რელიგია

,,უფალი ახლოსაა ჩვენთან, მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან… რამდენიმე დღე დარჩა”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (12.01.2020):

ჩვენთან არს ღმერთი
დღეს სხვა წმინდანებთან ერთად არის ხსენება წმინდისა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა. იგი ასე ლოცულობდა თავისთვის: ,,მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.“

სიმშვიდე არის ის პირობა, რომელიც აუცილებელია, რომ გვქონდეს, რათა სული წმინდა გარდმოვიდეს ადამიანზე. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე. გვაკლია იმიტომ, რომ არეულნი ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალინ ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს მეცნიერების, კულტურის, თანამედროვე მიღწევების.

უნდა გვახსოვდეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ღვთის ხელშია.

აი ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში: მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში… ეს სისწრაფე მეტყველებს, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან, მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამისათვის. გამიგონია მორწმუნეთაგან, რომ ჟამი ახლოს არისო, მე ვიტყვი, – შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები: ,,მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, ძალიან აქტუალურია.

დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, – როგორც წინსვლა, ისე შეცდომები. მაგრამ დავით მეფე ხედავდა რა თავის შეცდომებს, დიდად განიცდიდა. ამიტომ დაწერა შესანიშნავი წიგნი ფსალმუნებისა, – ,,დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი. ყველასთვს ცნობილია მისი 50-ე ფსლმუნი – ,,მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი“.

დავითმა დიდხანს არ იცოცხლა; 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი.

გილოცავთ ამ დღესასწაულს. დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

,,მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“.

დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

Related Articles

Back to top button
Close