„ქორწინებაზე არასოდეს მიფიქრია“
ციცინო ზივზივაძე: „მთხოვნელები როგორ არ მყავდა, მაგრამ...“
სვეტიცხოვლის ცნობილი გიდი, ციცინო ზივზივაძე პროფესიით ისტორიკოსია. მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში უფროსი მეცნიერი მუშაკი გახლდათ, მუზეუმის დახურვის შემდეგ გიდობა დაიწყო და 10 წელია, ამ საქმეს ემსახურება. ქალბატონი ციცინო 68 წლის არის. მას ოჯახი არასოდეს შეუქმნია. პირადზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:
.
– ქორწინებაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, თორემ მთხოვნელები როგორ არ მყავდა. არის ასეთი ცნება – “საერო მონაზონი” და, ალბათ, ღვთის ნებაა, რომ მე საერო მონაზონივით ვიცხოვრო. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები უნდა დაოჯახდნენ, რომ ერი გამრავლდეს, მაგრამ მე ჩემს გადაწყვეტილებას არ ვჯავრობ.
ალბათ მკითხავთ, ტელევიზიასა და პრესაში რატომ აღარ ვჩანვარ. სიმშვიდის მოყვარული ვარ, არ მიხარია, როცა ჩემი გადაღება სურთ, მაგრამ ჟურნალისტები ყველგან მპოულობენ. მარტო ქართველები კი არა, უცხოელებიც მიღებენ. “ფეისბუკშიც” იშვიათად შევდივარ, ტელევიზიაშიც ჩემი ფეხით არასდროს მივსულვარ, თვითონ მოდიოდნენ სვეტიცხოველში, მიღებდნენ და მეც უარს ვერ ვეუბნებოდი. ახლა უკვე უარის თქმას შევეჩვიე.