საზოგადოება

,,ქალები მეუბნებოდნენ, თურქეთში ბავშვის ორგანოებს ყიდიან, დიდ ფულს იშოვი და გამდიდრდებიო”

ბავშვი გადაურჩა ორგანოების გაყიდვას!…
სიკეთის ჯაჭვი არ გაწყდება.

ჯერ ბათუმის, შემდეგ თბილისის ქუჩებში, გურიის ერთ-ერთ სოფლიდან თვეზე მეტი იწანწალა სამშობიაროდ გამზადებულმა გოგონამ. ღამით, ხისგან გამოთლილ სკამებს ერთმანეთს მიადგამდა და ასე ეძინათ დედა-შვილს გახრიოკებულ ალაგას. ჯერ არ დაბადებული, უკანასკნელი თეთრებით ნაყიდი ჩვილის ტანისამოსი ერთ პაწუკა პარკში რუდუნებით ჩაელაგებინა, ხელის ჩანთაში კი პირადი ნივთები, დამსხვრეული მობილური ტელეფონი, 7 ლარი და ჩხარა-ჩხურები ეყარა. აქედან დაიწყო სიკეთის ერთმანეთზე გადადაჯაჭვა.
გოგონა ოჯახის წევრებისა და ზნედაცემული ადამიანების ბრბოს გამოექცა. ისინი აიძულებდნენ ან მუცელშივე მოეკლა უკანონოდ ჩასახული შვილი, ან ბავშვი ან მისი ორგანოები დიდ ფულზე გაეყიდა და ასე გამდიდრებულიყო! გოგონამ იბრძოლა, ყოველგვარ დამცირებას, დაცინვას, მუქარას, შიმშილს, შეურაცხყოფას გაუძლო და შვილის გადასარჩენად დედაქალაქში გამოიქცა!
ოჯახის, ნათესავებისა და საზოგადოებისგან უარყოფილი, შერცხვენილი, ოთხი ნაძირალა ბიჭისგან გაუპატიურებული გოგო, გააფრთრებული იბრძოდა ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის!
ისნის სკვერში მოხეტიალე უცხო გოგო, იქვე მაცხოვრებლებმა მალევე შეამჩნიეს. ფეხმძიმეს გამოკითხეს, რა იყო მისი ქუჩაში ყოფნის მიზეზი. მას არ დაუმალავს და თავზარდამცემი ისტორია გაუმხილა. შეშფოთებული მეზობლები გოგონას დახმარებისთვის გზებს ეძებდნენ. გამოიძახეს პატრული და სასწრაფო დახმარება, რომ თავშესაფარში ან სამშობიაროში გადაეყვანათ. შეშინებულმა გოგომ სასტიკი უარი განაცხადა და ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა თავისი პოზიცია. მოსახლეობა საგონებელში ჩავარდა, ვისთვის მიემართათ აღარ იცოდნენ, არადა, გენოკოლოგის პროგნოზით, ერთ დღეში ბავშვი უნდა დაბადებულიყო. სწორედ ამ დროს, მოქალაქეებმა დაუკავშირდნენ ,,სოლიდარობის სახლს” და სთხოვეს პატრონაჟი გაეწია მშობიარესათვის. სატელეფონო საუბრის შემდეგ გოგონა დათანხმდა ,,სოლიდარობის სახლისთვის” შეეფარებინა თავი. მაშინვე, ააიპ ,,სათნო ხელმა” გოგონა დაასაჩუქრა, დააპურა. ის ღამე კი ,,სოლიდარობის სახლის” დირექტორის სახლში გაატარა. ქუჩაში ნახეტიალები, მოწესრიგდა და თითქმის მთელი ღამე თავისი ბედკრული ისტორიის მოყოლაში გაატარა. დილით კი, მუცელში ბავშვმა წრიალი დაიწყო…

სასწრაფო დახმარების საშუალებით გადავიყვანეთ სამშობიაროში. მალე, საკეისრო კვეთით დაიბადა საოცრება, ულამაზესი და უსაყვარლესი — ადა!

