საზოგადოება

,,ქართველმა უფლებადამცველმა მიიღო ისეთი ტიპის ჯილდო, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში”

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი 2017 წლის CCBE-ის ადამიანის უფლებათა დაცვის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. სესიას, რომელზეც აღნიშნულ ჯილდოზე წარდგენილი ნომინანტებიდან გამარჯვებულის შერჩევა მოხდა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, დავით ასათიანი ესწრებოდა. ბატონმა დავითმა ,,euronews.ge”-ს  უამბო, რა ვითარებაში მოხდა ზაზა ხატიაშვილის წარდგენა ჯილდოზე და აგვიხსნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პირველი ქართველი უფლებადამცველია, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა.

  დავით ასათიანი:

_ CCBE-ის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პლენარული სხდომა ბრიუსელში გაიმართა. ეს კომიტეტი, წელიწადში ერთხელ, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს ერთ წარმომადგენელს ანიჭებს ჯილდოს. ეს არის ძალიან პრესტიჟული პრიზი, რომელიც გადაეცემა იურიდიულ თუ საადვოკატო სფეროში გამოჩენილ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს. ამ პრიზის მფლობელია ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა Avocats Sans Frontières (ASF) და სტამბულის ადვოკატთა ასოციაცია. ასევე, მრავალი გამოჩენილი იურისტი და უფლებადაცველი საადვოკატო სფეროში.  ჯილდო 2007 წელს დაწესდა, ანუ 10 წელია ეს ტრადიცია არსებობს და მისი მიკუთნება ხდება ევროკავშირის ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების მხარდაჭერის საფუძველზე. ეს ჯილდო გახდა ქართველ ადვოკატთა კორპუსის უკომპრომისო ბრძოლის დიდი აღიარება. ამით CCBE-იმ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ადვოკატთა კორპუსს, ჩვენს თვითმმართველობას და ქართველი ადვოკატების დაუღალავ ბრძოლას ჩვენი დამოუკიდებლობას.

  _ აღნიშნულ ნომინაციაზე სავარაუდოდ სხვა კანდიდატებიც იქნებოდნენ წარდგენილნი, ასეა?

_ CCBE-ს წევრი ქვეყნები ახდენენ გამოჩენილი უფლებადამცველების ნომინირებას. წელს ნომინირებული იყო 6 კანდიდატი. ძალიან მძაფრ კონკურენციაში მოხდა პრიზის მფლობელის შერჩევა. ჩვენ გვყავდა ისეთი ძლიერი კონკურენტები, როგორებიც არიან აფრიკელი ადვოკატები. ისინი ძლიერ ზეწოლას განიცდიან ხელისუფლებისგან და ზოგი მათგანი ციხეებშია გამომწყვდეული. ჩვენი კონკურენტი იყო ძლიერი უფლებადამცველთა ესპანური ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ესპანეთში, ბასკური ტერორისტული შეტევების დროს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ნომინირება მოხდა ცნობილი ჩეხი ადვოკატისა და იურისტის, რომელიც, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ. ჯილდოზე წარდგენილი იყო ადვოკატი ვენესუელიდან, რომელიც ცნობილია კრიმინალურ ჯგუფებთან და სამართლიანობისათვის უკომპრომისო მებრძოლად საკუთარ ქვეყანაში. ისიც იქ გარკვეულ შევიწროვებას განიცდის ხელისუფლებისგან, მაგრამ კომიტეტმა 10 ხმით 2017 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დაწესებული ჯილდოს მფლობელად დაასახელა ზაზა ხატიაშვილი, რაც არის დიდი მიღწევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.

 _ ალბათ, შემდგომ ისიც აღინიშნა, რატომ მიანიჭეს ქართველ უფლებადამცველს უპირატესობა?

