საინტერესო

,,ადამიანი რა საკითხშიც არაა რეალიზებული, ჭორებს სწორედ იმ სფეროში ავრცელებს”

,,ჭორების მსხვერპლი ხდება ის, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს"

_ ჭორი შეიძლება ადამიანმა გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად გაავრცელოს. საბოლოოდ, ამგვარი ინფორმაციების გავრცელების მთავარი ამოცანა ისაა, რომ ხაზი გაესვას სხვა ადამიანის უარყოფით მხარეს. ჭორით წინა პლანზე სხვისი ნაკლოვანებები გამოაქვთ და ამით საკუთარს მალავენ. არაერთი შემთხვევაა, როცა ჭორის გამო ოჯახები დანგრეულა, მეუღლეებს შორის უთანხმოება ჩამოვარდნილა, მეგობრები ერთმანეთს დაშორებიან.

არსებობს ჭორის მიზანმიმართული ფორმებიც, რომელსაც შავ პიარსაც უწოდებენ. მისი ობიექტები პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები არიან. მიზანი ერთია, რეპუტაციის შელახვა და იმიჯის შერყევა.

_ არსებობს აზრი, რომ ჭორაობა ქალების ხელობაა. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

_ არსებობს მოსაზრება, რომ ქალები უფრო ჭორიკნები არიან და იოლად ექცევიან ჭორების გავლენის ქვეშ. სინამდვილეში მამაკაცებსაც მოსწონთ ეს საქმიანობა. ჭორების გავრცელებით ძირითადად ის ადამიანები არიან დაკავებული, ვისაც საკუთარი პრობლემებისთვის ვერ მოუვლია. ადამიანი რა საკითხშიც არაა რეალიზებული, ჭორებს სწორედ იმ სფეროში ავრცელებს და სხვა ადამიანის ცხოვრებაშიც სწორედ ამ სფეროთი ინტერესდება. ჭორაობით ცდილობენ, ხაზი გაუსვან იმას, რომ ცუდი სხვა არის და არა -თავად, სხვას აქვს პრობლემები და არა-მას. ამით თითქოს ივსენებ საკუთარ დანაკლისს, თანაც ყურადღების ცენტრში აქცევენ სხვას და თავად ჩრდილში რჩებიან. ნაკლებპრობლემური ადამიანები სხვისი ცხოვრებით არ ინტერესდებიან.

_ როგორ დავიცვათ თავი, რომ ჭორმა ნაკლები ზიანი მოგვაყენოს?

_ ჭორს არ აჰყვებიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავის ფასი კარგად იციან, გრძნობენ თავიანთ დადებით და უარყოფით თვისებებს და სხვის აზრზე დამიკიდებული არ არიან. ხვდებიან, სად არის სიმართლე და სად- სიცრუე. ჭორების მსხვერპლი ხდება ის, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს და ამიტომ ეშინია, თუ რას იტყვის მასზე ხალხი. საკუთარ ძალებში თავად ეპარება ეჭვი. ასეთ ადამიანზე ჭორი დიდ გავლენას ახდენს.

ფსიქოლოგ მარიამ ლომთათიძეს ესაუბრა ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close