ადას დაბადება იყო სასწაული და მინდა ამ სასწაულის ისტორია იცოდეთ,
სიკეთე არის ის ძალა, რომელსაც მხოლოდ ღმერთი მართავს!
ახლა, მინდა ჩამოვთვალო, ვინ რა მონაწილეობა მიიღო დედა-შვილის გადარჩენაში და საჯაროდ გამოვხატო მათ მიმართ მადლიერება!
მადლობა, თქვენ:
1. მაკა რიგვავას და ქრისტინა ბოღდასაროვს, რომლებმაც დაუკავშირდნენ ,,სოლიდარობის სახლს” და მიაწოდეს ინფორმაცია დედა-შვილის გაუსაძლის მდგომარეობის შესახებ;
2. ააიპ ,,სათნო ხელის” დირექტორს ნინო გოჩიტაშვილს, რომელმაც თავის ოფისში მიიღო, დააპურა და დაასაჩუქრა გოგონა;
3. …..საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ოპერატორი ნინო ხოტივარი, ბებია ქალი გიული კასრაძე, ბუღალტერი ირინა ჭელიძე, ექთნები ირმა ყავლაშვილი და მთავრისა ჩხიტუნიძეს, რომ დროულად აღმოუჩინეს დახმარება მშობიარეს, რომელსაც არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნდა. საკეისრო კვეთა გაუკეთდა პროფესიონალ დონეზე;
4. მადლობა ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ადმინისტრაციას, რომელმაც ოპერატიულად მიიღო ზომები დოკუმენტაციის მოწესრიგებაში;
5. მადლობა ააიპ ,,ქალები სამართლიანობისთვის” ლიდერს ნათია ქევხიშვლს, რომელმაც ,,სოლიდარობის სახლი” დააკავშირა ოზურგეთის მერიას, საკრებულოსა და გამგეობას, რათა მიეწოდებინათ ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ და კანონის ფარგლებში გაეწიათ დახმარება, როგორც მათი რაიონის მაცხოვრებელზე;
6. მადლობა პარტია ,,სოციალ-დემოკრატების” ლიდერს გიორგი ჟორჟოლიანს, რომელმაც მანქანით უზრუნველყო იუსტიციის სახლში გოგონას მგზავრობა ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად;
7. მადლობა დათოს (გვარი არ ვიცი…), რომელმაც გოგონას დაეხმარა იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტაციების მომზადება-აღებაში;
8. მადლობა ეკა მამალაშვილს, რომელმაც 53 ლარი შემოწირა ბავშვის პამპერსების საყიდლად;
9. მადლობა ვანო ქავთარაძეს, რომელმაც 20 ლარი შემოწირა საჩუქრად დედა-შვილს;
10. მადლობა მალხაზ ქამხაძეს, სახარების რწმენის ეკლესიის მსახურსა და ერთ-ერთ ლიდერს, რომელმაც დედას გადასცა 20 ლარი და უზრუნველყო მისი მგზავრობა;
11. მადლობა, აჩიკო სამხარაულს, სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს, რომელმაც საკუთარი მანქანით მოემსახურა დედა-შვილს;
12. მადლობა ჩემს უსაყვარლეს და სასწაულმოქმედ მეუღლეს, გიორგი კიტრიაშვილს, რომ დედა-შვილის დაბინევაბასა და დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.
და ბოლოს, სასწაულის კულიმინაცია!!!!!!!!!!!!!
13. მადლობა ხათუნა ლომსაძეს, რომელსაც 39 წლის ასაკში ჰყავს 10 შვილი და ერთი შვილიშვილი. მან საკუთარი შვილივით შეიფარა გოგონა ბავშვთან ერთად, დაახვედრა იზოლირებული ოთახი, საჩუქრებით, ღამის ციცინათელებით და საოცარი სიყვარულით და სითბოთი გაკაშკაშებული!
14. მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა, თანადგომა და თანაგრძნობა გამოხატა დედა-შვილის ტრაგიკულ მდგომარეობაზე და მორალური მხარდაჭერა გამოთქვა!

ამ სიკეთის ჯაჭვს აქვს გაგრძელება. ველოდებით კიდევ უამრავ სიხარულსა და სიყვარულს, რომ ჩვენი შვილობილი ადა, გაიზარდოს ბედნიერი, ადამიანების სიყვარულით უზრუნველყოფილი!

