„ჩემი მეუღლე სულ სახლში ზის და ოჯახს უვლის“
როგორ მოხვდა ფილარმონიაში ფიზიკის პედაგოგი, ვახტანგ ტატიშვილი

ლეგენდარული „ივერიის“ წევრი ვახტანგ ტატიშვილი 80 წელს არის გადაცილებული. მისი და ნინო ბოლქვაძის ოჯახი 50 წელზე მეტი ხნისაა. ჰყავთ 2 შვილი და 6 შვილიშვილი.
.
-თავის დროზე შემიყვარდა ეს გოგო და ცოლად მოვიყვანე. სხვა რომ შემყვარებოდა, მაშინ იმას მოვიყვანდი… უცხო ენები აქვს დამთავრებული, მაგრამ არ უმუშავია, ლამის მთელი ცხოვრება სახლში ზის და ოჯახს უვლის… მშვენიერი, კარგი ნორმალური ოჯახი გვაქვს,
-შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება სცენაზე გაქვთ გატარებული…
– ასე გამოვიდა… კონცერტს რომ ვიწყებთ, დარბაზს ასე ვესალმებით – გამარჯობა ბავშვებო და ყოფილო ბავშვებო. სცენის გარეშე არც მიცხოვრია და დღემდე სცენაზე ვარ… თუმცა მანამდე ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. სხვა პროფესიის დაუფლებით ვიყავი გართული და დავეუფლე კიდეც. ფიზიკის მასწავლებელი გავხდი და სკოლაში ვასწავლიდი. პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ სიმღერამ მეტად გამიტაცა…
ბავშვობაში კი სულ ვმღეროდი, ეს იყო საბავშვო ბაღი, სკოლა, მერე ინსტიტუტი. წლები სიმღერით გავატარე… სკოლაში სამუშაოდ როცა მივედი, დიდი ბიუროკრატია სუფევდა. ბევრი კლასი მყავდა და ყოველ დღე აუცილებელი იყო, თითოეული გაკვეთილის გეგმის დაწერა. კომუნისტების დროს სულ გეგმა იყო ყველაფერში შესასრულებელი – ეს ბიუროკრატია ყველაფერში იჩენდა თავს. მე კიდევ ეგ არასდროს მიყვარდა. მქონდა შესაძლებლობა, სხვა სფეროში მეცადა ძალები და სკოლიდან წამოვედი. ეს იყო “ნახალოვკაში” მე-9 ს რუსული სკოლა…
– და სკოლიდან ფილარმონიაში წახვედით?
– კი, სკოლიდან ფილარმონიაში, პროფესიულ სცენაზე წამოვედი. თუმცა უკმაყოფილო არ ვარ, რომ პედაგოგობა გამოვცადე, ძალიანაც მომწონდა… მერე აქტიურად ჩემს მუსიკოს მეგობრებს დავუახლოვდი…ბუთხუზ ბასილაიას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს. ჯერ კიდევ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, იქ ჩვენი ორკესტრის ხელმძღვანელი იყო, ფაქტობრივად, იქიდან ვიცნობდი, ძალიან ახლოს ვიყავი და ამან განაპირობა შემდგომ ჩემი მუსიკალური კარიერა…
ყველანი ერთი ოჯახივით ვიყავით,ჯემალ ბაღაშვილიც იმავე ინსტიტუტში სწავლობდა, მერე გამოიცვალა ინსტიტუტი და პოლიტექნიკური დაამთავრა. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, რაც მთავარია, ასეთი კარგი მეგობრები ერთად შევიყარეთ. ასევე იყო თემურ წიკლაური, თენგიზ ჩხეიძე, თემური ჩვენი ლიდერი გახლდათ, ასეთი მომღერალი იშვიათობაა. განსაკუთრებული ხმა ჰქონდა. დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ…
ამბები.ჯი