საზოგადოება

„ავი ცოლი ცოდვილ ქმარს ეძლევა”- როგორ უხდის ღმერთი კაცს, ქალის შეურაცხყოფისთვის სამაგიეროს?

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი:

_ საკუთარ სახლში ზოგს ცოლისაგან აქვს ომი, სხვას შვილი ესხმის თავს, ვინ ძმისგან განიცდის უსიამოვნებას, ვინ კი მსახურისგან და თითოეული მათგანი იტანჯება, განიცდის, იბრძვის, ომს უტეხს (სხვას) და მარცხდება ომში, მაგრამ არცერთი მათგანი, მსჯელობს რა საკუთარ თავში, არ ფიქრობს, ცოდვები რომ არ დაეთესა, სახლში ეკალ-ბარდები არ აღმოუცენდებოდა, – ცოდვის ნაპერწკალი რომ არ შეენთო, სახლიც ცეცხლის ალში არ გაეხვეოდა. ხოლო, შინაური უბედურებანი რომ ცოდვათა ნაყოფია და, რომ სასჯელის აღმსრულებლად ღმერთი მისსავე შინაურებს უნიშნავს, ამაზე საღვთო წერილი მოწმობს. მასზე უტყუარი არაფერია.

შენთან ომი აქვს ცოლს, სახლში შესვლისთანავე გარეული ნადირივით გეკვეთება ხოლმე, ლახვარივით ალესილი აქვს ენა? სამწუხაროა, რომ თანაშემწე მოწინააღმდეგედ ქცეულა; მაგრამ საკუთარი თავი გამოიკვლიე: სიჭაბუკეში რაიმე ხომ არ განგიზრახავს რომელიმე ქალის წინააღმდეგ? და აი ქალის შეურაცხყოფისთვის ქალივე გიხდის, და სხვის ჭრილობას საკუთარი ცოლივე მკურნალობს. მართალია, თავად მოქმედმა პირმა ეს არ უწყის, მაგრამ იცის მკურნალმა – ღმერთმა. იგი შენზე მისით მოქმედებს, როგორც რკინით*, – და როგორადაც რკინამ არ უწყის, რასაც აკეთებს, არამედ ექიმმა, რომელიც რკინით მკურნალობს, ასევე აქაც: მართალია, ჭრილობის მიმყენებელმა ქალმა და ჭრილობამიყენებულმა კაცმა არ იციან ამის მიზეზი, მაგრამ სამაგიეროდ ღმერთმა, როგორც მკურნალმა, უწყის, რა არის სასარგებლო. ხოლო ის, რომ ცოლი მათრახია ცოდვათა გამო, ამაზე წმიდა წერილი მოწმობს; იგი ამბობს, რომ „ავი ცოლი ცოდვილ ქმარს ეძლევა” (სიბრძნე ზირაქისა 26,3. 9)* იგი მათ, როგორც მწარე წამალი ეძლევათ, ცოდვის წვენებს რომ დაშრეტს. და რომ შვილებისაგან თავდასხმა ასევე სასჯელია ცოდვათა გამო, ამის მოწმე დავითია, რომელსაც საკუთარი შვილი აბესალომი სდევნიდა ურიას ცოლთან უსჯულო კავშირის გამო. როდესაც ძმები გესხმიან თავს, იმდენად მათზე დრტვინვას კი ნუ მოჰყვები, არამედ საკუთრ თავს დააკვირდი და ყურადღებით გამოიკვლიე, რა ცოდვებისთვის გექცნენ ძმები მტრებად. ასე იოსები განიცდიდა ძმებისგან თავდასხმას, მაგრამ არა ცოდვების გამო, იობი კი ცოლის შესმენას ისმენდა, მაგრამ არა ცოდვათა გამო. ხოლო ადამიანთა უმეტესობისთვის, მათივე ცოდვების გამო ხდებიან შინაურები მათი მტრები. ზოგჯერ ცოდვების გამო მეგობრებიც მტრად გვიხდებიან და უწინ ჩვენი მოყვარულები ახლა ვეღარ გვიტანენ და ჩვენგან სახეს იბრუნებენ; რადგან ღმერთი, მისთვის ცნობილი მიზეზების გამო, უშვებს მათ შორის ამგვარ სიძულვილს. ასევე ეგვიპტელებზეცაა ას მეოთხე ფსალმუნში ნათქვამი: „გარდააქცია გული მისი, მოძულებად ერისა მისსა” (ფსალმუნი 104, 25). ღმერთი კი სიძულვილს არ დაუშვებდა, თუკი უწინ მათი სიყვარული მანკიერი არ იქნებოდა. ვისაც სიყვარული დაღუპვისათვის ემსახურებოდა, მასვე სიძულვილი სათნოებისაკენ უბიძგებს. ასევე მონა-მორჩილნიც ხშირად ამხედრებიან თავიანთ ბატონებს მათი ცოდვების გამო. აი, შეხედე, ვიდრე ადამი შესცოდებდა, ცხოველებიც ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, და იგი, როგორც თავის მონებს, სახელებს აძლევდა მათ; და როდესაც ცოდვით შესვარა სახე, ცხოველებმაც ვერ იცნეს იგი და მონებიდან მტრად ექცნენ. და როგორც შინაური ქოფაკი იმას ემსახურება, ვინც კვებავს მას, მის წინაშე ძრწის და მისი ეშინია, მაგრამ თუ მოულოდნელად სახედაჭვარტლულს ნახავს ან უცხო ნიღბით, მაშინვე ეცემა მას, როგორც უცნობს, და დაგლეჯვას ლამობს; ასევე მოხდა ადამთანაც: ვიდრე ისეთ სახეს ინარჩუნებდა, როგორადაც იგი ღმერთმა შექმნა, ხატად თვისად, მანამ მხეცები, როგორც მონები ემორჩილებოდნენ. მაგრამ როგორც კი სახე ურჩობით შეისვარა, მხეცებმაც ვერ იცნეს იგი და მტრობა უწყეს, როგორც სავსებით უცნობს. მონათა აჯანყებებიც ასევე საზღაურია ცოდვებისათვის. მართალი იყო დანიელი და ლომებმაც აღიარეს მისი ძალაუფლება მათზე; მათ იგი ცოდვასთან უზიარებელი ნახეს და სასჯელისგანაც უზიარებელი დატოვეს (დანიელი 6, 22). შესცოდა სიცრუისმთქმელმა წინასწარმეტყველმა, – და გზად ლომი შემოეყარა და მოკვდინებულ იქნა (3 მეფეთა 13, 24); სიცრუით შეისვარა სახე და ლომმაც ვერ იცნა იგი. ლომს რომ, დანიელის მსგავსად, მასში წინასწარმეტყველი დაენახა, პატივსაც მიაგებდა; მაგრამ იგი ცრუწინასწარმეტყველს წააწყდა და ამიტომაც დაესხა თავს, როგორც უცხოს; მეუფემ იცრუა და მონაც ეცრუვა მის მეუფებას. მაგრამ რას ვამბობ მე საშინაო უბედურებებზე, როცა თავად ჩვენი სხეულიც კი, რომელიც ყველაზე ახლობელი და სასურველია ჩვენთვის, ზოგჯერ ისიც კი გვმტრობს, როდესაც შევცოდებთ, და სამაგიეროს გვიხდის ციებ-ცხელებით, სხვა სნეულებითა და სატანჯველებით, – თუკი მონებრივი სხეულიც სჯის მეუფებრივ სულს, როდესაც იგი შესცოდებს, არა იმის გამო, რომ მას ეს სურდა, არამედ იმიტომ, რომ ასე ებრძანა. ამას მოწმობს ქრისტე, რომელიც განკურნებულ პარალიზებულს ეუბნება: „აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ” (იოანე 5, 14). მაშ, შევიტყვეთ რა, ძმანო, რომ შინაომებიც, მოყვასისაგან და მონათაგან ჯანყიც, ხორციელი ავადმყოფობებიც უმეტესწილად ჩვენი შეცოდებების გამო ხდება ხოლმე, მოვსპოთ უბედურებათა წყარო – ცოდვა.
წმიდა იოანე ოქროპირი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close