7 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის – იაკობ გაგულაშვილის შეხვედრა შედგა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ბ-ნი ლაშა ჟვანია, თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე ბ-ნი მერაბ ჩანჩალაშვილი, დამსახურებული სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ბ-ნი ედუარდ პალაგაშვილი, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენი ბ-ნი სიმონ კრიხელი. გულთბილი მისალმებების შემდგომ, საუბარი საქმიანი ფორმატით წარიმართა და სამომავლო გეგმებს შეეხო. სიმბოლური იყო, რომ საქართველოს პატრიარქმა და ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა ერთად დალოცეს და მიულოცეს ბატონ ლაშა ჟვანიას ისრაელში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა. ებრაელის დალოცვა ღმერთს ესმისო ღიმილით აღნიშნა პატრიარქმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან სანიმუშო ძმობას გაუსვა ხაზი.

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ მოღვაწეობას და აღნიშნა, რომ უთუოდ დიდია ქართულ-ებრაული თანაცხოვრების 26 საუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელობა და დატვირთვა – ყველა ასპექტში. – ეს უფრო მსოფლიოს დასანახად უწმინდესო, თორემ ჩვენ ისეთი სიყვარული გვაქვს ერთმანეთისა, რომ კიდევ ბევრჯერ გავაოცებთ იგივე მსოფლიოს – ბრძანა რაბი იაკობმა და დაადასტურა, რომ ებრაული წყაროების დეტალური შესწავლა აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ ამ ორი ერის ურთიერთობის გზები კიდევ უფრო შორეულ ისტორიულ კლასტებში იკვეთება. – სამი მშვიდობა მინდა გისურვოთ უწმინდესო, დაასრულა თავისი სიტყვა რაბი იაკობმა: მშვიდობა სხეულში, მშვიდობა გარშემო და მშვიდობა გამჩენთან!! ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ პატრიაქო! ვუსმენდი მდუმარედ ტკბილად მოუბარ ორ ბრძენკაცს, ორი უდიდესი რელიგიის ლიდერს და ვფიქრობდი: ღმერთო, რამდენი სიკეთე შეიძლება გაკეთდეს პატივისცემითა და სიყვარულით, შენ ხომ კაცთა შორის სათნოების მოქადაგე ხარ, უფალო!

.

ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

კომენტარები
Загрузка...