ჯანდაცვა

ბავშვთა სტომატოლოგებად არალიცენზირებული ექიმები მუშაობენ _ რა ხდება ოზურგეთში?

„წისქვილმა კი ფქვასო“.. დიდი ხანია, პრესა ამ პოზიციაშია და საზოგადოებაც მიეჩვია მის ამ მდგომარეობას. თითქოს ის ყველაფერი, რაც ვრცელდება, ზღაპარი იყოს და არა სინამდვილე, მაგრამ არც ასეა საქმე. გააჩნია, ვის „აეწვება“ და თუ აეწვა, განგაშსაც ატეხს.

ჩვენში პრობლემურ სფეროს რა გამოლევს, მაგრამ ახლა სპეკულაციები ჯერ პოლიტიკურ ჭრილშია. სოციალური თემა, ალბათ, უფრო არჩევნების წინ წამოიწევს. მაშინ ყველა მართალია. „მინუსებს“ ყველა ხედავს _ ოპოზიციაც და პოზიციაც (თითქოს ეს უკანასკნელი თავად არ იყოს ხელისუფლებაში და სიტუაციის გამოსწორების სადავეები არ ეპყრას ხელთ…)

ახლა უფრო კონკრეტულად.. ოზურგეთი ცენტრიდან შორსაა, მაგრამ პრობლემები მასთან ძალიან ახლოა. უფრო სწორად კი იმდენია, ჩამოთვლაც გაგვიჭირდება. ამჯერად ნომერ პირველ პრობლემურ სფეროს _ ჯანდაცვას შევეხოთ.

აქ არ ვაპირებთ იმ უამრავი „საჩივრის“ განხილვას, რასაც ექიმების მისამართით გაიგონებთ. ამ საჩივრებში კი არც ისე ადვილია მტყუან-მართლის გარკვევა. დაზარალებული პაციენტიცაა და არანაკლებ ჩაწიხლული _ ექიმი, რომლისკენაც თითის გაშვერა უკვე ყველას ეადვილება.

ამჯერად ექიმების პრობლემებზე ვისაუბრებთ, რომელთა მოგვარებაც პირდაპირაა დაკავშირებული პაციენტის ჯანმრთელობასთან.

ახლახან ერთმა ექიმმა (სხვათა შორის, ბავშვობიდან მოწოდებით ექიმმა!!!) შემომჩივლა: ვმუშაობთ, თვეებია, ხელფასი არა გვაქვს, ვიფიცებით, მაგრამ უშედეგოდო. მისივე სიტყვებით, ავადმყოფი შემოდის, ხელში ფარატინა ქაღალდი _ მომართვა უჭირავს და ჰგონია, ეს მომართვაა ყველაფრის წონა.. იმ ქაღალდს კი რა ფასი აქვს, ჩვენთვის ის რას წარმოადგენსო..

ეს „ფარატინა ქაღალდი“ სოციალურად დაუცველის ხელშია „რაღაც“, თორემ ექიმებისა და, როგორც ირკვევა, ჯანდაცვის „თვალში“ უკვე აღარაფერია., ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის მონაპოვარი სრულებით გაუფასურებულია.. ჩვილ ბავშვს, რომელსაც წესით პროგრამის პირობებში უფასოდ უნდა იღებდნენ, მხოლოდ სიცხის გაზომვა 25 ლარი დაუჯდა (მსგავსი შემთხვევები, საბედნიეროდ, არც ძალიან ხშირია და, სამწუხაროდ, არც ძალიან იშვიათი… ვინ გაუძლებს ცდუნებას და პაციენტს ხელებში ყურების ნაცვლად თვალებში ვინ ჩახედავს?..

დავიწყოთ იმით, რომ ოზურგეთში სერიოზული დანაკლისია პროფესიონალი ექიმებისა. მხოლოდ ბავშვთა სტომატოლოგიას რომ შევეხოთ, აქ ვერც ერთ ლიცენზირებულ ექიმს ვერ შეხვდებით. თუ მოზრდილთა სტომატოლოგმა ბავშვი პაციენტი მიიღო, ათასლარიანი ჯარიმა „ერგება“. ლიცენზიის მიღება კი მხოლოდ რამდენიმეთვიანი კურსების გავლის შემდეგაა შესაძლებელი. ფაქტობრივად უკანონო რეჟიმში მუშაობენ ექიმები და მაინც იღებენ ბავშვებს, თუმცა ისეთებს, რომელთა „ნდობაც“ შეიძლება… ისინი ლიცენზიის მიღებას არ აპროტესტებენ, მაგრამ  განა ადვილია, ექიმმა ძირითადი საქმე მიატოვოს, დედაქალაქში  ამდენი ხნით დაიდოს ბინა?!..

და ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აქაური ექიმები კადრს მიღმა ჰყვებიან. და რატომ კადრს მიღმა? ისედაც შევიწროებული (თუ კლანურ ინტერესებში არ ჯდები, არავის აინტერესებ და სამსახურსაც ვერ იშოვი ან ვერ შეინარჩუნებ), დათრგუნული (უხელფასობით, სხვა ათასგვარი სათადარიგო სამსახურის ძებნის პირობებში), გალახული (სასწრაფოს ექიმები უცემიათ კიდეც დაგვიანების გამო_ მანქანები ამორტიზებულია და სისწრაფე შეზღუდული(?!) უფლებააყრილი (არ არსებობს კანონი, რომელიც ექიმის უფლებას დაიცავს!) ექიმები მხოლოდ პრობლემების აღწერით შემოიფარგლებიან.

ხოლო ყველაზე „ნაღდ“ კადრს, თუ რა „დღეშია“ ჩვენში ჯანდაცვა, მაშინ იხილავთ, თუ  ე.წ. უფასო ექიმების ჩამოსვლის მოწმე ან ვიზიტორი ხდებით. ის ერთი შეხედვით დადებითი მოვლენა, უფასო აქციები, პაციენტთა მომსახურება ტრაგი-კომიკურ  სურათად იქცევა... ყველას იმედი აქვს, პროფესიონალთან უფასოდ შეხვედრის, ხალხი ერთმანეთს აწყდება, თელავს, მიიწევს და … ზოგჯერ გადაღლილი ექიმი უჩინარდება.

მარიამ რამიშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close