„ქალბატონმა ეკა ბესელიამ ხელის გადაგრეხვით გვაჯობა“
კანონი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ფასიანი რეკლამის განთავსების უფლებას აძლევს, პროტესტის მიზეზი ხდება. ეთიკის ქარტია, დამოუკიდებელი ტელეკომპანიები და არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ეთიკის ქარტიის წევრები დეტალურ განმარტებას მოითხოვენ, რაში იხარჯება მილიონობით ლარი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, თუმცა არხის პროდუქტსა და რეიტინგზე ეს თანხა არ აისახება.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს დამატებით შემოსავალს რეკლამიდან, რაც ნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლებს ამ სარეკლამო წილს ართმევს და ეს იმ პირობებში, როდესაც მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან შეადგენს მთლიანი სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელს ენიჭება უფლება, დააფინანსოს სტარტ აფები, ოღონდ რა იქნება ეს სტარტ აფი და საერთოდ რატომ უნდა აფინანსებდეს მას მაუწყებელი, ბუნდოვანია. მთლიანობაში რომ დავინახოთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ცვლილებებმა, ცხადია, რომ უარყოფითად აისახება სარეკლამო და სამაუწყებლო ბაზარზე,“ – განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.
კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონში ცვლილება დამოუკიდებელ მედიაზე დარტყმა იქნება.
„ეს ცვლილება რომ იქნება ძალიან მძიმე დარტყმა დამოუკიდებელი მედიისთვი, ამას პრაქტიკულად, ყველა კერძო მაუწყებელი ვამბობთ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიც დაგვეთანხმა ამაზე, კომიტეტზე ეს კანონპროექტი ჩავარდა, ზუსტად ამ მოტივით, რომ უსამართლო იქნებოდა ეს კერძო ტელეკომპანიების მიმართ. უპრეცედენტო რამ მოხდა, არგუმენტებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მართლები ვიყავით, თუმცა ქალბატონმა ეკა ბესელიამ ხელის გადაგრეხვით გვაჯობა და მიიღო ისეთი კანონპროექტი, რომელიც ქართულ მედია სივრცეზე მძიმედ აისახება,“ – განაცხადა ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.