,,ხალხთან თამაში არ შეიძლება – თუ ერის მამობა გინდა, თავით და ფეხებით უნდა გადაეშვა პოლიტიკაში”
ვისი პროექტია ლევან ვასაძე და რა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს?!
ჯერ კიდევ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ ვწერდი: ჩვენი N1 ამოცანა სააკაშვილის რეჟიმის მოშორებაა, მაგრამ, ისე ნუ ვიზამთ, ახალი ხელისუფლება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოვიყვანოთ-მეთქი! მაშინ ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ჩემი გაფრთხილება – „ოღონდ სააკაშვილი არა“-ს ლოზუნგმა ყველაფერი გადაფარა!
უფრო კონკრეტული რეკომენდაციები მქონდა 2013 წელს, როცა ეიფორიაში მყოფმა საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, თუ რას ნიშნავდა კოჰაბიტაცია და თუ ვინმემ გააცნობიერა, სერიოზული პროტესტი არც გამოუხატავს…
მაშინ ხაზგასმით ვწერდი, რომ ბიძინა ივანიშვილს რაც არ უნდა კარგი ჩანაფიქრი ჰქონოდა, რაც არ უნდა ეროვნული გრძნობით ყოფილიყო დამუხტული, საკუთარ თავს ვერ გადაახტებოდა – ის იძულებული გახდებოდა, უსიტყვოდ შეესრულებინა გარედან თავსმოხვეული ყველა დავალება, თუ ხალხისგან ანტიქართული ინიციატივების შემაკავებელი ულტიმატუმი არ წამოვიდოდა.
სხვათაშორის, ხალხის ხმას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, 2012 წლის არჩევნების შედეგმაც დაადასტურა, როცა სააკაშვილი იძლებული გახდა დამორჩილებოდა საზოგადოების განწყობას და ეღიარებინა დამარცხება!
ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველო „ცოტა გამაბედინე“-ს (უხამსობას მოვერიდები, მაგრამ, კონტექსტი იგივეა) სინდრომმა დაღუპა: როცა განგაშის ზარი უნდა დაგვერისხებინა ან ვდუმდით, ან ჩვენი რეაქცია კომპიუტერის კლავიშის კაკუნს არ სცილდებოდა…
დიახ, საყდრისი ააფეთქეს და გადავყლაპეთ, „კაზანტიპი“ შემოგვბედეს და თითქოს არაფერი – „მუსიკალურ ფესტივალად“ გაასაღეს და ჩვენც დავიჯერეთ, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს და ლევან ვასაძის იმედზე დავრჩით, რომელიც პარლამენტარების ქეჩაში ხელის ჩავლებით და პარლამენტიდან მათი გამოყრით იმუქრებოდა (თუმცა, მუქარა, მუქარად დარჩა, კანონი კი გრიალით მიიღეს), უცხოელებზე მიწებს „უპრაგონოდ“ ჰყიდდნენ და ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა პრობლემამაც ვერ გამოგვაღვიძა და გაგვაერთიანა (მოსასწრები უკვე მოასწრეს), „იუვენალურ იუსტიციაზე“ კანონი მიიღეს და თითქოს არაფერი მომხდარა, სკოლაში აღვირახსნილობის პროპაგანდას აკანონებენ (უფრო სწორად, დააკანონეს) და განგაშის ზარი არ დაგვირისხებია, ახლა დავით გარეჯის გარშემო ხელოვნურად აგორებულმა ციებ-ცხელებამ იჩინა თავი და ურთიერთგამომრიცხავი ინიციატივებით შემოვიფარგლეთ. პრობლემა კი პრობლემად რჩება!
თუმცა, დავით გარეჯიც არ გახდა საკმარისი, რომ უფრო გლობალური პრობლემა მიეჩქმალათ – მხედველობაშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომლის შეჩერების გამო ამერიკამ თითი უკვე დაგვიქნია. მართალია, ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ, არსებობს ვარაუდი, რომ ანაკლიაში სამხედრო დანიშნულების პორტი უნდა აშენდეს, რაც რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის!
ეტყობა, დავით გარეჯიც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ანაკლიის თემა ბოლომდე გადაფარულიყო…
სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ლგბტ-პრაიდის ჩატარების აუცილებლობა თბილისში, მაინცდამაინც დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია. საქმე ეხება გეიაღლუმის ჩატარებას, რომელიც სოდომ-გომორის ცოდვასთან ასოცირდება…
მე ადრე ლევან ვასაძე ვახსენე, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერებს პარლამენტიდან ქუჩაში გამოყრით ემუქრებოდა, მაგრამ მუქარა არ შეუსრულებია – კანონი კი მიიღეს, რომლის მძიმე შედეგს სწორედ დღეს ვიმკით დაანონსებული გეიაღლუმის სახით.
ნიშანდობლივია, რომ ამჯერადაც ლევან ვასაძე გახდა ქუჩაში „ქართველი კაცების“ გამოყვანის ინიციატორი. მეტიც, ვერის პარკში შეკრებილ აქციაზე მან მოხალისეთა ლეგიონის შექმნა დააანონსა, რომელიც ქამარში გარჭობილი კომბლებით დაიცავდა ხალხს მამათმავლების აღლუმისგან.
მე ფეისბუქსტატუსით გამოვეხმაურე ვერის პარკში ჩატარებულ აქციას, სადაც ხაზგასმით ვწერდი: ლევან ვასაძემ საკუთარი მოწოდებებით და ერთობ საჩოთორი ინიციატივით (ძალადობა შობს ძალადობას!) ხელ-ფეხი გაუხსნა ხელისუფლებას, შეასრულოს საკუთარი ვალდებულება-მეთქი.
