საინტერესო

წაჩხურუს ტაძარი – უშვილოთა შემწე

„6 წლის თავზე უფალმა ჩვენი თხოვნა შეისმინა და პატარა იოანე გვაჩუქა“

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოშიმანქანების ნაკადი არ წყდება. წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელსაც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა.

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის. ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან.

უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა… 

სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

შოთა სხულუხია ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა:

–  მე და ჩემ მეუღლეს შვილი 6 წელიწადი არ გვყავდა, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. რამდენიმე წელი მე და ჩემი მეუღლე შვილიერებას ვთხოვდით წაჩხურუს მთავარანგელოზს… 6 წლის თავზე უფალმა ჩვენი თხოვნა შეისმინა და პატარა იოანე გვაჩუქა, მადლობა ღმერთს ამისთვის, მადლობა წაჩხურუს მთავარანგელოზს, მადლობა ამ მონასტრის ბერებს ლოცვისთვის…

წაჩხურუს ეკლესიის დეკანოზი, მამა სერაფიმე (დანელია) „კვირის პალიტრასთან“ ყვება:

– ამ ტაძარში უკვე მრავალ სასწაულს შევსწრებივარ, მაგრამ პირველი სასწაული მართლაც დაუვიწყარია ჩემთვის. ახლობელ ცოლ-ქმარს უშვილოების პრობლემა აწუხებდა და მთხოვეს, მათთვის შეკვეთილი წირვა აღმესრულებინა მთავარანგელოზთა ტაძარში.

მაშინ ახალნაკურთხი მღვდელი ვიყავი, არც მედავითნე მყავდა და არც საკურთხევლის მსახური, ამიტომაც ვთხოვე, თვითონვე ემსახურათ. ცოლი გალობდა, მეუღლე კი შეძლებისდაგვარად მემსახურებოდა.

შემოდგომის სუსხიანი დილა იდგა, ამიტომაც ქმარმა ტაძრის შორიახლოს პატარა ფარდულში ცეცხლი აანთო და დროდადრო გაიპარებოდა ხოლმე გასათბობად. წირვის მსვლელობისას ვხედავდი, რომ რამდენჯერმე შემოირბინა, თან გაოგნებული სახე ჰქონდა და აქეთ-იქით უცნაურად იყურებოდა. წირვის დასასრულს ვკითხე თუ რა იყო ამ უცნაური ქცევის მიზეზი? – მიპასუხა, – წირვის დროს რომ შემცივდა, გასათბობად გავედი, მაგრამ როგორც კი ცეცხლთან დავჯექი, საოცარი გალობა მომესმა ტაძრიდან და ვიფიქრე, ხალხი ამოვიდაო. შემოვედი ტაძარში. იქ კი არავინ დამხვდა, უკან გასულს ისევ ის საოცარი ხმები მომესმა და ეს რამდენჯერმე გამეორდაო…

დიდება შევწირეთ უფალს, მაშინ ტაძარში წირვა-ლოცვის აღდგენის პირველი დღეები იყო და ჩავთვალეთ, რომ ანგელოზებიც ჩვენთან ერთად ხარობდნენ ამის გამო. რომ იცოდეთ, ამ ჩემი ახლობლის ოჯახს ამის შემდგომ ოთხი შვილი შეეძინა.

„კვირის პალიტრა“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close