უმძიმესი ტრაგედია გალში
„ხუთივე ბავშვი ბებიას დაუტოვა… ერთი მაინც გადარჩენილიყო...“ - ხანძარს შეწირული სიცოცხლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა. გალის რაიონ სოფელ საბერიოში, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია „აიაშარა“ ტელეგრამარხზე წერს, ხანძარი ჩოლარიების სახლში გაჩნდა.
.
ცეცხლმა მთლიანი შენობა წუთებში მოიცვა, სადაც 5 ბავშვი იმყოფებოდა. მეზობლებმა მძინარე ბავშვების სახლიდან გამოყვანა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე გალის რაიონის ე.წ. გამგებელი კონსტანტინე ფილია მივიდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.
„მთავარი არხი“ მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი კორესპონდენტის განცხადებით, „უბედური შემთხვევის დროს ოჯახში მხოლოდ მოხუცი ბებია იმყოფებოდა, რომელმაც გადაწყვიტა, გასათბობად ღუმელში ცეცხლი დაენთო. მას საწვავი აერია და ნავთის ნაცვლად ბენზინი შეასხა. ბენზინი აალდა, აფეთქების შემდეგად შიშისგან ხელიდან გაუვარდა ჭურჭელი, რომელშიც ბენზინი ესხა. შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა“.
როგორც ზუგდიდში მცხოვრები ოჯახის ახლობლები აცხადებენ, დებს შორის ყველაზე უფროსი 8 წლის გოგონა იყო, უმცროსი კი 1 წლის. ბებია დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბავშვების დედა რამდენიმე დღეა ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევის დროსაც ის კლინიკაში იყო.
როგორც ჟურნალისტი სალომე გოგოხია წერს, ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა კი მის სანახავად წავიდა. მამამ ბავშვები ბებიას დაუტოვა, რა დროსაც შემზარავი ამბავი მოხდა.
„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა… ერთი მაინც გადარჩენილიყო, რა მოხდებოდა. ჩემო აფხაზეთო, რა ვერ გამოვისყიდეთ ასეთი, ეს რა ტანჯვაა. არ მეგულება სიტყვა, რით შეიძლება ანუგეშო მშობლები. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მათ…“ – წერს სალომე გოგოხია.
ამბები.ჯი