საზოგადოება
კანონდარღვევები, რომლებიც აუდიტის დამსახურმა სიღნაღის მერიაში აღმოაჩინა
7 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში. შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში საკმაოდ სკანდალურია და ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. ამჯერად, გთავაზობთ ანგარიშის სრულ ვარიანტს.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
- მუნიციპალიტეტმა წყლის სისტემის, საგზაო სამუშაოების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ თავი აარიდა ელექტრონულ ტენდერებს და მათი შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვით, როგორც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუმცა შესაბამისი საფუძვლები არ არსებობდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა, ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო, პრეტენდენტთა მიმართ პროპორციული მიდგომა და შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობა.
- მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას. კერძოდ, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, ხოლო ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული არ არის და ეხება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
- 2018 წელს საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მიზეზები, რის გამოც მიმწოდებელმა დროულად ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ქმედებით თუ უმოქმედობით, დაკარგა ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის განსაზღვრული, საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხის მიღების შესაძლებლობა.
- არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის არასათანადო მიდგომის გამო, დაუსრულებელია სოფ. ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე დაუსრულებელია ქ. სიღნაღში დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობისა და ქ. წნორში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი. მიუხედავად ამისა, როგორც პროექტანტის, ასევე საექსპერტო კომპანიის მიმართ, რომელმაც საპროექტო დოკუმენტაციაზე დადებითი დასკვნა გასცა, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.
- მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამო, საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანიას, რომელმაც იგივე სამუშაოები შეასრულა უფრო მეტი ღირებულებით. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაიხარჯა არაეკონომიურად.
- მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.
- სიღნაღის მუნიციპალიტეტში არასაკმარისი კონტროლის მექანიზმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, დასუფთავების მოსაკრებლის მნიშვნელოვანი წილის გადამხდელები არიან ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირები. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის სრული აღრიცხვა. შედეგად, მუნიციპალიტეტში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას, დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე.
- 2018 წელს ქ. სიღნაღისა და ქ. წნორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 184 მოქალაქისათვის საკვების მომზადებისა და მიწოდების მომსახურებას შემსრულებელი ახორციელებდა არაჯეროვნად. მიუხედავად ამისა, მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. შედეგად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება.
- მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი.
- 2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გრანტის სახით გადაეცა ფინანსური რესურსი. მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა ა(ა)იპ-მა და შედეგად რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
- 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე არ არის დაწესებული სათანადო კონტროლი. შედეგად, არსებობს რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები და არ მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
- მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევას, რისკების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ”.