_ ზაზა ხატიაშვილის ნომინირება ამ ჯილდოზე მოახდინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, პოლონეთის და საფრანგეთის ადვოკატთა გაერთიანებებთან ერთად. ჩვენ 2007 წლიდან ვართ CCBE-ს წევრი. ჩემთვის პატივი იყო CCBE-ის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პირადად მომეხდინა ჩვენი კანდიდატის წარდგენა, რა დროსაც აღვნიშნე, რომ ზაზა იყო უკომპრომისო მებრძოლი ადვოკატთა უფლებების სფეროში მაშინ, როცა 150 ადვოკატი იჯდა ციხეში და უამრავი მათგანი სასჯელს იხდიდა დაუსაბუთებელი და უკანონო ბრალის საფუძველზე. მან უკომპრომისო ბრძოლა გააჩაღა როგორც საქართველოში, ისე ევროპის მასშტაბით ადვოკატების დასაცავად და ასოციაციის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად. იყო მცდელობები ამ ერთობის დაშლის. უნდოდათ, რომ რამდენიმე ასოციაცია შეექმნათ, რაც რეალურად დაასამარებდა ადვოკატთა კორპუსის დამოუკიდებლობასა და თვითმმართველობას. ეს ბრძოლა რთული იყო, მაგრამ ადვოკატთა კორპუსი პრინციპული აღმოჩნდა და ერთიანი თვითმმართველი ორგანიზაციის არსებობას დღეს საფრთხე აღარ ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენი თვითორგანიზების უფლება მალე კონსტიტუციაში იქნება გარანტირებული. ამ წარმატებულ ბრძოლაში ზაზას როლი გამორჩეული იყო. ის ოჯახისა და პირადი რისკის ხარჯზე აწარმოებდა ამ ბრძოლას და მეც სწორედ ეს აღვნიშნე კომიტეტის სხდომაზე. ხაზი გავუსვი, რომ ადვოკატთა ასოციაციისა და ზაზა ხატიაშვილის ბრძოლა იყო წარმატებული ბრძოლის მაგალითი და რომ ეს ჯილდო იქნებოდა სტიმული სხვა გარდამავალი დემოკრატიის და ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნებისთვის, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სამართლიანი ბრძოლის პირობებში, შედეგიც პოზიტიური იქნება. დაგვეხმარა უკრაინის ადვოკატთა ასოციაციაც, რომელმაც მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა CCBE-ს, სადაც აღნიშნეს, რომ ზაზა ხატიაშვილი თავგამოდებით იბრძოდა უკრაინელი ადვოკატების დასაცავად. ასევე, მხარი დაგვიჭირეს შუა აზიის ქვეყნების ადვოკატებმაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ლიდერები ვართ, ადვოკატთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში, რაც მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება და აქტიურად ვეხმარებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების ადვოკატურებსაც.

 _ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სესიას რომელსაც ჯილდოს მფლობელი უნდა დაესახელებინა, საქართველოდან მხოლოდ თქვენ ესწრებოდით. როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა შეიტყეთ, რომ ზაზა ხატიაშვილმა გაიმარჯვა და მას გადაეცემოდა ეს ჯილდო?

_ პირადად მე მქონდა მხარდაჭერის იმედი, რადგან, რამდენიმე წელია CCBE-სთან აქტიურად ვმუშაობთ. მათ იციან ჩვენი ბრძოლის შესახებ, თუმცა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ეს გამარჯვება. ზაზას ნომინირებას ოვაციებით შეხვდა კომიტეტი. როცა გამარჯვებული გამოცხადდა, უამრავი წერილი მოვიდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი უკვე ნოემბერში გაიმართება და ზაზას პირადად გადასცემენ ამ ჯილდოს. დაჯილდოვების პროცესი საკმაოდ პომპეზურად ტარდება პლენარულ სესიაზე და მას ესწრებიან ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, ევროკომისიის კომისრები და ევროპარლამენტარები …  ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება ბრუსელში.

 _ ზაზა ხატიაშვილს ეს ამბავი ვინ შეატყობინა?

_ ზაზა ამ დროს საქართველოში იყო. ადვოკატთა ასოციაციამ და ჩვენმა მეგობრებმა პოლონეთისა და საფრანგეთის ადვოკატთა გაერთიანებებიდან გარკვეულწილად სიურპრიზი გავუკეთეთ, ზაზამ მისი ამ ჯილდოზე წარდგენის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, მისთვის იყო სასიამოვნო მოულოდნელობა. ზაზას 50 წლის იუბილის სიმბოლური საჩუქარიც შეიძლება დავარქვათ ამ ჯილდოს.

 _ ამ ჯილდოს მფლობელს რაიმე პროვილეგიები ექნება?

_ ეს ჯილდო გახლავთ უფლებადამცველის საერთაშორისო აღიარება. ადვოკატთა უფლებების დაცვის სფეროში ეს იგივე დონის ჯილდოა, როგორც მეცნიერებაში ნობელის პრემია. ეს ნიშნავს მისი მფლობელის დიდ დამსახურებასა და წარმატებული ბრძოლის დაფასებას. სხვათა შორის, პირველი შემთხვევაა, როცა ქართველმა უფლებადამცველმა მიიღო ისეთი ტიპის ჯილდო, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close