არ ვიცი, ცვლის თუ არა ლგბტ-ს წარმომადგენელთა ტაქტიკას ვასაძის ინიციატივა, მაგრამ, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც ადრესატი გვეშლება – მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებაა, რადგან, იგი ვალდებულია, საზოგადოების განწყობა გაითვალისწინოს და არ დაუშვას გეიაღლუმის ჩატარება.
ვასაძემ კი პირიქით გააკეთა – მან განაცხადა, რომ მოხალისეთა ლეგიონის შექმნით იგი არ დაუშვებდა აღლუმის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში, კომბლებსაც გამოიყენებდა…
მეორეც, ასეთი ე.წ. „ლეგიონები“ კანონგარეშედ აყენებენ საკუთარ თავს.
მესამეც, წელს ამ მიზეზით გეიაღლუმი რომც არ ჩატარდეს, მომავალშიც იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით!
დასკვნა მარტივია: ჩვენ ყოველთვის უნაგირს ვამტვრევთ (ბოლომდე მაგასაც ვერ ვამტვრევთ), ცხენი (მთავარი დამნაშავე) კი უვნებელი რჩება!
რაც არ უნდა მოგვწონდეს, რაც არ უნდა მოღალატე და გადაგვარებული შეიძლება იყოს კონკრეტული ხელისუფლება, იგი სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და მისი პირდაპირი ვალდებულებაა ანგარიში გაუწიოს საკუთარი ხალხის მოთხოვნებს!
რა გამოდის?
ჩვენ არათანმიმდევრული გამოხტომებით მხოლოდ ორთქლს ვუშვებთ, ქარავანი კი თავისი გზით მიდის, ანუ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე ბნელი ძალები მაინც თავისას აღწევენ!
სიტყვა არათანმიმდევრული ვახსენე და აქვე გავაგრძელებ: მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძე თავისი ქარიზმით და ეროვნული მოწოდებებით სიმპათიას იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მის აქტიურობას სწორედ არათანმიმდევრულობის ბეჭედი აზის – როგორც მოულოდნელად გამოკრთება ხოლმე მისი სილუეტი, ასევე მოულოდნელადვე ქრება კიდეც.
მეორეც, მართალია გეიაღლუმის ჩატარება მართლმადიდებელმა ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას, მაგრამ, არანაკლებ მწვავე იყო ამ კანონების მიღებაც, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ზოგადად უპერსპექტივოს ხდის ერის მომავალს…
როგორ ფიქრობთ: ნაკლებად აქტუალურია კანონი „იუვენალური იუსტიციის შესახებ“ ან, თუნდაც, ახალმიღებული „ბავშვთა კოდექსი“, რომ არაფერი ვთქვათ უცხოელთა მასობრივად შემოდინებაზე ან ქართული მიწის შეუზღუდავად უცხოელებზე მიყიდვაზე?
რატომღაც არ მახსოვს ბ-ნ ლევან ვასაძეს განგაშის ზარი დაერისხებინოს – პარლამენტის წინ, ან სახელმწიფო კანცელარიასთან ქუდზე კაცი მოეხმოს!!!
ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილს (ვისთანაც ასოცირდება დღევანდელი ხელისუფლება) შეუძლია გარედან თავსმოხვეულ ზეწოლას ბოლომდე გაუძლოს და არ აკეთებს! ვერც იმას დავამტკიცებ, რომ საზოგადოების აზვირთების შემთხვევაში ხალხის მხარეზე დადგება თუ არა, მაგრამ, ერთი რამ დაბეჯითებით ვიცი – წინ ვერავინ დაუდგება ხალხის ნებას, თუ ერთ სულ და ერთ ხორც შევიკვრებით ერის სასიცოცხლო ინტერესების გარშემო.
ჩვენ კი ან ფოჩიანი კანფეტებით გვაბრუებენ, ან საკუთარ ენერგიას ერთმანეთის ჯიჯგნაში ვხარჯავთ, რა დროსაც მტერი თავის საქმეს უპრობლემოდ აკეთებს.
დასკვნა: ვიდრე საქართველოში „ცოტა გამაბედინე“-ს სინდრომს ადექვატური რეაქცია არ მოჰყვება, ვერც „მოხალისეთა ლეგიონები“ გვიშველის და ვერც ლევან ვასაძე იქნება ერის „ზალატოი ზაპასი“ („სათადარიგო ოქრო“)!
P.S. ლევან ვასაძის ბოლოდროინდელი გააქტიურება ბევრმა მისი მხრიდან აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილებად აღიქვა, რაც საფუძველს მოკლებული მგონია.
ჯერ ერთი, დღევანდელ რეალობაში აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა, ვასაძისნაირი პერსონისთვის (სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით) სახიფათოა და მსხვერპლშეწირვის ტოლფასი იქნება, რაც არა მგონია მან გარისკოს…
მეორეც, ხალხთან თამაში არ შეიძლება – თუ ერის მამობა გინდა, თავით და ფეხებით უნდა გადაეშვა პოლიტიკაში და თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა დაამტკიცო, რომ მსხვერპლშეწირვისთვის მზად ხარ!
P.S.S. რაც შეეხება საზოგადოებაში მოარულ აზრს, რომ ლევან ვასაძე რუსული პროექტია და მისი ნებისმიერი ფორმით გააქტიურება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, არც მტკიცება შემიძლია და არც უარყოფა.
ერთი რამ კი დაბეჯითებით ვიცი: ჩვენ ქართული პროექტი გვჭირდება, თუნდაც ჩოხა-ახალუხის და თითიდან გამოწოვილი რაინდობის ტიტულის გარეშე!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი