სამართალი და კრიმინალი

,,უპატრონო პოლიციელებს საფრთხე ემუქრებათ”_ ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო?

ორ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარბაზიდან გაუსვლელად შეუფარდა. რუსთავის პოლიციის უბნის ყოფილ ინსპექტორებს, ირაკლი დარჩიაშვილს და ბესიკ ბეგიაშვილს პროკურატურა უფლებამოსილების ძალადობითა და იარაღის გამოყენებით გადამეტებაში ადანაშაულებს. მოსამართლემ პროკურორების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. 

,,2018 წლის 12 იანვარს, როდესაც ჰაერში პისტოლეტის გამაფრთხილებელი გასროლის გამო ორი პოლიციელი დააპატიმრა რუსთავის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურას და სასამართლოს ვაფრთხილებდი, რომ საქმისადმი ამგვარი მიდგომა გამოიწვევდა პოლიციელთა მიმართ ცალკეული ჯგუფებისგან ჩაგვრის და მათ მიმართ დანაშაულების ჩადენის ფაქტებს… არ დამიჯერა არც ბრალდებამ და არც სასამართლომ… აი რა მივიღეთ შედეგად, დაიწყო პოლიციელთა მიმართ ძალადობის ახალი ტალღა…” _ აცხადებს ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი და აღნიშნულ ფაქტს კლუბ ,,ბასიანში” დაცვის წარმომადგენლებზე ძალადობის ინცინდენტს უკავშირებს. 

euronews.ge  ადვოკატს პოლიციელების დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა.

ზურაბ ბეგიაშვილი, ბესიკ ბეგიაშვილის ადვოკატი:

_ 2017 წლის 12 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე დაახლოებით 20:00 საათზე, პოლიციის მეწყვილეები ატარებდნენ შემოვლას. მათ დაინახეს ბიჭების ჯგუფი, რომელიც იდგა ერთ-ერთი მაღაზიის წინ და მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ. ერთ-ერთი მათგანი შეეპასუხა პოლიციელებს, შემდეგ დანარჩენებმაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ორ პოლიციელს,  მიაფურთხეს და წაართვეს ე.წ. რაცია. როდესაც ნახა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბესიკ ბეგიაშვილმა, რომ ზეწოლა გრძელდებოდა და შესაძლო იყო, პოლიციელები ეცემათ, მან უკან დაიხია, ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა  და დაიძახა, შეჩერდით! ვინაიდან ვერ განმუხტა სიტუაცია, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ჰაერში ორჯერ გაისროლა. გასროლაზე შეშინებული ბიჭები დაიფანტნენ და გაიქცნენ. ერთ-ერთი მათგანი, რობერტ ღონღაძე გაიქცა თავისი კორპუსისკენ და იქ წაიქცა. ახალგაზრდები ჩვენებებში ამბობენ, რომ თითქოს, დაცემულ ბიჭს პოლიციელებმა ხელებით და ფეხებით უმოწყალოდ დაუწყეს ცემა, მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არც ერთი დაზიანება არ აღენიშნება ღონღაძეს.

.

   _ თქვენ აპროტესტებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას. იქნებ დეტალურად აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამის საფუძველს? 

   _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა 2018 წლის 11 იანვარს განიხილა ბრალდების მხარის (პროკურორი გიორგი ლობჯანიძე) შუამდგომლობა ბრალდებულ  ბესიკ ბეგიაშვილის(და ირაკლი დარჩიაშვილის) მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ სრულად დაკმაყოფილდა პროკურორის  შუამდგომლობა. მოსამართლეს ნახევარი წუთი დასჭირდა სქელტანიანი საქმის ე.წ. „ანალიზისთვის“ და ორი უმწიკვლო წარსულის მქონე პოლიციელის დაპატიმრებისთვის. ამასთან, ჩვენდა გასაკვირად, უარყოფილი იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის (ბესიკ ბეგიაშვილის) მიმართ გირაოს სახით 20 000 ლარის გამოყენების თაობაზე.

ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ბესიკ ბეგიაშვილის მიმართ ვითხოვდით პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ბესიკ ბეგიაშვილს უკანონოდ აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება. მიგვაჩნია, რომ განჩინება პატიმრობის გამოყენების თაობაზე არის უკანონო. საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები აბსოლუტურად განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე წარდგენილი ბრალდება ანდა პროკურორის ე.წ. „შუამდგომლობის დასაბუთებაა“. არ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ბრალდებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (იარაღის და ძალადობის გამოყენებით) ჩადენის თვალსაზრისით. ე.წ. დაზარალებული ცრუობს, ის არის ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც უბანში მყოფ ჯგუფთან ერთად ახდენდა უკანონო ზეწოლას ბესიკ ბეგიაშვილის და მისი მეწყვილეს, ირაკლი დარჩიაშვილის მიმართ. რატომ გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის აბსურდული შუამდგომლობა და რატომ ჩათვალა, რომ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ძალით გარანტირებული თავისუფლების უფლება უნდა შეზღუდვოდა ნასამართლობის არმქონე საჯარო მოხელეს, რომელიც იცავს სახელმწიფო წესრიგს და სიმშვიდეს, აბსოლუტურად არ არის დასაბუთებული. მეტიც პატიმრობის გამოყენება ყველა ფუნდამენტური უფლების დარღვევა და სახელმწიფო ბრალდების მიერ დაწყებული რეპრესიული  მსვლელობის გაგრძელებაა.

დაცვის მხარემ გაანალიზა რა არსებული მდგომარეობა, აღკვეთის ღონისძიების პროცესზე პროკურორებს და სასამართლოს აფრთხილებდა, რომ ამ საქმის ბედი პირდაპირ კავშირში იქნებოდა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან და პატიმრობის გამოყენება უარყოფითად აისახებოდა, როგორც პოლიციის კანონიერ მუშაობაზე, ამასთან წაახალისებდა კრიმინალს და გაზრდიდა შესაძლო დანაშაულის რისკებს, რომელიც მიმართული იქნებოდა პოლიციელთა მიმართ. სახელმწიფომ რებრენდინგის პოლიტიკა უმტკივნეულოდ და სხვა მეთოდებით უნდა აწარმოოს, ამგვარი რეპრესირება და ცეცხლსასროლი იარაღის ჰაერში გასროლისთვის პოლიციელთა(გამომძიებელთა) დაკავება ვერ გამოდგება რეფორმირების სწორად წარმართვისთვის. პოლიციელებს უნდა ჩაუტარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები და მათ სტერეოტიპულ პრობლემებზე უნდა მოხდეს სხვაგვარი ინტელექტუალური ზემოქმედება და არა მათი დაჭერა. თუ წინა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა „ყველანი ციხეში“-ს პოლიტიკა, ახლა, შესაძლოა „ყველა პოლიციელი ციხეში“-ს პოლიტიკამ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალოს. სწორედ ეს განვუმარტე სასამართლოს, რომელსაც სულაც არ ესმოდა ჩემი არგუმენტაციის შინაარსი, ვინაიდან, ამ მაღალ სახელმწიფო ინსტიტუტში არსებობს არაკომპეტენტურობის პრობლემა. ვუთხარი მოსამართლეს, რომ ორი გამომძიებლის ჰაერში გასროლისთვის დაპატიმრება უარყოფითად და დამანგრევლად აისახებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე-პოლიციელები ვეღარ, ან აღარ შეძლებდნენ ეფექტური ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელებას დაკავების და პასუხისგების შიშით. ასევე, ცალკეული მაღალი რისკების შემცველი ჯგუფები მიზანმიმართულად მოახდენდნენ პოლიციელთა შევიწროვებას და მათ მიმართ ძალადობას.

   მიგვაჩნია, რომ ეს საქმე შსს-ს მიერ დაანონსებული კრიმინალური პოლიციის ე.წ. „რებრენდინგის“ ნაწილია. ყველაზე უპატრონო პოლიციელებს საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან მათი ელემენტარული გადაცდომები შესაძლოა, შეფასდეს დანაშაულად და მათ მოუწევთ კანონის წინაშე ე.წ. პასუხისგება.

   ჩემს მიერ წარმოებულმა დაცვითმა ტაქტიკამ და მოვლენების ანალიზმა ასახვა ჰპოვა უმალვე და პოლიციელთა დაპატიმრებიდან ორ დღეში, 2018 წლის 13 იანვარს გარკვეული უხერხული ინციდენტი გამოიწვია-დაჭრილია სამი ადამიანი, რომელიც წესრიგს იცავდა, დაცვის ორი თანამშრომელი და პოლიციის მაღალჩინოსანი. მე არ მსურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ცალკეულ ფაქტებზე არ ვისაუბრებ სამართლებრივი სიზუსტით, თუმცა ფაქტია, ის რაზედაც დაცვის მხარე 2018 წლის 11 იანვარს საუბრობდა ერთი საათის განმავლობაში სასამართლოს დარბაზში და რომელ მსჯელობასაც, მჯერა, იქ მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმებოდა (გარდა მოსამართლისა), იყო სამწუხარო რეალობა და ამ რეალობამ უმალვე თავი იჩინა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

  ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სტატუსისა და თანამდებობისა დაცული უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ისე სამართლებრივად და ამის გარანტი უნდა გახდეს სახელმწიფო, თავისი ეფექტური და ჯანსაღი ინსტიტუტებით.

შეგახსენებთ, რომ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმეზე არსებით განხილვას რუსთავის სასამართლო, თებერვლის ბოლოს დაიწყებს. მანამდე კი ადვოკატები აღმკვეთის შესახებ დღევანდელ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close