ქართველი ბლოგერის ტკივილიანი ცხოვრება
„რატომ მეხება უცხო ბიძია იქ, სადაც არ მსიამოვნებს?! რატომ მიყვირის დედა?! რატომ მასისხლიანებს მამა?!.. ამ კითხვებზე პასუხი არსად იყო“

პედოფილია, ძალადობა, ემიგრაცია, მარტოხელა დედობა, დედა – დემენციის დიაგნოზით, ეს ყველაფერი, კიდევ უამრავი სირთულე იყო და არის მის ცხოვრებაში… დღეს ანა ბარბაქაძე კანადაში შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს მისი ვიდეოები, სადაც ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის გოგო გულწრფელად ყვება თავის ცხოვრების შესახებ.
.
ანა ბარბაქაძე კანადიდან ambebi.ge-ს ესაუბრა:
– ძალიან რთული ბავშვობა მქონდა… მე რატომ მეხება უცხო ბიძია იქ, სადაც არ მსიამოვნებს?! მე რატომ მიყვირის დედა ?! მე რატომ მასისხლიანებს მამა?! მე რატომ დამცინიან?! მე რატომ არ მემეგობრებიან?! მე რატომ მკლავენ?! მე რატომ არავის ვუყვარვარ?! კითხვებზე პასუხი არსად იყო, ტკივილი კი მრავლად გახლდათ. კითხვებზე ვერგაცემული პასუხების გამო გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ყველაფერში ჩემ თავს ვადანაშაულებდი. ბავშვობაში თავს სიყვარულის უღირსად ვთვლიდი, მშობლებმა უპირობო სიყვარული არ გამიზიარეს, რადგან თავადაც არ ჰქონდათ, მათი მშობლებიც ხომ ტკივილში, წარსულში ცხოვრობდნენ და ანალოგიური ფიქრები, შეგრძნებები ასწავლეს მათ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვცხოვრობდი სირცხვილის და დანაშაულის გრძნობით, ჩემი ქმედებებიც ანალოგიური გახლდათ და რა ფიქრები, შეგრძნებები და ქმედებებიც მქონდა,ზუსტად იგივე ცხოვრებას ვიზიდავდი, არაფერი იცვლებოდა. ბევრი მაგალითი მქონდა თუ როგორი არ უნდა ყოფილიყო ადამიანი. იმის მიხვედრით თუ როგორი არ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი, მივხვდი, რა არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ჩემი არჩევანი სიკეთე გახლდათ.
– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ, თუ გსურთ პირად ცხოვრებაზე საუბარი, სასიამოვნო მოგონებები რომ გაგვიზიაროთ..
– ძალიან მინდა პირად ცხოვრებაზე სასიამოვნო მოგონებები გაგიზიაროთ, თუმცაღა ჯერჯერობით არ მქონია. ტკივილიანი მე, ტკივილიან ადამიანებს ვიზიდავდი. შესაბამისად პირადი ცხოვრება შიშებზე, არასრულფასოვნებაზე, უპატივცემულობაზე უსიყვარულობაზე, მესაკუთრეობაზე, კონტროლზე აშენებული მქონდა, რის გამოც ყოველთვის თავზე მენგრეოდა. იმ პერიოდში ჩემი თავი არ მიყვარდა და, რა თქმა უნდა, სხვის შეყვარებასაც ვერ შევძლებდი. ცხოველურ, ჰორმონალურ, ინსტიქტუალურ სიყვარულზე აგებული ურთიერთობები ტკივილიანი გახლდათ. ამასწინათ ჩემს 7 წლის შვილს ვკითხე: – დანიელ, შენთვის რა არის სიყვარული – მეთქი და მან მიპასუხა: – სიყვარული სიმშვიდეა… გავოცდი, ასეთ პასუხს მე არასდროს გავცემდი. ტრავმირებულ მეს, სიყვარული მღელვარება მიმაჩნდა. ახლა კი ვხვდები, რეალური, უპირობო სიყვარული სიმშვიდე გახლავთ.
9 წელი ხდება, რაც ამ ეტაპზე მარტოხელა დედა გახლავართ. ფლირტის დონეზეც კი არავისთან მქონია ურთიერთობა. ბევრს ჰქონდა მცდელობა, თუმცაღა მე კონცენტრაცია სულ ჩემ შვილზე მქონდა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა გითხრათ, საკუთარი თავის ცვლილების ფასს ვიხდი, ის მარტო ყოფნა გახლავთ.
-კანადაში გადასვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება, სირთულეები რამ გაგიადვილათ?
– დიახ, ემიგრაცია ურთულესი გახლავთ, მაგრამ ემიგრაციამ მე გადამარჩინა, როდესაც ცვლილებას იმ რეალობაში რაშიც ხარ ვერ ახერხებ, უნდა მოშორდე, რომ ადეკვატურად დაინახო მოვლენები, შეძლო კურნება, ცვლილება, ზრდა და ცოდნის გაზიარება. ჩვენ თავს რაც ხდება, ხდება იმისთვის, რომ გამკლავების, ცვლილების გზები ვისწავლოთ და ამით სხვას გავუადვილოთ ცხოვრება.
ambebi.ge