საინტერესო

,,შენ ვარსკვლავეთში ამაღლდი, ძმაო!”_პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა უკრაინელ გმირს ლექსი უძღვნა

,,მას უყვარდა საქართველო და თავის ფეისბუქზე, ე. წ. ქავერად, გიორგი ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული"

პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა უკრაინელ გმირს ლექსი უძღვნა:

შენ ვარსკვლავეთში ამაღლდი, ძმაო!
უკრაინელ გმირს – იაშკა ციგანკოვს🇺🇦
იქ, უკრაინის ნასისხლარ მწუხრში,
სადაც ავკაცი ზეობს და ზვაობს…
შენ მოგეკვეთა ნათოვლზე მუხლი
და ვარსკვლავეთში ამაღლდი, ძმაო!
საბედისწეროდ წააწყდი კაენს
და შენი გული, ახლა, ჩემში ძგერს…
ქრისტე გაგიღებს სამოთხის კარებს,
მიეახლები ანწუხელიძეს.
ქვემოთ, მიწაზე, ჯოჯოხეთია
და დედამიწა იწვის ცოდვებით…
შენთან კი, ძმაო, თავად ღმერთია,
არ მებრალები!.. არ მეცოდები!..
და, მაინც, სული მემღვრევა ძლიერ,
მომიკვდა ლექსის მზის მარმაშები!..
ჩემი პალიტრა – უცხო და მძიმე, –
გზებზე დაყრილი მკვდარი ბავშვები!..
ჰოი, ლაშები თათარ-მონღოლთა –
პირსისხლიანი კატაკომბები…
თეთრი რაშები საქართველოდან
და რუსეთიდან ოდენ ბომბები!..
ჰოი, ომები! მკაცრი ომები! –
თითქოს წითელი მხეცი მოვარდა…
და ღვთისმშობელი, ქრისტეს მშობელი,
კიევის დაცვას ითხოვს ,,ორანტა”!
და, მაინც, ნეტა, ვით უძლებს მიწა,
ათას ურჯულოს და ათას ჯალალს?!.
შენ – საუკუნო სიცოცხლე ზეცად!
სიკვდილი მომხდურს – უზნეო ჯალათს!
თინათინ მღვდლიაშვილი
2022 წელი, 14 მარტი
___________
იაშკა ციგანკოვი – უკრაინელი გმირი!
ხარკოვის რეგიონში, იზიუმისთვის ბრძოლაში,
ლეგენდარული უკრაინელი მებრძოლი იაშკა
ციგანკოვი დაიღუპა. მას უყვარდა საქართველო
და თავის ფეისბუქზე, ე. წ. ქავერად, გიორგი
ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე,
უკრაინელი ჯარისკაცის ბოლო Facebook პოსტი
სწორედ ქალაქ იზიუმს ეხებოდა, მებძოლი
ქალაქისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას
ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ იაშკა ციგანკოვს,
ფოტოზე, , რომელსაც UNIAN ავრცელებს, ქართული
ჯარის ფორმა აცვია, რომელზეც საქართველოს
დროშაა ამოტვიფრული. ციგანკოვი, ვით მისი
სამაგალითო გმირი, გიორგი ანწუხელიძე,
რუსმა ოკუპანტებმა შეიწირეს! უკრაინელი
მებრძოლი მოწყდა დედამიწას და დიდებით
მიეახლა ქრისტეს ზეციურ მხედრობას.
დიდება საქართველოს! – გარდაცვალებამდე,
ქართულ ენაზე შემოგვძახა ქართველებს!
აცხოვნოს უფალმა!
დიდება გმირებს!
მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს!
მშვიდობა და გამარჯვება უკრაინას!
მშვიდობა დედამიწას!
თინათინ მღვდლიაშვილი
_____________
ორანტა –
დიდი ქალბატონი, კიევის მფარველი,
გაუტეხელი კედელი – ,,ო რ ა ნ ტ ა”!🌷
კიევის წმინდა სოფიის საკათედრო
ტაძრის საკურთხეველზე აღმართულია
მოზაიკით შექმნილი დიდებული ,,ორანტა” –
ყოვლისშემძლე მაცხოვრის წინაშე
ხელაპყრობელი, მავედრებელი დედა
ღვთისმშობელი, რომელიც, თითქმის 10
საუკუნეა ხელუხლებელია, თუმცა,
როგორც ქალაქი კიევი, ასევე ტაძარი
მრავალგზის შემუსრა მომხდურმა!..
უკრაინელებს სწამთ, რომ ვიდრე ,,ორანტა”
ხელუხლებლად დგას, კიევიც იდგება!
დიდება ორანტას – ქრისტეს წინაშე
მავედრებელ გაუტეხელ კედელს!..

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close