საზოგადოება

ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი შვილებზე

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ლელა თოლორდავა მონატრებულ შვილებზე წერს:

“ფიქრს რომ არ დავემონო, ვმღერი… კი მაქვს აწყობილი სასიმღეროდ საქმე… მაგრამ სიმღერა წამალივითაა, ვისაც ვუვლი, ის ბაბუ ამბობს, რომ ბევრს ვმღერი… მართალია ეს კაცი, სულ სიმღერაც მოსაწყენია… თანაც, ამ ბოლო დროს სევდიანად ვმღერი და დაიღალა… დღეს კი საშინელ განწყობაზე ვარ, გამთენიისას სიზმრად სახლში ვიყავი და ბავშვებს ვაღვიძებდი, ლილე მაშინვე წამოხტა ფეხზე, არიქა, სკოლაში არ დავაგვიანოო… ლუკა კი ვერაფრით ვერ გავაღვიძე, ბოლო ხმაზე რომ გინდა დაძახება და ხმა არ გემორჩილება , არ გქონიათ სიზმარში მსგავსი შემთხვევა?! ლუკა, ლუკას ძახილში გამომეღვიძა… სად არის ჩემი ლილე და ლუკა?! სად არიან ჩემი შვილები?! გულში რაღაც ჩამწყდა, სიცოცხლე აღარ მომინდა… და წარმოვიდგონე, რომ ისინიც სიზმრად მნახულობენ, მეძახიან და ვერ მაგონებენ… ვაიმე, საბრალო დედებო, შვილებს დანატრებულო დედებო, რა გაძლებინებთ წლობით უნახავი შვილების გარეშე!!! გული ალბათ ქვად გექცათ. ჩემი გულიც იწყებს გაქვავებას, იმიტომაც დამიმძიმდა… ჩემგან სხვა მოლოდინი გაქვთ ვიცი, მხიარულ სტატუსებს ელოდებით, მაგრამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მომხდარმა შემზარავმა ამბებმა სხვა თვალით დამანახა ცხოვრება… რა ძვირფასია თითოეული წუთი , რა ძვირფას წუთებს, საათებს, დღეებს, კვირეებს, თვეებს და წლებს ვკარგავთ, ყველას და ყველაფერს მოშორებული, შვილებს მონატრებული!!! ბათუმში მომხდარმა შემზარავმა ამბავმა გამანადგურა… თვალებიდან არ ამოდის სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნად ქცეული დაბზარული მინა, ვაი, რომ სიკვდილმა აჯობა სიცოცხლეს . დედა მიშველეო, მომაკვდავი შვილი საშველად უხმობს დედას. ვერ უშველა დედამ . და ამის შემდეგ როგორ უნდა იყო შვილებს ათასობით კილომეტრით მოშორებული დედა?!”- წერს ემიგრანტი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close