„ჩემს თავს დავტანჯავ და ჩემს კამეჩს – არა“
რატომ ჰქვია ცნობილ კამეჩს ალილოდან სალვადორი - „ისე მყავს გაზრდილი, სულ გულში ვიხუტებდი... არ მოვიშორებ, სანამ ცოცხალი ვარ“

კამეჩი სახელად სალვადორი და მისი პატრონი საშობაო ალილოს მუდმივი მონაწილეები არიან. ისინი სოფელ მეფისქალაქში (ყოფილი ახალქალაქი) ცხოვრობენ და ამ დღეს დედაქალაქს ყოველთვის სტუმრობენ. სალვადორის პატრონი, მურად ნასიბოვი, „კვირის პალიტრას“ უამბობს.
.
– კამეჩს რატომ დაარქვით სალვადორი?
– ფილმს ვუყურებდი და იმის მიხედვით… ჩემს კამეჩს სალვადორს ხომ ვეძახი და ბაზარშიც და სოფელშიც მეც სალვადორს მეძახიან…
სალომე ფაშაევი, მურად ნასიბოვის მეუღლე: ჩემს მეუღლეს კამეჩი 20 წელზე მეტია ჰყავს. მეტყვის ხოლმე, კამეჩს არასდროს მოვიშორებ და შენ მოგიშორებო. ძალიან უყვარს… დიდი კამეჩი 15-16 წლის წინ უეცრად მოუკვდა, რის გამოც ძალიან ცუდად გახდა… მერე რამდენიმე თვის კამეჩი შევიძინეთ და ჩემი მეუღლეც მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა… ახლა 6 წლისაა და გვერდიდან არ იშორებს.
მურადი: კამეჩი ძლიერი ცხოველია, ხალხი ადრე მისი საშუალებით შეშას ეზიდებოდა… მე კი ძალიან არ ვტვირთავ სალვადორს, შეიძლება ახლომახლოდან მხოლოდ 10 პრესი მოვატანინო… ეს სადაც გინდა, იქ მივა, მანქანამ შეიძლება გიმტყუნოს, სადღაც ჩავარდეს, ან „იბუქსაოს”… ეს უღალატოა. ძალიან ვერ დავღლი და არაფერს გავუჭირვებ. ჩემს თავს დავტანჯავ და მაგას – არა.
ახლა კამეჩები აღარ ჰყავთ, მოიშორეს. მე ამას როგორ მოვიშორებ?! ჯერ ერთი, მიყვარს და მერე – მეხმარება. ასე, 10-15 დღეში ერთხელ ნახევარი საათით თუ დავტვირთავ ხოლმე… ძალიან ძლიერია, სერიოზული გამწევი ძალაა, მაგრამ ამან პირველად მამალი (ხარკამეჩი) მოიგო, თვისა და 10 დღის იყო, რომ გავყიდე… მოკლედ, სოფელში იციან, რომ კამეჩი მყავს, მაწონს ვადედებთ. ამიტომ კამეჩის მაწონს სოფელში ყველა მიირთმევს. ქალაქიდანაც მირეკავენ.
– კამეჩის მაწონი ძროხის მაწვნისგან რით განსხვავდება?
– კამეჩის მაწონი ისეთი სქელია, დანით, გინდაც კოვზით იჭრება, მსუყე და გემრიელია.
– რამდენს იწველის სალვადორი?
– მაგის დედა 6-7 ლიტრსაც ძლივს იწველიდა, მაგრამ ძროხის რძესთან შედარებით, ამის რძე ორმაგია ყველა მონაცემით. ეს 6 ლიტრს იწველის. ძროხა მეცხრე თვეზე მშობიარობს, კამეჩი – მეათეზე… მოკლედ, ჩემი კამეჩი ისე მყავს გაზრდილი, სულ გულში ვიხუტებდი.
– ალილოზე რამდენი ხანია, დადიხართ?
– ადრე კამეჩი ბევრი რომ იყო, სხვებსაც დაჰყავდათ, ახლა რომ აღარაა, მე მეხვეწებიან, წამოდიო.
– აზერბაიჯანელი როგორ კარგად ლაპარაკობთ ქართულად… მუსლიმანისთვის ალილოზე სიარული რას ნიშნავს?
– აქ დავიბადე და გავიზარდე, ქართულიც აქ ვისწავლე. მიყვარს აქაურობა. ღმერთი კიდევ ერთია. ვენაცვალე ღმერთს. 6 იანვარს ჯერ ურმები მიაქვთ მანქანებით თბილისში, 7-ში კამეჩებსა და ვირებს გადაიყვანენ. წლეულს სამი ვირი და ჩემი კამეჩი იყო. დანიშნულების ადგილამდე რომ მივალთ, მერე ცხოველები მანქანიდან გადმოჰყავთ, კამეჩს ურემში ვაბამთ და სამებამდე ფეხით მივდივართ.
ისე, ყველა კამეჩი ალილოზე ვერ გაივლის, დაანგრევენ ყველაფერს. ჩემი თვინიერია, ადამიანივითაა, გაჩერდი-მეთქი, ვეტყვი, გაჩერდება, დაღუნე თავი – დაღუნავს. პატარაობიდან ასე გავზარდე. სხვა კამეჩები ასე არ გაჩერდებოდნენ, ვერ დაიმორჩილებდი. ალილოზე იმხელა ხმაური და ხალხმრავლობაა, ეს კი მშვიდად არის.
– კამეჩი როგორი ცხოველია, რას ითხოვს, როგორი მოვლა უნდა?
– ზამთარში ზეთის წასმა უნდა, რომ რაიმე ბაქტერია არ მიეკაროს, ტილისგანაც დაიცვას. ზეთი იმ ყველაფერს კლავს, მერე კი ის ზეთი ზედ აშრება. ზამთარში მცივანები არიან, ზაფხულში სცხელათ, გაგრილება უნდათ ხოლმე და გუბეებში უყვართ წოლა, მდინარეზეც მიდიან. აქ მდინარე თეძამი გვაქვს და იქ ბანაობს. დილა-საღამოს დაფქულ ქერს ჭამს, თივასა და ფუჩეჩსაც (ჩალას)… დილა-საღამოს ვწველით. ყველი რომ გავაკეთოთ, იმდენი რძე არ გვიგროვდება, თან მაწონზეა დიდი მოთხოვნა. არადა, ერთაწმინდაში, ნოსტეში, წინარეხში იყო ხოლმე კამეჩის ნახირი. რატომ მოიშორეს, არ ვიცი. მე არ მოვიშორებ, სანამ ცოცხალი ვარ.
„კვირის პალიტრა“