი-ის რესპონდენტი.
ამბები.ჯი