გთხოვთ, გაამახვილოთ ყურადღება, რამდენი ადამიანი იყო ჩართული ადას სიცოცხლის გადასარჩენად! სიკეთეს არ აქვს არც ეროვნება, არც რელიგია, არც სქესი, არც თანამდებობა, არც სოციალური მდგომარეობა, არც ფერი… სიკეთე არის ის სიყვარული, რომელიც ეშმაკსაც აჩოქებს…
არ გავწყვიტოთ ამ სიყვარულის ჯაჭვი!

ქვემოთ წაიკითხავთ ამ გოგონას თავზარდამცემ ისტორიას:

— დავიბადე და გავიზარდე სოფელში. 19 წლის ასაკში შემიყვარდა ერთი ბიჭი. 6 წელი ერთად ვიყავით, დროდადრო ვხვდებოდით და ბედნიერი ვიყავი მასთან. ერთ საბედისწერო საღამოს, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ოთხი უცნობი ახალგაზრდა ბიჭი თავს დამესხა და გამაუპატიურა. მომხდარზე ყველაფერი არ მახსოვს, რადგან წინააღმდეგობის გაწევისას სასტიკად მცემეს. წიხლებს მირტყამდნენ, სახეში კი მუშტებს… გონზე საავადმყოფოში მოვედი. ამ მიზეზით შეყვარებულს რაღაც პერიოდი დავშორდი… მკურნალობის თვენახევრის შემდეგ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. როცა ოჯახში გაიგეს, მშობლებმა და და-ძმამ საშინელი წინააღმდეგობა გამიწიეს. მლანძღავდნენ, მამცირებდნენ, თავი მოგვჭერი, შეგვარცხვინეო… მაძალებდნენ აბორტს. რომ ვერ დამითანხმეს, ბოლოს მოძებნეს ვიღაც, ვისზედაც ბავშვი უნდა მიეყიდათ. მე ჩემს შვილს ვერ დავთმობ. მართალია,, ეს ბავშვი იმ საშინელ ღამეს ხშირად გამახსენებს, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა? მე ვერც მოვკლავ შვილს და ვერც გავყიდი! სახლიდან გამოვიქეცი. ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა რომ ეს ამბავი გაიგო, მომძებნა და ისევ შევხვდით ერთმანეთს. მან მითხრა, რომ ბავშვს არაფერი დაუშავებია, არ ინერვიულო, ჩემს გვარს მივცემ ბავშვს და ვეცდები მამობაც გავუწიოო. გენეკოლოგმა მითხრა, რომ ჩემთვის აუცილებელია საკეისრო კვეთა, რადგან ერთ თვალში მხედველობა საერთოდ არ მაქვს და მშობიარობამ შესაძლოა მეორე თვალიც დამიზიანოს და სულ დავბრმავდე. ორჯერ შიმშილისგან გული წამივიდა. ვიღაცეებმა პატრული და სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, რომ თავშესაფარში ან საავადმყოფოში გადავეყვანე, მაგრამ შემეშინდა და არ წავყევი. ვიღაც ორი ქალი გადამეკიდა, ბავშვი მოგვყიდეო, უარი რომ ვუთარი, მერე მეუბნებოდნენ, თურქეთში ბავშვის ორგანოებს ყიდიან, დიდ ფულს იშოვი და გამდიდრდებიო. შემეშინდა და თბილისში გამოვიქეცი. ცოტა დანაზოგი ფული მქონდა და ბავშისთვის ტანისამოსი ვიყიდე. სულ 7 ლარი დამრჩა… მთავარია, ბავშვი გავაჩინო და მისი ბედნიერებისთვის მალევე დავიწყებ მუშაობას და დავიცავ ჩემს პატარა გოგონას ავი ზნის ადამიანებისგან! — ტირილით, მაგრამ ასეთი შემართებით დაასრულა ამ ტრაგიკული ისტორიის მოყოლა 25 წლის გოგონამ, რომელიც ჩვენთვის გმირი ქალი და გმირი დედაა!”

_ აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,სოლიდარობის სახლი”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close