ეკონომიკა

შესაძლოა, ,,ფრესკომ” ბაზარი დატოვოს

ჩვენს ქვეყანაში რითეილ ბაზარი იმ მცირე ბაზართა ჩამონათვალშია სადაც ჯანსაღი კონკურენციაა გაჩაღებული. ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები, რომლებიც აგრესიული მარკეტინგიდან დაწყებული, ურბანული განლაგებით დამთავრებული, ყველა კომპონენტში მძაფრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ კონკურენციას ყველა კომპანია ვერ უძლებს და ბოლო პერიოდში, არაერთმა კომპანიამ დატოვა ბაზარი, ბევრმაც სავაჭრო ობიექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ქეისი კომპანია ,,იოლისა” და ,,პოპულის” ბაზრიდან გასვლა იყო. აღნიშნულ კომპანიებს ფინანსური პრობლემები 2013 წელს შეექმნათ, კომპანიის მაშინდელი მეპატრონე სამართლდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას ბრალად სხვისი ქონების მითვისება წაუყენეს. ამის შემდეგ ,,იოლიც” და ,,პოპულიც” გაიყიდა და ის კომპანია ,,ფუდმარტის” მფლობელმა არმანდ ფომიჩევიამ 25 მილიონ ლარად შეიძინა.

ამის შემდეგ, ბაზარი ხმაურიანად დატოვა სუპერმარკეტების ქსელმა ,,ფურშტმა”. ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით პირველად 2016 წლის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა იმ პერიოდისთვის უკრაინული სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ კომპანიაში მხოლოდ რეორგანიზაცია მიმდინარეობდა, რომელიც მალე დასრულდებოდა. 2017 წლიდან ,,ფურშეტში” მუდმივად შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიას ამჯერად სადისტრიბუციო კომპანიების დავალიანება ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურეს დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც, სადაც განაცხადეს, რომ სუპერმარკეტთა ქსელს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე კომპანია სასამართლოშიც უჩიოდა. მალევე ,,ფურშეტ ჯორჯიამ” თავი გადახდის უუნაროდ ცნო და ბაზრიდან გავიდა.

უკვე ერთ წელზე მეტია რაც პროდუქციის მუდმივი დეფიციტია სუპერმარკეტების ქსელ ,,ფრესკოშიც”. მართალია კომპანიას ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მის ყველა ქსელში უკვე წელიწადზე მეტია, რაც დახლები ნახევრად ცარიელია. კულუარული ინფორმაციით, კომპანიას მართლაც აქვს გარკვეული პრობლემები. როგორც ჩვენთან საუბარში “ფრესკოს” ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი განმარტავს, საკმაოდ დიდი ხანია რაც სუპერმარკეტების ქსელი დიდწილად საკუთარი მზა კერძების რეალიზაციით ცდილობს თავის გატანას.

როგორც არსებული სიტუაციიდან ჩანს ,,ფრესკოშიც” დაახლოებით იგივე პრობლემებია, რაც ზემოაღნიშნულ სუპერმარკეტის სხვადასხვა ქსელში. შესაბამისად, საინტერესოა, ხომ არ დგას ისიც გაკოტრების საფრთხის წინაშე. ხომ არ შეუმცირდათ მომხმარებელი ისე, რომ ვეღარ ახერხებენ სრულფასოვნად ოპერირებას. ხომ არ მარცხდებიან კონკურენტულ ბრძოლაში და ,,კარფურის”, ,,გუდვილის” და სხვა მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის საკმაო გაძლიერებამ ხომ არ უბიძგა ,,ფრესკოს” ბაზრის დატოვებისკენ. მით უფრო, თუ გავიხსენებთ, ,,ფრესკოს” მიმართ გაჟღერებულ არაერთ ბრალდებას და მისი თანამშრომლების პროტესტს, როდესაც კომპანიას რთულ სამუშაო პირობებსა და უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. საუბარი იყო გასახდელებში უკანონოდ დამონტაჟებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებზე და 12 საათიან სამუშაო გრაფიკზე, რაც შრომის კოდექსის აშკარა დარღვევაა. საზოგადოების მიერ არაერთხელ გაშარჟებული ,,ჰიმნის” თემა და სხვა უამრავი საკითხი, რამაც ,,ფრესკოს” მიმართ მოსახლეობაში საკმაოდ დიდი ნეგატივი გააჩინა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ ,,ფრესკოში” და დავინტერესდით თუ რამ განაპირობა ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტი. ამავდროულად, გვაინტერესებდა ხომ არ აქვს კომპანიას სერიოზული ფინანსური დავალიანებები, თუმცა, არაერთი, მცდელობის მიუხედავად ,,ფრესკოს” მარკეტინგის ხელმძღვანელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. იგი ან ჩვენს ზარს არ პასუხობდა, ან ტელეფონს გვითიშავდა.

წყარო:bfm.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close