მსოფლიო

ტრამპმა თავისი შვილის და რუსების შეხვედრის შესახებ არ იცოდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილმა განაცხადა, რომ მამამისმა არ იცოდა მისი და რუსი იურისტის შეხვედრის შესახებ. BBC-ს ცნობით, ამ შეხვედრაზე რუსი იურისტი უმცროს ტრამპს საარჩევნო კამპანიაში დახმარებას დაჰპირდა.

ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში უმცროსმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა არაფერს არ ნიშნავდა, თუმცა მან ასევე აღიარა, რომ სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო.

ადრე ტრამპის შვილმა ელექტრონული წერილები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ის რუს იურისტთან ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას დათანხმდა. ეს ქალი, სავარაუდოდ, კრემლთან იყო დაკავშირებული და ჰილარი კლინტონის შესახებ კომპრომატებს ფლობდა.

Fox News-ის კითხვაზე, იცოდა თუ არა მამამისმა ამ შეხვედრის შესახებ, უმცროსმა ტრამპმა უპასუხა, რომ არა. „ ეს შეხვედრა არაფრის მთქმელი იყო და მოსაყოლიც არაფერია“, – განაცხადა პრეზიდენტის შვილმა.

უმცროსი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და მაშინდელი საარჩევნო შტაბის უფროსი პოლ მანაფორტი რუს იურისტს ნატალია ვესელნიცკაიას 2016 წლის ივნისში შეხვდნენ. ამ შეხვედრას წინ უძღოდა ბრიტანელი პიარის სპეციალისტის რობ გოლდსტიუნის წერილი, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ ჰილარი კლინტონის მაკომპრომიტირებელი მასალა აქვს და ეს ინფორმაცია რუსეთიდან მოდის.

როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესი და გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიებას აწარმოებენ. პრეზიდენტად არჩევის დღიდან დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს, რომ მას რუსეთთან ჰქონდა კავშირები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close